Baby Bag

რომელი დაავადებების რისკი მატულობს ზაფხულში? - ლევან ბაიდოშვილის რჩევები და რეკომენდაციები

რომელი დაავადებების რისკი მატულობს ზაფხულში? - ლევან ბაიდოშვილის რჩევები და რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც ზაფხულში გარკვეული დაავადებების შემთხვევები მატულობს:

„ის დაავადებები, რომლებიც გვხვდება ზაფხულში, გვხვდება ზამთარშიც. აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად უფრო გავრცელებადია ეს დაავადებები მოსახლეობაში. დიარეული დაავადებები ზამთარშიც არის, მაგრამ თუ მთელი წლის განმავლობაში გვაქვს დიარეული დაავადებების 15-16 ათასი შემთხვევა, ივნისიდან სექტემბრამდე გვაქვს 8000-მდე, ანუ ნახევარი შემთხვევების ამ პერიოდზე მოდის. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ტურისტულ რეგიონებში, რადგან აქ მოსახლეობის თავმოყრა ხდება. ბავშვთა დიდი რაოდენობა იყრის თავს. ​ათ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის თავიანთი უყურადღებობის, სიცელქის და ონავრობის გამო, ჰიგიენის დაცვა ვერ ხერხდება.“

ლევან ბაიდოშვილის თქმით, ზაფხულში ადამიანები უმეტესად ღია სივრცეებში არიან და ზოგჯერ საკვების მიღება დაუბანელი ხელებითაც უხდებათ, რაც დაავადების რისკს ზრდის:

„როგორც მოზრდილ მოსახლეობას, ასევე ბავშვებს, ზამთრის პერიოდისგან განსხვავებით დიდი ხნის განმავლობაში გვიწევს თავისუფალ გარემოში, პარკებში, მდინარის პირებზე, ​ზღვის პირებზე ყოფნა. ცხადია, სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიღება გარკვეულ შემთხვევებში დაუბანელი ხელითაც გვიწევს. ხელები ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლითაც ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ხელები ხდება გარკვეული დაავადებების გამომწვევიც. ჩვენ ზამთარში ვამბობთ ხოლმე: „ხშირად დაიბანეთ ხელები.“ ეს ზაფხულში კიდევ უფრო ინტენსიური უნდა იყოს.“

„ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ​ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც თერმულად დამუშავებას არ ექვემდებარება, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხილი წყლით ფუნდამენტურად გაირეცხოს. პატარა, მცირე, თვალით უხილავი ნიადაგის ნაწილაკები საკმაოდ მძიმე, სავალალო დაავადებების გამომწვევი შეიძლება იყოს. საქართველოში მიღებული ტრადიციაა ფესვიანი ოხრახუშის გამოყენება. ექიმების მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ ეს ძირი მოიჭრას, ვინაიდან ძირიდან წამოსულ ყლორტებში, რაც უნდა კარგად გავრეცხოთ, მაინც რისკია. თვალით შეუმჩნეველი ნიადაგისა და ჭუჭყის ნაწილაკები მაინც რჩება,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან ბაიდოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

„ბავშვს ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გადავავლოთ წყალი,“ - პედიატრი...
​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ზაფხულში ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის წესების შესახებ ისაუბრა, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. მან აღნიშნა, რომ კანის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, ბავშვები სითხეებით უ...