Baby Bag

საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი
„საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი,“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, კოვიდის 11746 აქტიური შემთხვევაა, ჰოსპიტალიზებულია 3707 (31.5%).
​MomsEdu.ge გთავაზობთ მაია ბუწაშვილის პოსტს:
„ამჟამად კოვიდის მქონეთა დაახლოებით 1/3 იმყოფება სტაციონარში. ეს მაჩვენებელი, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ მაინცდამაინც საქართველოში უფრო მეტ ადამიანს აქვს კოვიდის ის ფორმა, რომელიც სტაციონარს საჭიროებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აშკარაა, რომ ჰოსპიტალიზაცია უტარდებათ იმათაც, ვისთვისაც ეს აუცილებელი არ არის. ფაქტია, ზოგიერთი ექიმი ზედმეტად ფრთხილობს და ურჩევნია სტაციონარში გადაამისამართოს პაციენტები, ვიდრე მართოს ბინაზე (და ეს გარკვეულწილად გასაგებია), ასევე დიდია ექიმებზე წნეხი პაციენტების მხრიდანაც, რომლებიც ზოგჯერ დაჟინებით მოითხოვენ საავადმყოფოში გადაყვანას (ცხადია, გადაწყვეტილება ექიმის მისაღებია, მაგრამ ზოგჯერ პასუხისმგებლობის ბოლომდე თავზე აღება არც ისე ადვილია ამ პირობებში).

​არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც კონსულტირებულ პაციენტს ნამდვილად არ ჭირდებოდა სტაციონარი და სრულიად მშვიდად შეიძლებოდა მისი ბინაზე დატოვება, და მეორე დღეს აღმომიჩენია, რომ ეს პაციენტი ჰოსპიტალშია, რადგან თვითონ ან ოჯახი „მაინც უფრო მშვიდად იქნება“. არადა, სტაციონარში ყოფნა სულაც არ არის სრული გარანტია, რომ გართულებას არავითარ შემთხვევაში ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია ზედმეტი, არასაჭირო მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

​შეიძლება ვიღაცამ მიპასუხოს, რომ ზედმეტი სიფრთხილე არაფერს აშავებს და ამით მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ გაზაფხულზე რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო შემოდგომით. ანუ პროცენტულად ახლა მეტი ადამიანი გვეღუპება. ეს გასაკვირია იმ ფონზე, რომ გამოცდილება მეტი დაგროვდა და კლინიკური მართვაც უფრო უკეთესად უნდა ხდებოდეს.

​ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა გვენახა კლინიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ (დინამიკა დროში, ასაკობრივ და რეგიონულ ჭრილში, თანმხლები დაავადებების და ჰოსპიტალიზაციის ვადების მიხედვით და ა.შ.).

​ასევე საინტერესო იქნებოდა, რა კლინიკური სარგებელი მოიტანა რემდესევირმა. ჩვენ გვახსოვს, პირობა იყო ასეთი, რომ თუ რემდესევირი „გაამართლებდა“, ახალ პარტიას შემოვიტანდით. ამიტომ საინტერესოა, გაამართლა თუ არა და რა კრიტერიუმებით ვმსჯელობთ ამაზე.

​შესაძლებლობის ფარგლებში ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ შტამების შედარება, რომლითაც ინფიცირებულნი იყვნენ გარდაცვლილები და გამოჯანრთელებულები.

​მოკლედ, არა მგონია, ეს კითხვები მარტო მე მაწუხებდეს და ვიცი, ბევრს აინტერესებს,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

​4 ანალიზი, რომელიც უნდა გაიკეთოთ კოვიდინფიცირების დროს

​4 ანალიზი, რომელიც უნდა გაიკეთოთ კოვიდინფიცირების დროს

რა ანალიზების გაკეთება ხდება საჭირო კოვიდინფიცირების დროს? - აღნიშნულ თემაზე ​ექიმი რეზიდენ​ტი ნანა სხილაძე წერს. როგორც ექიმი აღნიშნავს, კოვიდინფიცირების დროს საჭიროა შემდეგი ანალიზების გაკეთება:

  • სისხლის საერთო
  • C-რეაქტიული ცილა
  • D-დიმერი
  • კოაგულოგრამა

​სისხლის საერთო:

