Baby Bag

როდის არის რეკომენდებული საუზმე და რა მივირთვათ დილას? - ექიმის რჩევები

როდის არის რეკომენდებული საუზმე და რა მივირთვათ დილას? - ექიმის რჩევები

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. როგორი უნდა იყოს საუზმე და დილის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული დღის პირველი ულუფის მიღება? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.

საუზმე სწორედ დღის ის მონაკვეთია, რომლის დროსაც ორგანიზმმა უნდა შეივსოს ფაქტობრივად მთელი დღის პირველი ნახევრისთვის საჭირო რესურსი.

ზოგადად საუზმისთვის იდეალური დრო დილის 08:00-10:00 შუალედია, გამონაკლისების გარდა, როცა ადამიანი იცავს ​ინტერვალურ შიმშილს. ასეთ დროს შეიძლება მისი საუზმე იწყებოდეს 12:00 სთ-ზე (აქ, თავის მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავის სისტემის გამართულობა). სასურველია, საუზმემდე 20-30 წთ-ით ადრე მივიღოთ ოთახის ტემპერატურის წყალი (ჩვეულებრივი ონკანის წყალი) დაახლობით 200-300 მლ.

რაც შეეხება კონკრეტულად საუზმის რაციონს, აქ შეგიძლიათ იყოთ მეტად თამამები, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში, რადგან დღის სხვა მონაკვეთთან შედარებით, საუზმეზე მიღებული კალორიების დაწვა ორგანიზმისთვის ბევრად იოლია. ზომიერების ფარგლებში საუზმეზე შეგიძლიათ, მიირთვათ თქვენთვის საყვარელი პურფუნთუშეული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ თქვენი საუზმე შეადგენს მხოლოდ ნახშირწყალს, მას ორგანიზმი მალევე გახარჯავს და შიმშილის გრძნობაც მალე დაგიბრუნდებათ. ამიტომ სასურველია, საუზმე იყოს მდიდარი ცილებით, ჯანსაღი მცენარეული ცხიმით და მათთან ერთად საუზმობის დროს თამამად შეიძლება ნახშირწყლების მირთმევაც. ასეთი ტიპის საუზმის დროს ნაყროვანების შეგრძნება სადილამდე გარანტირებული გაქვთ.
მაგალითისთვის მოვიყვან სასურველი საუზმის რამდენიმე ვარიანტს: 
  • 2 ცალი მოხარშული ან მცირე მცენარეულ ცხიმზე შემწვარი კვერცხი + 100 გრ ყველი + 1 ნაჭერი პური 
  • წყალზე ან რძეზე დამზადებული 2-3 სუფრის კოვზი ნებისმიერი ფაფა (შვრია, მანანის ბურღული, წიწიბურა, ბრინჯი, ფეტვი და ა.შ.) + 100 გრ ყველი ან 1 ბანანი ან 100-150 გრ. ჩირეულის და თხილეულის ნაზავი 
  • ე.წ. ბუტერბროდი: პური, ყველი, სალათის ფურცელი, კიტრი, პომიდორი, ავოკადო და თქვენთის სასურველი ხორცეული.
სწორად დაწყებული დღის რაციონი ჯანმრთელი მეტაბოლიზმის გარანტიაა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯან​მრთელობა

შეიძლება დაინტერესდეთ