Baby Bag

ზაფხულში რომელი თვიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება?

ზაფხულში რომელი თვიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას საზამთროსა და ნესვზე, რომლეთა გარეშეც ფაქტობრივად წარმოუდგენელია ზაფხული.

საზამთროს 87% შეადგენს წყალი, დანარჩენი კი არის უჯრედისი, ვიტამინები და მიკრო-მაკრო ელემენტები, როგორებიცაა: C და B ჯგუფის ვიტამინები, PP ვიტამინი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი და სხვა. საზამთრო ასევე შეიცავს მცირე ოდენობით შაქარს.

​რაც შეეხება ნესვს, მასში შაქრის შემცველობა მეტია, ვიდრე საზამთროში, ამიტომ დიაბეტით დაავადებული ადამიანები მეტად ფრთხილად უნდა იყვნენ ნესვთან მიმართებაში. ნესვიც მდიდარია წყლით, უჯრედისით, მიკრო-მაკრო ელემენტებით და ვიტამინებით: თუთია, კალციუმი, რკინა, ნატრიუმი, კალიუმი, A, B ჯგუფის და C ვიტამინები. ორივე მათგანი დადებითად მოქმდებს ადამიანის ნივთიერებათა ცვლაზე, გუნება-განწყობილებაზე, იმუნიტეტზე.

პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია დღის მანძილზე მიიღოს 300 გრ. ნესვი და 500 გრ. საზამთრო (თავი უნდა შეიკავონ ნაღვლის ბუშტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებმა, განსაკუთრებით, წყლულოვანი დაავადება). როგორც ზოგადად ხილთან მიმართებაში, აქაც გავითვალისწინოთ, რომ საზამთრო და ნესვი მიირთვით, როგორც დამოუკიდებელი კვება, დღის პირველ ნახევარში.

ბევრს აინტერესებს, ზაფხულში როდიდან არის რეკომენდებული და სასურველი საზამთროსა და ნესვის დაგემოვნება? - ოპტიმალურ პერიოდად შეიძლება, მივიჩნიოთ ივლისის თვე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთ​ელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„საზამთრო უფრო გამოადგება მათ, ვინც არის გამხდარი, მასში არის უამრავი ფრუქტოზა,“- გიორგი ღოღობერიძე

„საზამთრო უფრო გამოადგება მათ, ვინც არის გამხდარი, მასში არის უამრავი ფრუქტოზა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ პროდუქტების გლიკემიური ინდექსის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხილი და ბოსტნეული თავისი თვისებებით განსხვავებულია და მათი გლიკემიური ინდექსიდან გამომდინარე ზოგი მათგანი გამხდარი ადამიანებისთვისაა მეტად სასარგებლო, ზოგი კი - ჭარბწონიანთათვის:

„ყველა ხილი და ბოსტნეული განსხვავდება თავისი თვისებებით. ​ზოგიერთი ხილი ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა, აწუხებს შაქრიანი დიაბეტი. არსებობს ხილი და ბოსტნეული, რომელიც უფრო კარგია მათთვის, ვინც არის გამხდარი და ფიზიკურად აქტიური. ამის შეფასების ერთ-ერთი პარამეტრი არის გლიკემიური ინდექსი.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ის პროდუქტები, რომლებსაც დაბალი გლიკემიური იდექსი აქვთ, ჭარბწონიანი ადამიანებისთვის არის კარგი:

„თუ გლიკემიური ინდექსი დაბალია, ნაკლებია 55-ზე, ამ პროდუქტებში არსებული ნახშირწყლები ეტაპობრივად შეიწოვება. ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, ან ჭარბწონიანია. მსგავსი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები არის: ​ვაშლი (36), ფორთოხალი 43 (50), ბანანი (51), მანგო (51), მარწყვი (49).“

„არსებობს საკვები, რომელიც ხასიათდება მაღალი გლიკემიური ინდექსით. როგორც კი შეჭამ მსგავს პროდუქტს, გლუკოზა რომელიც მასშია, მყისიერად აღმოჩნდება ჩვენს სისხლში. ასეთი საკვები ჭარბწონიანებს არ გამოადგებათ, ასევე არ გამოადგებათ მათ, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ გამოადგება მათ, ვინც არის ფიზიკურად აქტიური. ასეთი საკვები შეიძლება იყოს ანანასი (59), გოგრა (64). ​ამ კუთხით ლიდერი არის საზამთრო (76). მასში მართლაც ბევრი წყალია, მაგრამ მასში არის უამრავი ფრუქტოზა, ამიტომ საზამთრო უფრო გამოადგება მათ, ვინც არის გამხდარი და ფიზიკურად აქტიური. დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის დოზასაც. თუ მცირე რაოდენობით მიირთმევთ, მან შეიძლება არსებითი გავლენა არც იქონიოს,“ - აღნიშნულ თემაზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​„პოსტ ალიონი“

წაიკითხეთ სრულად