Baby Bag

კოვიდ-19 ის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდეს - უახლესი კვლევის შედეგები

კოვიდ-19 ის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდეს - უახლესი კვლევის შედეგები

ადამიანებს, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს, კორონავირუსისადმი მყარი იუმინიტეტი უყალიბდებათ, რომელიც მათ განმეორებითი ინფიცირებისგან რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაიცავს, მაშინაც კი, თუ ვირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანეს. აღნიშნულ დასკვნამდე ამერიკაში მეცნიერ-მკვლევართა ორი ჯგუფი ერთმანეთის პარალელურად მივიდა. პირველი კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. კვლევას ვაშინგტონის უნივერისტეტის იმუნოლოგები აწარმოებდნენ. მეორე კვლევა კი როკფელერის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის კოლექტივმა გამოაქვეყნა.

​მეცნიერები თვლიდნენ, რომ კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ხანგრძლივად არ ნარჩუნდება. მკვლევარები ამ დასკვნამდე მიდიოდნენ იმ მრავალრიცხოვან მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ამტკიცებდა, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებში ანტისხეულების რიცხვი კოვიდის გადატანიდან რამდენიმე თვეში სწრაფად იკლებდა.

მეცნიერთა უმრავლესობა თვლიდა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი 1,5-2 წლის მანძილზე შენარჩუნდებოდა. ახალი აღმოჩენები კი მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. მეცნიერები საზოგადოებას მოუწოდებენ სასიამოვნო ახალ ამბავს თავშეკავებული ოპტიმიზმით შეხვდნენ და დროზე ადრე კოვიდზე გამარჯვებას ნუ იზეიმებენ. პრაქტიკაში კოვიდ-19-ით განმეორებით დაინფიცირების ფაქტები უკვე აღწერილია. კოვიდის გადატანის შემდეგ კი ხანგრძლივი იმუნიტეტის გამომუშავება ჯერ მხოლოდ თეორიაა, თუმცა აღნიშნული თეორიაც საკმაოდ სარწმუნოდ გამოიყურება.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარები კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტების სისხლს სწავლობდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ პაციენტებში დროთა განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების რიცხვი სწრაფად მცირდებოდა, თუმცა ​გარკვეული დროის შემდეგ ანტისხეულების რიცხვმა კლება შეწყვიტა და პლატოს ეტაპი დაიწყო. კოვიდ-19-ით ინფიცირებიდან 11 თვის გასვლის შემდეგ მეცნიერებმა პაციენტების ორგანიზმში სპეციალური უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას უზრუნველყოფდა. მეცნიერების მტკიცებით, აღნიშნული უჯრედები ადამიანის ორგანიზმში მანამ დარჩება, ვიდრე ის ცოცხალია, შესაბამისად​ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტიც ხანგრძლივად შენარჩუნდება.

მეცნიერები, რომლებსაც კვლევებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ამ ეტაპზე გვირჩევენ, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ და აღნიშნულ სიახლეს ზომიერი ოპტიმიზმით შევხვდეთ.

მომზადებულია ​bbc.com - ის მიხედვით

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

,,კოვიდის მიმართ იმუნიტეტი გრძელდება მინიმუმ 1 წელი. რეინფექციის მაჩვენებელი არის ძალიან დ...
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კოვიდის გადატანის შემდეგ ბუნებრივ იმუნიტეტზე საუბრობს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:,,ხშირად სვამენ კითხვას, რამდენ ხანს გრძელდება ბუნებრივი...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ავიცრათ თუ არა? - პასუხი, ჩემთვის ცალსახაა...რომელი ვაქცინაა საუკეთესო?'' - ვაქცინაციაზე ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი საუბრობს

,,ავიცრათ თუ არა? - პასუხი, ჩემთვის ცალსახაა...რომელი ვაქცინაა საუკეთესო?'' - ვაქცინაციაზე ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი საუბრობს
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ჩინური ვაქცინის და ზოგადად ვაქცინაციის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge​ უცვლელად გთავაზობთ:

,,პრესაში (ვაშინგტონ პოსტი, როიტერი) გამოქვეყნებული ინფორმაციით, სინოფარმის მწარმოებლის მიერ გავრცელებული პრესრილიზის თანახმად, ამ ვაქცინის ეფექტურობა 79%-ს აღწევს. იქვე აღნიშნულია, რომ მწარმოებელი ირწმუნება, ვაქცინა უსაფრთხოა. კვლევის ორიგინალი, რასაც პრესრილიზი ემყარება, არსად გამოქვეყნებულა. სინოფარმს არ გამოუქვეყნებია კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემები. კვლევის სწორედ ეს ფაზა იძლევა ინფორმაციას ეფექტურობაზე.

ჩინეთის კოვიდის სტატისტიკა შთამბეჭდავად გამოიყურება. რამდენად შეიძლება ეს ვაქცინის დამსახურებად ჩაითვალოს რთული სათქმელია, რადგან, ჩინეთს, ჯერჯერობით მხოლოდ 200 მილიონი დოზა აქვთ გამოყენებული. ეს არ ნიშნავს 200 მილიონ სრულად აცრილ ადამიანს, რადგან ჩინური ვაქცინა ორდოზიანია. თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის მილიარდიან პოპულაციას, აცრილების წილი არც ისე მნიშვნელოვანი გამოდის. აცრილებს, სავარაუდოდ, დაავადების გადატანით მიღწეული იმუნიტეტის მქონენიც ემატებიან. არც ეს ინფორმაცია მოიპოვება ასე საჯაროდ და ზუსტად არ ვიცი, რამდენად სერიოზულია კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიტეტის წილი ჩინურ კოვიდ სტატისტიკაში. ორივე მრუდი, დაავადების გავრცელების და სიკვდილობის მაჩვენებლის, ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება.

საპირისპირო მონაცემები აქვთ ჩილეს და საუდის არაბეთს. ორივე უმეტესად ჩინური სინოფარმით აიცრა. ორივეგან მზარდია ინფიცირებაც და სიკვდილობაც. აქაც გაურკვეველია რაიმე სხვა ფაქტორები ხომ არ განაპირობებს კოვიდ ტენდენციებს.

მეორეს მხრივ არსებობს ბრიტანეთი და ისრაელი. ფაიზერით და ასტრაზენეკათი აცრილი. ორივეგან საიმედოა კოვიდ-მრუდები. ორივე ქვეყანა უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

იმედია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სიცხადეს შეიტანს ჩინური ვაქცინების ისტორიაში. ავტორიზაციის პროცესში აუცილებელი პირობაა უმცირეს ნიუანსებზე წვდომაც. ასევე, ავტორიზაციის აუცილებელი პირობაა მინიმუმ 50%-იანი ეფექტურობა. ალბათ, გააზიარებენ საჯაროდ, რას მისცეს ავტორიზაცია. ამერიკული წამლის სააგენტო ამ მხრივ საოცრად გაბედულად და პატიოსნად მოიქცა. პირდაპირ ეთერში გადასცა ავტორიზაციის პროცესი. მთელი სამუშაო პროცესი ასევე, პრაქტიკულად საჯარო იყო. უამრავი ინტერვიუ მისცეს ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა და ძალიან გახსნილი და ღია გზავნილებით ესაუბრნენ საზოგადოებას. შედეგიც სახეზეა, ამერიკულ ვაქცინებს ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. კვლევებიც აჩვენებენ, ავტორიზაციის პროცესის საჯაროობამ ხელი შეუწყო ვაქცინების სკეპტიციზმის დაძლევას.

მთელი პანდემიური პერიოდის განმავლობაში, გულწრფელად ვცდილობ, არაექიმისთვის გასაგებ ენაზე მოგაწოდოთ პროფესიული ინფორმაცია, რასაც მე ყოველდღიურად ვეცნობი. ვდილობ გაგიზიაროთ ჩემი კლინიკური გამოცდილება და ამ ჭრილიდან აგიხსნათ ამა თუ იმ სამკურნალო/დიაგნოსტიკური მიდგომების რისკები და სარგებელი და ვაქცინაციის თავისებურებები. პატიოსნად და გულწრფელად გაწვდით ყველაფერს რაც ვიცი, მათ შორის განსაკუთრებით ბევრს და დეტალებში ვსაუბრობ ვაქცინაცის რისკებზეც, რადგან ვთვლი რომ ამის ცოდნა აუცილებელია სწორი და უსაფრთხო გადაწყვეტილების მისაღებად.

ყველაფრის გათვალისწინებით, ვთვლი, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასასრულებლად. უსასრულოდ პირბადეში და კარანტინში გამომწყვდეულები ვერ ვიქნებით. დიახ, ჩვენ არ ვიცით ვაქცინების გრძელვადიანი ეფექტები, რადგან დრო არ გასულა საკმარისი. ხუთი წლის შემდგომ შედეგებზე მხოლოდ ხუთწლიანი დაკვირვების შემდეგ გვეცოდინება. თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, იგივე პრობლემაა კოვიდთან მიმართებაშიც. არაფერი ვიცით რა გამოვლინება ექნება ხუთი წლის მერე დღეს გადატანილ დაავადებას. სანაცვლოდ ვიცით რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული თრომბოზული გართულებები შეუდარებლად მაღალია ყველა ვაქცინის ერთად აღებულ რისკებთან შედარებით. დანამდვილებით ვიცით, კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილობა წარმოუდგენლად აღემატება იმ ერთეულ შემთხვევებს რაც ვაქცინაციის პროცესს ახლდა თან. ნამდვილად ვიცით, კოვიდი ხშირ შემთხვევაში კლავს, ვაქცინები კი სიკვდილისგან იცავს.

 ავიცრათ თუ არა? - პასუხი, ჩემთვის ცალსახაა, დიახ, უნდა ავიცრათ.

 რომელი ვაქცინაა საუკეთესო? - ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია.

 რა შეიძლება გაკეთდეს ვაქცინაციის რისკების თავიდან ასაცილებლად? - იდეალურად უნდა შეირჩეს სამიზნე ჯგუფები და თუ არჩევანი არსებობს უსაფრთხოების მიხედვით გადანაწილდეს ვაქცინები. რას ვგულისხმობ ამაში. მე რომ მეკითხებოდეს, ასტრაზენეკაზე დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვას შევინარჩუნებდი, მაგრამ დავუშვებდი გამონაკლისს, როცა ადამიანი თვითონ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, იმ ვაქცინით აიცრას რომელიც მის ასაკში მომეტებულ რისკს შეიცავს. მეტი სიმარტივისთვის საკუთარ მაგალითზე ავხსნი. მე რომ საქართველოში, ვიყო ექიმი... ექიმის ინფიცირების რისკი იდეალური დაცვის პირობებშიც კი მაღალია. აქედან გამომდინარე, აცრით მიღებული იმუნიტეტი გადამწყვეტი ხდება უსაფრთხო მუშაობისთვის. ასაკით და სქესით ვეკუთვნი ასტრაზენეკას თრომბოზული გართულებების რისკ-ჯგუფს. თუმცა, არაჩვეულებრივად ვიცი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დანამდვილებით ვიცი, არ მაქვს არანაირი პირადი თუ გენეტიკური რისკ ფაქტორი, რაც შეიძლება თეორიულად იყოს წინაპირობა ავტოიმუნური ტიპის თრომბოზული პროცესის განვითარებისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩემთვის უიშვიათესი თრომბოზების განვითარების რისკი უმცირესი იქნება. დახლოებით ისეთივე როგორიც, ფრენისას ავიაკატასტროფის რისკია, ან მანქანის ტარებისას ავტოკატასტროფისა. მანქანას ამ რისკის გათვალისწინებით ყოველ დღე ვატარებ და ფრენითაც ძალიან ხშირად დავფრინავ. სწორედ ამავე პრინციპით, ამ რისკების ცოდნით ავიცრებოდი ასტრაზენეკათი. ამგვარად მოფიქრალი საქართველოში ბევრი მეგულება და მათთვის ასტრაზენეკათი აცრის შესაძლებლობა აუცილებლად ღია უნდა იყოს. სახელმწიფოს შეუძლია თავი დაიზღვიოს და ამ ადამიანებს შესთავაზოს სპეციალური პირობები. აცრამდე ხელი მოაწერინოს ინფორმირებულ თანხმობაზე და პირობებში ჩამოთვალოს რისკები, რაც ასტრაზენეკას გამოყენებას შეიძლება ახლდეს თან, ახალგაზრდა ასაკში. ეს გართულებები იმდენად სპორადულია, მართლა მილიონები უნდა აცრა რომ ერთი გამოვლინდეს. ამდენი მილიონი ჩვენ არც ვართ. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ უნარი თავად იკისრონ პასუხისმგებლობა საკუთარ ბედზე, უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება. ადამიანების უმრავლესობას ასეთი ძალა არ აქვს და მათ სახელმწიფო ან ექიმი სჭირდებათ, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარონ. მათთვის იყოს შეზრუდვები რასაც სახელმწიფო თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე აწესებს. როცა სახელმწიფოს არ აქვს უნარი მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს ცხადია თავის დაზღვევა სჯობს რათა ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს.

დავუბრუნდები ისევ ჩინურ ვაქცინას. ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით? - ჯერჯერობით დაველოდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის საბჭოს დასკვნას. თუ საბჭო აღიარებს რომ ვაქცინა უსაფრთხოა, თუნდაც ნაკლებად ეფექტური, ცხადია, სხვა არჩევანის არ არსებობის პირობებში, არაფერს ვამჯობინებდი. თუ ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია, ალბათ შედარებით ნაკლები რისკების ჯგუფებში გამოვიყენებდი, რადგან მათ ისედაც მცირე აქვთ სასიკვდილო გართულებების საფრთხე. ოდნავი დაცვის პირობებში კი ეს რისკები, წესით, უმნიშვნელომდე უნდა შემცირდეს.

მთავარი დასკვნა ამ ყველაფრიდან:

• ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს;
• საუკეთესო ის ვაქცინაა რაზეც ხელი მიგიწვდებათ;
• გაიაზრეთ თქვენი რისკები და ვაქცინით მიღებული სარგებელი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება;
• ეცადეთ თქვენი გადაწყვეტილება იდეალურად ინფორმირებული იყოს.

P.S. იმდენად მაღალია საზოგადოებრივი და პროფესიული წნეხი ვაქცინების შექმნის და აცრის პროცესზე, მონაცემების გაყალბება ადვილი ვერ იქნება. ვფიქრობ, უნდა ვენდოთ ოფიციალური სტრუქტურების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი. 

წაიკითხეთ სრულად