Baby Bag

საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი
„საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი,“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, კოვიდის 11746 აქტიური შემთხვევაა, ჰოსპიტალიზებულია 3707 (31.5%).
​MomsEdu.ge გთავაზობთ მაია ბუწაშვილის პოსტს:
„ამჟამად კოვიდის მქონეთა დაახლოებით 1/3 იმყოფება სტაციონარში. ეს მაჩვენებელი, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ მაინცდამაინც საქართველოში უფრო მეტ ადამიანს აქვს კოვიდის ის ფორმა, რომელიც სტაციონარს საჭიროებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აშკარაა, რომ ჰოსპიტალიზაცია უტარდებათ იმათაც, ვისთვისაც ეს აუცილებელი არ არის. ფაქტია, ზოგიერთი ექიმი ზედმეტად ფრთხილობს და ურჩევნია სტაციონარში გადაამისამართოს პაციენტები, ვიდრე მართოს ბინაზე (და ეს გარკვეულწილად გასაგებია), ასევე დიდია ექიმებზე წნეხი პაციენტების მხრიდანაც, რომლებიც ზოგჯერ დაჟინებით მოითხოვენ საავადმყოფოში გადაყვანას (ცხადია, გადაწყვეტილება ექიმის მისაღებია, მაგრამ ზოგჯერ პასუხისმგებლობის ბოლომდე თავზე აღება არც ისე ადვილია ამ პირობებში).

​არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც კონსულტირებულ პაციენტს ნამდვილად არ ჭირდებოდა სტაციონარი და სრულიად მშვიდად შეიძლებოდა მისი ბინაზე დატოვება, და მეორე დღეს აღმომიჩენია, რომ ეს პაციენტი ჰოსპიტალშია, რადგან თვითონ ან ოჯახი „მაინც უფრო მშვიდად იქნება“. არადა, სტაციონარში ყოფნა სულაც არ არის სრული გარანტია, რომ გართულებას არავითარ შემთხვევაში ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია ზედმეტი, არასაჭირო მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

​შეიძლება ვიღაცამ მიპასუხოს, რომ ზედმეტი სიფრთხილე არაფერს აშავებს და ამით მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ გაზაფხულზე რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო შემოდგომით. ანუ პროცენტულად ახლა მეტი ადამიანი გვეღუპება. ეს გასაკვირია იმ ფონზე, რომ გამოცდილება მეტი დაგროვდა და კლინიკური მართვაც უფრო უკეთესად უნდა ხდებოდეს.

​ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა გვენახა კლინიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ (დინამიკა დროში, ასაკობრივ და რეგიონულ ჭრილში, თანმხლები დაავადებების და ჰოსპიტალიზაციის ვადების მიხედვით და ა.შ.).

​ასევე საინტერესო იქნებოდა, რა კლინიკური სარგებელი მოიტანა რემდესევირმა. ჩვენ გვახსოვს, პირობა იყო ასეთი, რომ თუ რემდესევირი „გაამართლებდა“, ახალ პარტიას შემოვიტანდით. ამიტომ საინტერესოა, გაამართლა თუ არა და რა კრიტერიუმებით ვმსჯელობთ ამაზე.

​შესაძლებლობის ფარგლებში ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ შტამების შედარება, რომლითაც ინფიცირებულნი იყვნენ გარდაცვლილები და გამოჯანრთელებულები.

​მოკლედ, არა მგონია, ეს კითხვები მარტო მე მაწუხებდეს და ვიცი, ბევრს აინტერესებს,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

როდისაა სააღდგომო დასვენების დღეები და ებმის თუ არა კორონავირუსის გამო გამოცხადებულ არდადეგებს?

როდისაა სააღდგომო დასვენების დღეები და ებმის თუ არა კორონავირუსის გამო გამოცხადებულ არდადეგებს?

წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 19 აპრილსაა. სკოლები სააღდგომოდ წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომასა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის შემდეგი ორშაბათი) დაისვენებენ (17, 18, 19, 20 აპრილი).

როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა (იხილეთ ბრძანება).

გამომდინარე აქედან, კორონავირუსის გამო დაწყებული არდადეგები აღდგომის დღესასწაულის დასვენების დღეებს არ ებმის. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად