Baby Bag

ე.წ. „კომპოტი“ სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის

ე.წ. „კომპოტი“ სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას „ხილის წვენებსა“ და „კომპოტებზე“.

ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად უფრო და უფრო ხშირი ხდება მოსახლეობის მიერ ე.წ. „ხილის წვენების“ და „კომპოტების“ მირთმევა, რადგან ზაფხულის ცხელი დღეების დროს ორგანიზმის მოთხოვნილება სითხის მიღების მიმართ მომატებულია.

რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ე.წ. „ხილის წვენი“ თუ „კომპოტი“?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ხილი ხასიათდება ისეთი უნიკალური თვისებებით, როგორებიცაა: ანტიოქსიდაცია, იმუნიტეტის გაძლიერება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარეგულირება, ნერვული სისტემის დამშვიდება და სხვა. მათი საშუალებით ხდება ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით შევსება. აქედან გამომდინარე, ზოგადად სასურველია, რომ ხილი მივირთვათ ყოველდღე, უმად. უმჯობესია, თუ რაციონი მდიდარი იქნება სეზონური ხილით.
მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს ე.წ „კომპოტები“ და „ხილის წვენები“. „კომპოტის“ დამზადების დროს ხდება ხილის დუღილი, თან მას ემატება შაქარი. ასეთ დროს ხილი თითქმის კარგავს სასარგებლო თვისებებს, ხოლო დამატებული შაქარი კი არის დამატებითი არასასურველი, არაჯანსაღი კალორია ორგანიზმისთვის. დავიმახსოვროთ: ე.წ. „კომპოტი“ სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება ახლადდაწურულ „ხილის წვენს“ (იგივე „ფრეში“), სადაც არ არის დამატებული არც შაქარი და არც რაიმე სხვა სახის დამამტკობელი, თავისთავად ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლოა, რადგან ასეთ დროს ხილს არ აქვს დაკარგული მისი სასარგებლო თვისებები, თუმცა ის მაინც ვერ გაუტოლდება დამოუკიდებლად ხილის მირთმევის დროს მიღებულ სარგებელს.
შეჯამებისთვის დავიმახსოვროთ, რომ ორგანიზმისთვის მეტად რეკომენდებული, სასურველი და მისაღებია ხილი მიირთვით ბუნებრივი სახით და ორგანიზმის გაუწყლოვნებისგან თავის ასარიდებლად კი მიირთვით ონკანის წყალი.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად