Baby Bag

საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი
„საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი,“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, კოვიდის 11746 აქტიური შემთხვევაა, ჰოსპიტალიზებულია 3707 (31.5%).
​MomsEdu.ge გთავაზობთ მაია ბუწაშვილის პოსტს:
„ამჟამად კოვიდის მქონეთა დაახლოებით 1/3 იმყოფება სტაციონარში. ეს მაჩვენებელი, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ მაინცდამაინც საქართველოში უფრო მეტ ადამიანს აქვს კოვიდის ის ფორმა, რომელიც სტაციონარს საჭიროებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აშკარაა, რომ ჰოსპიტალიზაცია უტარდებათ იმათაც, ვისთვისაც ეს აუცილებელი არ არის. ფაქტია, ზოგიერთი ექიმი ზედმეტად ფრთხილობს და ურჩევნია სტაციონარში გადაამისამართოს პაციენტები, ვიდრე მართოს ბინაზე (და ეს გარკვეულწილად გასაგებია), ასევე დიდია ექიმებზე წნეხი პაციენტების მხრიდანაც, რომლებიც ზოგჯერ დაჟინებით მოითხოვენ საავადმყოფოში გადაყვანას (ცხადია, გადაწყვეტილება ექიმის მისაღებია, მაგრამ ზოგჯერ პასუხისმგებლობის ბოლომდე თავზე აღება არც ისე ადვილია ამ პირობებში).

​არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც კონსულტირებულ პაციენტს ნამდვილად არ ჭირდებოდა სტაციონარი და სრულიად მშვიდად შეიძლებოდა მისი ბინაზე დატოვება, და მეორე დღეს აღმომიჩენია, რომ ეს პაციენტი ჰოსპიტალშია, რადგან თვითონ ან ოჯახი „მაინც უფრო მშვიდად იქნება“. არადა, სტაციონარში ყოფნა სულაც არ არის სრული გარანტია, რომ გართულებას არავითარ შემთხვევაში ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია ზედმეტი, არასაჭირო მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

​შეიძლება ვიღაცამ მიპასუხოს, რომ ზედმეტი სიფრთხილე არაფერს აშავებს და ამით მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ გაზაფხულზე რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო შემოდგომით. ანუ პროცენტულად ახლა მეტი ადამიანი გვეღუპება. ეს გასაკვირია იმ ფონზე, რომ გამოცდილება მეტი დაგროვდა და კლინიკური მართვაც უფრო უკეთესად უნდა ხდებოდეს.

​ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა გვენახა კლინიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ (დინამიკა დროში, ასაკობრივ და რეგიონულ ჭრილში, თანმხლები დაავადებების და ჰოსპიტალიზაციის ვადების მიხედვით და ა.შ.).

​ასევე საინტერესო იქნებოდა, რა კლინიკური სარგებელი მოიტანა რემდესევირმა. ჩვენ გვახსოვს, პირობა იყო ასეთი, რომ თუ რემდესევირი „გაამართლებდა“, ახალ პარტიას შემოვიტანდით. ამიტომ საინტერესოა, გაამართლა თუ არა და რა კრიტერიუმებით ვმსჯელობთ ამაზე.

​შესაძლებლობის ფარგლებში ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ შტამების შედარება, რომლითაც ინფიცირებულნი იყვნენ გარდაცვლილები და გამოჯანრთელებულები.

​მოკლედ, არა მგონია, ეს კითხვები მარტო მე მაწუხებდეს და ვიცი, ბევრს აინტერესებს,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

შელოცვა COVID 19-ისა გურულების მიერ

შელოცვა COVID 19-ისა გურულების მიერ

შელოცვა COVID 19-ისა გურულების მიერ - აღნიშნული შელოცვა სოციალურ ქსელში მანანა ჯინჭარაძემ გაავრცელა. მას უამრავი მოწონება და კომენტარი მოჰყვა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სახალისო პოსტია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. იგი ერთადერთ მიზანს - კარანტინის დროს ადამიანების განწყობის ამაღლებას ემსახურება. 

შელოცვამდე კარგად დაიბანეთ ხელები, აიფარეთ პირბადე, გაიკეთეთ ხელთათმანები.

სახელითა გამყრელიძისათა, ცერცვაძისათა, იმნაძისათა,

,,შემოგევლე კორონიკო,
ნუ აგვირევ ქორონიკონს".
რო დაგვყავი კლასტერებად,
გედვიქეცით მასტერებად.

კოვიდიე, კორონიე,
რა ხარ, რა ეროვანი ხარ,
ჩინელი ხარ, რუსი ხარ,
ამერიკელი ხარ, კოსმოსელი ხარ,
ნამდვილი ხარ, ტყვილი ხარ,
ეიარე, დეიარე
ფეხის ფჩხილით გეიარე,
ფილტვში ხარ, ცხვირში გამოი,
ცხვირში ხარ, გარეთ გამოი,
ხელის და ფეხის ფჩხილებიდან გამოი,
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,
ფერიც დუუტიე,
ხორციც დუუტიე,
ჭკვა და ცნება დუუტიე,
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,

როის მოი, როის მიხვალ,
ორშაფათს მიხვალ, ორშაფათს წაი,
სამშაფათს მიხვალ, სამშაფათს წაი,
ოთხშაფათს მიხვალ, ოთხშაფათს წაი,
ხუთშაფათს მიხვალ, ხუთშაფათს წაი,
პარასკევს მიხვალ, პარასკევს წაი,
შაფათს მიხვალ, შაფათს წაი,
კვირას მიხვალ,კვირას წაი,
მოუსავლეთში წაი, მარილზე წაი,
გაღმა გაი, ჯანდაბაში წაი.
წაი ოღონდ, დროზე წაი.
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,

"შემოგევლე კორონიკო,
ნუ აგვირევ ქორონიკონს". ( 3-ჯერ)

შემდგომ, კარგად დაიბანეთ ხელები, დაასუფუთავეთ სამოსი და ბინა, დარჩით სახლში.

(ინსპირაცია და-ძმა ანდღულაძეებისა) დავით ანდღულაძე სოფიო ანდღულაძე

წაიკითხეთ სრულად