სისხლის საერთო ანალიზში კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით უმეტესად მნიშვნელოვანია:

  • ლეიკოციტური - ნორმის საზღვრები N (4.4 - 11.3 )
  • თრომბოციტური ფორმულა - ნორმის საზღვრები N (177 - 393)
ლეიკოციტები სისხლში წარმოდგენილია სხვადასხვა სახით:
ესენია:

  • ნეიტროფილებით - ნორმის საზღვრები N (50 - 70)
  • ეოზინოფილებით - ნორმის საზღვრები H (0 - 5)
  • ბაზოფილებით - ნორმის საზღვრები N (0 - 1)
  • აგრანულოციტებით (ლიმფოციტები ნორმის საზღვრები N (20 - 40) და მონოციტები ნორმის საზღვრები - N (4 - 10).
თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დაავადების დროს მათი რაოდენობა იცვლება.

​​ნეიტროფილების მომატება ინფექციების, ანთებითი პროცესების, სისხლის დაავადებების, ოპერაციების შემდეგ შეინიშნება. მათი ახალგაზრდა ფორმების მომატებას ფორმულის მარცხნივ გადახრას უწოდებენ. რაც უფრო მწვავეა პროცესი, მით უფრო მკვეთრია გადახრა.


​ნეიტროპენიას - (ნეიტროფილების ნაკლებობას) იწვევს ვირუსული დაავადებები, თირეოტოქსიკოზი და სხვა.


​ეოზინოფილები - იმატებს ალერგიული პროცესების, ჰელმინთოზების დროს. ტრავმისა და სტრესის ფონზე ყალიბდება ანეოზინოფილია (სისხლში ეოზინოფილების არარსებობა).


​ლიმფოციტების დიდი რაოდენობით სისხლში გადმოსვლა ხდება ვირუსული პროცესების, სისხლის დაავადებების, ტუბერკულოზის დროს და სხვა.


​ლიმფოციტოპენია (ლიმფოციტების შემცირება) ვითარდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობის, რადიაციული ზემოქმედების შედეგად.


​მონოციტები - სისხლის ყველაზე დიდი უჯრედებია. ისინი ანადგურებენ ცოცხალ და მკვდარ მიკრობებს, ანტიგენ-ანტისხეულების კომლექსებს, რომლებიც ვირუსებთან, ბაქტერიებსა და მათ ტოქსინებთან ბრძოლისას წარმოიქმნება. მათი რაოდენობა იმატებს სეპტიკური პროცესების, ლორწოვანის გაღიზიანების დროს.

​მონოციტოპენია (მონოციტების შემცირება) ყალიბდება სიმსივნური პროცესების უკანასკნელ ეტაპზე.

​თრომბოციტები სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედებია. წარმოიქმნება ძვლის ტვინში და ცოცხლობს 7-10 დღე. მონაწილეობს სისხლის შედედებაში, აქვს ანგიოტროფული ფუნქცია, ახდენს შედედების ფაქტორების ტრანსპორტირებას, უზრუნველყოფს სისხლძარღვის სპაზმს.

​თრომბოციტოპენია - (თრომბოციტების ნაკლებობა) თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება.


​თრომბოციტოპათია - მათი ფუნქციის დარღვევა სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს.


​თრომბოციტოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით თრომბიციტებს. თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში. თუ მდგომარეობა გამოწვეულია სხვა დაავადებით, მაგალითად ინფექციით, მას რეაქტიული თრომბოციტოზი ანუ მეორადი თრომბოციტემია ეწოდება.


​ექიმმა შეიძლება თრომბოციტოზი აღმოაჩინოს სისხლის საერთო ანალიზის შედეგად. თუ სისხლის ანალიზი გიჩვენებთ თრომბოციტოზს, მნიშვნელოვანია დადგენა რეაქტიულია თრომბოციტოზი თუ ესენციური, რომლის დროსაც უფრო დიდი რისკია თრომბების წარმოქმნის.


​C რეაქტიული ცილა (CRP)


​CRP არის მწვავე ფაზის რეაქტანტი, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ანთების დროს. ანთების დროს ორგანიზმში გამოყოფილი CRP ააქტიურებს კომპლემენტს, რასაც შემდგომში მოყვება ფაგოციტოზი მაკროფაგების მიერ.


​რატომ კეთდება CRP-ს ტესტი?


​CRP-ს ძირითადად იყენებენ ორგანიზმში ანთებითი პროცესის მიმდინარეობის დასადგენად. CRP აგრეთვე გამოიყენება სისტემური დაავადებების მიმდინარეობის შესაფასებლად (მაგ; რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტები), ასევე ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობის დასადგენად.


​როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?

​სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი.

​რას ნიშნავს მომატებული CRP?

​ტესტის დადებითი შედეგი ორგანიზმში ანთების მანიშნებელია.

​CRP მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:

  • ინფექციები
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები
  • რევმატოიდული ანთება
  • რევმატოიდული ცხელება


​(საჭირო ინფორმაცია) - CRP მატულობს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და კონტრაცეფტივების მიღების შემდეგ.

ნორმის საზღვრებია:

CRP mg/L H(<5)


​D-დიმერი


​D-დიმერი არის ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი, პატარა ზომის ცილის ფრაგმენტი, რომელიც სისხლში კოლტის დაშლის შედეგად ჩნდება.


​D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.


​რატომ კეთდება D-დიმერის ტესტი?


​D-დიმერის ტესტი კეთდება ორგანიზმში თრომბის არსებობის გამოსარიცხად.


​D-დიმერის ტესტი გამოიყენება საშუალო და დაბალი რისკის მქონე პაციენტებში (თრომბის განვითრების თვალსაზრისით) პულმონური ემბოლიისა და ღრმა ვენური თრომბოზის გამოსარიცხად.


​როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?


​სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი.


​რას ნიშნავს მომატებული D-დიმერი?

D-დიმერი ნორმაში <400ng/ml


​მომატებული D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.


​D-დიმერი მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:

  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
  • ღრმა ვენური თრომბოზი;
  • DIC - სინდრომი (დისემინებული, ინტრავასკულური კოაგულაცია) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხძარღვებში სისიხლის მიმოქცევის დარღვევა, ფიბრინოლიტიკური და სისხლის მიმოქცევის სისტემის კომპონენტების გამოფიტვა, თრომბოზისკენ და სისხლის შედედებისკენ მიდრეკილება, ორგანოებში მიკროცირკულაციის დარღვევა, რასაც მივყავართ მისი დისტროფიისა და დისფუნქციისკენ.
  • აორტის განშრევება;
  • ღვიძლის კარის ვენის თრომბოზი

კოაგულოგრამა
  • კოაგულოგრამა მნიშვნელოვან ინფორმაციას გავწვდის:
  • სისხლდენების,
  • ქირურგიული ჩარევების,
  • თრომბოზების განვითარებისა და მათი პროფილაქტიკის, 
  • სისხლძარღვოვანი დაავადებების,
  • ღვიძლის დაავადებების,
  • ინსულტებისა და ინფარქტების დროს.

​გარდა ამისა, ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას ის ეხმარება ექიმს, სწორად შეურჩიოს პაციენტს ანტიკოაგულანტის დოზა. ასევე კოაგულოგრამით ფასდება თრომბოზის რისკი ორსულობისა და პერორალური კონტრაცეპტივების მიღების პერიოდში.

ამ დროს რეკომენდებულია კვლევის 3 თვეში ერთხელ ჩატარება. პროფილაქტიკის მიზნით კოაგულოგულოგრამის ჩატარების სიხშირე პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდებისთვის ის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ხანდაზმულებისთვის - 6 თვეში ერთხელ.

რა მაჩვენებლებს მოიცავს კოაგულოგრამა?

კოაგულოგრამა მოიცავს:

​აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT); APTT - ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული ტესტია სისხლის შედედების სისტემაზე წარმოდგენის შესაქმნელად. ნორმის საზღვრები - L (24.3 - 36.9)
პროთრომბინის დროს (PT); (ნორმის საზღვრები) H (9.1 - 12.1)
პროთრომბინის ინდექსს (PI); ნორმის საზღვრები - L (>70)
(INR); ნორმის საზღვრები H(0.9 - 1.2)
ფიბრინოგენის კონცენტრაციას; ნორმის საზღვრები H(2.2 - 4.9).

ჯანმრთელობას გისურვებთ!

წაიკითხეთ სრულად