Baby Bag

ატოპიური დერმატიტი ბავშვებში - რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ?

ატოპიური დერმატიტი ბავშვებში - რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ?

რა იწვევს ატოპიურ დერმატიტს ბავშვებში, რა ასაკიდან უვლინდებათ და როგორ ვუმკურნალოთ მას? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა კოსმეტოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი ნინო ნიშნიანიძე.

- ქალბატონო ნინო, ზოგადად რომ ვისაუბროთ, რა არის ატოპიური დერმატიტი?
- ატოპიური დერმატიტი არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწყება ძალიან ადრეულ ბავშვთა ასაკში და თავისი რეციდივებით შეიძლება გაგრძელდეს მომწიფების ასაკამდეც. იგი შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასევე თან ახლდეს ისეთ ალერგიულ დაავადებებს, როგორებიცაა: ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, კვებისმიერი ალერგიები, ასევე მორეციდივე კანის ინფექციები. ძირითად სიმპტომად გვევლინება კანის ქავილი და გამონაყარი, რომელიც ვარირებს მსუბუქი ტიპის ერითემატოზული გამონაყარიდან მძიმე ლიქენიფიკაციამდე (აქერცვლა მშრალ კანზე და სიწითლე). სისხლში იმატებს Ig E და ეოზინოფილები.
- რა ასაკიდან და სხეულის რა ნაწილებში უვლინდებათ ბავშვებს ატოპიური დერმატიტის ნიშნები?
- დაავადება შესაძლებელია, დაიწყოს ერთი თვიდან ორ წლამდე, მეორე ვარიანტი - 2-დან 12 წლამდე და მეტიც. მიმდინარეობის მიხედვით დაავადება შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალოდ მძიმე.
ჩვილებში - სახე, თავის თმიანი ნაწილი და კიდურების გამშლელი ზედაპირები;
ბავშვებში - ყურისა და კისრის უკანა ზედაპირი, მაჯისა და კოჭის მიდამო, კიდურების მომხრელი ზედაპირები;
მოზარდებსა და მოზრდილებში - კისერი, კიდურები, მტევანი და ტერფი.
- რა ძირითადი მიზეზები იწვევს ატოპიურ დერმატიტს ბავშვებში და შემდეგ რამ შეიძლება გაამწვავოს?

​- გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
  • ირიტანტები (გამაღიზიანებლები) - საპნები და დეტერგენტები (შამპუნი, სააბაზანო ქაფი, შხაპის გელი);
  • კონტაქტური ალერგენები - შალის და ხელოვნური ქსოვილის ტანსაცმელი, მეტალის საგნები, სამკაული;
  • კლიმატური ფაქტორები - ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობა, ოფლიანობა;
  • კვებითი ალერგენები - რძე, კვერცხი, თევზი, თხილეული, ფერადი ბოსტნეული, შოკოლადი და კაკაო, ატოპური დერტამტიტის მქონე ბავშვთა 50%-ს აქვს კვებითი ალერგია;
  • ინჰალაციური ალერგენები - ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ფეხსახსრიანების ქიტინის გარსი, ობის სოკოები.
  • კანის ინფექცია - Staphylococcus aureus, თამბაქოს კვამლი სტრესი და ა.შ.
- როგორ ხდება ატოპიური დერმატიტის მკურნალობა?
  • კანის დატენიანება (მისი ბარიერული ფუნქციის აღდგენა). ამისთვის გამოიყენება სპეციალური დამატენიანებელი და დამარბილებელი მალამოები, ლოსიონები და კრემები;
  • საჭიროა გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილება;
  • სპეციალური ჰიპოალერგიული საპნებისა და დასაბანი საშუალებების გამოყენება, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმლის გამოყენება;
  • ალერგენებთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა. ქავილის დროს კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფრჩხილების მოკლედ დაჭრა, შესაძლებელია კანის დაზიანებული უბნის გადახვევა, ბამბის ხელთათმანების ტარება. აბაზანის მიღების დროს წყალი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი.

​მედიკამენტები ატოპიური დერმატიტის დროს ექიმის დანიშნულებით: კორტიკოსტეროიდული მალამოები, ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო მალამოები - კალცინევრინის ინჰიბიტორები, დასალევი ანტიჰისტამინური საშუალებები, ქავილის შესამცირებლად სპეციალური ჰიპოალერგიული საპნები.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედე​ბის ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში წყლის ნაკლებობამ

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში წყლის ნაკლებობამ

წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და ჩვენი ორგანიზმის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ წყალს უკავია.

წყლის სასარგებლო თვისებებზე, მიღების წესსა და ორგანიზმში მისი შემცირებით გამოწვეულ პრობლემებზე მთავარი ექიმი გვესაუბრება

წაიკითხეთ სრულად