Baby Bag

რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას?

რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას?
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას? - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია. 


მენსტრუალური ციკლის გადაცდენას ორსულობის გარდა იწვევს სხვა მრავალი ფაქტორი. საშუალოდ მენსტრუალური ციკლი რეგულარულად 28 დღეშია. ყველა ქალს აქვს ინდივიდუალური მენსტრუალური ციკლი, ნორმად ითვლება ციკლიდან ციკლამდე 21 დღიდან 35 დღემდე შუალედი. განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რაც იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას.

სტრესი - სტრესს შეუძლია დაარღვიოს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება- დაარღვიოს ჰორმონული დისბალანსი. ასევე სტრესი იწვევს წონის მკვეთრ მატებას ან მკვეთრ კლებას, რაც შესაბამისად გავლენას ახდენს მენსტრუალურ ციკლზე.


სხეულის მასისი დაბალი ინდექსი ( წონის დეფიციტი) - თუ იწონით თქვენთვის მისაღებ ნორმალურ წონაზე 10 %-ით ნაკლებს, ეს გამოიწვევს მენსტრუალური ფუნქციის დარღვევას და ანოვულაციას. გარდა ამისა ქალებს, რომელთაც აღენიშნებათ ანორექსია ან ბულემია, აუცილებლად თან ერთვის მენსტრუალური ციკლის დარღვევა.


გაცხიმოვნება - ისევე როგორც წონის დეფიციტი, ასევე გაცხიმოვნება იწვევს მენსტრუალური ფუნქციის დარღვევას. შეგიძლიათ სახლის პირობებში იკვებოთ სწორად და ივარჯიშოთ, რათა მოხდეს წონის კლება. თუ წონას რთულად იკლებთ ან საერთოდ ვერ იკლებთ, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგს.


პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი - ეს ის მდგომარეობაა, როდესაც არის ჰორმონული დისბალანსი. შედეგად საკვერცხეებში არის მრავლობითი წვრილი ფოლიკულები და ციკლი არის ანოვულატორული. ანოვულაცია კი შედაგად გამოიწვევს ციკლის გადაცდენას, ციკლის ჩავარდნას . 


ჩასახვის საწინააღმდეგო აბები - მათი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევა. აბების მოხსნის შემდეგ შესაძლებელია 3-6 თვე დაგჭირდეთ მენსტრუალური ციკლის ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად.


ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა მაგალითად დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. იწვევენ მენსტრუალური ციკლის დარღვევას, ამიტომ უნდა მოხდეს მათი დროული მკურნალობა და მუდმივი კონტროლი.


ნაადრევი მენოპაუზა - ნორმაში მენოპაუზა იწყება 45-55 წლის შუალედში. იმ შემთხვევაში, როცა კლიმაქტერული ჩივილები და მენსტრუალური ციკლის დარღვევა იწყება 40 წლის ასაკში, საქმე გვაქვს ნაადრევ მენოპაუზადთან.


ფოლიკულური კისტა - როდესაც საკვერცხე ვერ ფუნქციონირებს კარგად, ყალიბდება ფოლიკულური ტიპის ცისტა ( ანოვულაცია), რაც იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას და გადაცდენას. 



არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენი საშოდან - რა შეიძლება იყოს მიზეზი?

მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენი საშოდან - რა შეიძლება იყოს მიზეზი?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენი საშოდან - მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია დღეს ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

როდის უნდა ჩავთვალოთ, რომ გვაქვს მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენი საშოდან?


ნორმაში მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენი არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა მცირე ინტენსივობითაა თუ ჭარბი რაოდენობით. მენსტრუალური შუალედი (ციკლიდან ციკლამდე) საშუალოდ არის 21-35 დღე. თვითონ მენსტრუალური გამონადენის ხანგრძლივობა კი 2 დან -7 დღემდე გრძელდება. ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი, რომელიც არ ჯდება ზემოთ აღნიშნულ ნორმის ფარგლებში, წარმოადგენს პათოლოგიურ მდგომარეობას და გამოწვეულია სხვა და სხვა ფაქტორებით.

რა იწვევს მენსტრუაციათა შორის სისხლიან გამონადენს?


მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

1. ჰორმონული დისბალანსი: ესტროგენი და პროგესტერონი - ეს ორი ჰორმონი არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს. თუ არის ამ ჰორმონების ნორმიდან გადახრა, შესაბამისად იქნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მესტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენის არსებობა.

გარდა ამისა თქვენს ჰორმონულ დისბალანსზე გავლენას ახდენს:

  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია
  • ჩასახვის საწინააღმდეგო ორალური კონტრაცეპტივის დაწყება ან დასრულება
  • საშვილოსნოს შიდა კონტრაცეტივის- სპირალის გამოყენება
  • ჩასახვის საჭინააღმდეგო პლასტირის ან იმპლანტის გამოყენება
2. საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა - კეტილთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული წარმონაქმნი, რომელიც შესაძლებელია იყოს მრავლობით ან ერთი, მცირე ზომის ან დიდი ზომის, როგორც საშვილოსნოს კუნთში, ასევე საშვილოსნოს რუში და იწვევდეს როგორც ჭარბ, ასევე გახანგრძლივებულ მენსტრუაციას და სისხლიან გამონადენს მენსტრუაციებს შორის.

3. ინფექციური პორცესები - რეპროდუქციული სისტემის ინფექციური დაავადებები, მცირე მნჯის ღრუშ ინფექციის არსებობა, ასევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

4. საშვილოსნოს ტანის ან საშვილოსნოს ყელის პოლიპს შეუძლია გამოიწვიოს მენსტრუაციათა შოირს სისხლოვანი გამონადენი. საშვილოსნოს ტანისა და საშილოსნოს ყელის პოლიპი არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი.

5. მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენის გამომწვევი მიზეზია: საშოს, საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის და საკვერცხის კიბო.

6. იშვიათ შემთხვევებში ზემოთ ხსენებული სისხლიანი გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი, წონის მნიშვნელოვანი მატება ან კლება.

ნებისმიერი ინტენსივობისა და რაოდენობის მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენის და გახანგრძლივებული ჭარბი მენსტრუაციის დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, ჩაგიტარდებათ ექოსკოპიური კვლევა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 

წაიკითხეთ სრულად