რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ და ეფექტურია თუ არა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.
- რა დადებითი თვისებები აქვს დილით, უზმოზე, წყლის დალევას, გვეხმარება თუ არა რამეში და კონკრეტულად რაში?
პირველ რიგში, საჭმლის მონელების კუთხით, აძლიერებს პერისტალტიკას. რეკომენდებულია, რომ ადამიანს ყოველდღე ჰქონდეს დეფეკაცია, უმჯობესია, დილის საათებში, შესაბამისად, წყლის უზმოზე მიღება გვეხმარება საჭმლის მონელებაში.
დილით, უზმოზე, წყლის მიღება ასოცირებულია დანაყრებულობის შეგრძნებასთან. დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება კუჭს იმისათვის, რომ შეიწოვოს წყალი, აქედან გამომდინარე, დილით წყლის მიღება სავსეობის შეგრძნებას გვიტოვებს, რის გამოც შედარებით მცირდება კვება.
უმჯობესია, წყალი იყოს ცივი. უზმოზე ცივი წყლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ცდილობს სხეულის ტემპერატურაზე გათბობას, რისთვისაც ხარჯავს ენერგიას, კალორიებს.
პირის ღრუს გაწმენდასაც უწყობს ხელს.
- სანამ საუზმეს მივირთმევთ, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?
- უზმოზე, დაახლოებით, 250 მლ. წყლის მიღება არის რეკომენდებული. დღის განმავლობაში ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია, ორგანიზმზე, ადამიანის აღნაგობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ფიზიკური აქტივობის ხარისხზე, ასევე გააჩნია სეზონსაც. ზოგადი რეკომენდაციით, ზაფხულის განმავლობაში, საშუალოდ 2-3 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ. თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, კალორიებს დიდი რაოდენობით ხარჯავს, ოფლის სახით კარგავს სითხეს, ამ შემთხვევაში, წყლის მიღება შესაძლებელია 5 ლიტრამდეც კი გაიზარდოს. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, კვირის განმავლობაში 5 დღე ვარ ფიზიკურად აქტიური, ინტენსიურ ვარჯიშს ვგულისხმობ, ამიტომ დღის მანძილზე 5 ლიტრამდე წყალს მოვიხმარ
- ზედმეტად ბევრი წყლის მიღება დღის განმავლობაში პირიქით, ცუდი ხომ არ არის ორგანიზმისთვის?
- რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. როგორც აღვნიშნე, გააჩნია ადამიანის ორგანიზმს. ფიზიოლოგიურად მარტივია შესაფასებლად, ადამიანს ორგანიზმი თვითონ სთხოვს, რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს, წყურვილის გრძნობაც ისე უჩნდება, როგორი ფიზიკური აქტივობაც აქვს, შესაბამისად, ჭარბად წყალს ვერ მიიღებს ადამიანი, რადგან ორგანიზმი არ მოსთხოვს.
- რამდენად ეფექტურია ბევრი წყლის მიღება, კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად?
- წყლის დიდი რაოდენობით მიღება, კონკრეტულად, კანის სიმშრალესთან პირდაპირ ასოცირებული არ არის, ანუ წყლის მიღებით კანის სიმშრალეს ვერ ვუმკურნალებთ. თუმცა ირიბი კავშირი არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეჰიდრატაციაზე, რაც ორგანიზმის გაუწყლოვებაა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აისახოს კანზეც.
,,გადაცდენის პირველი ნიშანი არის ხველა" - როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვს საკვები გადაცდება
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, მომვლელი იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს საკვები გადაცდება და რამდენად მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მან პანიკას თავი აარიდოს - ამის შესახებ პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თემურ მიქელაძემ გადაცემაში ,,იმუნიტეტი" ისაუბრა.
,,გადაცდენის პირველი ნიშანი არის ხველა. საკმაოდ ხშირად, ამ დროს იწყება მშობლის პანიკა, იწყებენ ბავშვის ე.წ. დაკიდებას, ამ დროს კი შეიძლება, პირიქით - ამონაღები საკვების გადაცდენა მოხდეს. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადრეული ასაკის, 2 წლამდე ბავშვთან თუ გვაქვს შეხება, შევეცადოთ, ის 30-გრადუსიანი კუთხით დავხაროთ და ბიძგისებური მოძრაობით ვცადოთ, რომ მან წამოახველოს. შემდეგ გადმოვატრიალებთ და ვაგრძელებთ იმავე პროცედურას (იხ. ვიდეო). მაქსიმალურად ნაზად, ორი თითით უნდა გავაკეთოთ ეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი, რაც უნდა გააკეთოს მშობელმა თუ მომვლელმა, არის ეს პროცედურა და აუცილებლად დარეკოს 112-ში ან საკუთარ პედიატრთან. თუ ბავშვს ცნობიერება დაკარგული აქვს, ვიწყებთ ე.წ. გულ-ფილტვის რეანიმაციას. ესეც არის გავრცელებული სოციალურ ქსელში. ვიწყებთ დაახლოებით 30 მასაჟით და შემდეგ ორი ჩასუნთქვა პირში. ამიტომ, ყველა მომვლელმა თუ მშობელმა უნდა იცოდეს ეს პირველადი დახმარების წესები.
ეს არ ეხება მხოლოდ საკვებს. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც არ იცავენ იმ ელემენტარულ წესებს, რაც დაკავშირებულია სათამაშოებთან - რომ, მაგალითად, 3 წლამდე არ შეიძლება ამ კონკრეტული სათამაშოს გამოყენება. ის მწარმოებლები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან, რომ ბავშვს სწორი სათამაშო მიაწოდონ, აუცილებლად ბუნებრივ საღებავებს უმატებენ ამ სათამაშოში, რაც რენდგენოკონტრასტულია. განსაკუთრებით არარენდგენოკონტრასტული სათამაშოების გადაცდენა არის საშიში, რადგან შეიძლება, გამოიწვიოს კუჭის კორწოვანის დაზიანება, საყლაპავ მილში გაჭედვა და ა.შ". - განმარტავს მიქელაძე.