Baby Bag

როგორ მივხვდეთ, როცა ბავშვს წყლის დეფიციტი აქვს?

როგორ მივხვდეთ, როცა ბავშვს წყლის დეფიციტი აქვს?

როგორ მივხვდეთ, როცა ბავშვს/მოზრდილს წყლის დეფიციტი აქვს? - თემაზე ექთანი თამარ დაუსი საუბრობს. 

მისი თქმით, თუ ბავშვი ტირის და მას არ მოსდის ცრემლი, არის ჩავარდნილი ყოფლიბანდი, დიდი ხნის განმავლობაში საფენი არის მშრალი, ასევე კანი არის მშრალი, ხელის შეხების შემდეგ კანი დიდი ხანი რჩება ამოწეული და არ უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას - ეს იმას ნიშნავს, რომ პატარას აკლია წყალი და სითხის შევსება უნდა დავიწყოთ. 

თამარ დაუსი ასევე მოზრდილ ადამიანებსა და თინეიჯერებზე საუბრობს. როგორც ექთანი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში იწყება არაფერთან დაკავშირებული ცუდად ყოფნის შეგრძნება:

,,წყლის ნაკლებობის შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოს. მაგალითად, დაღლილია ან წამოდგომისას აქვს თავბრუსხვევა, თავისტკივილი, პირღებინების შეგრძნება. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია წყალი მივიღოთ, მაგრამ დიდი რაოდენობის ერთბაშად მიღება არ არის რეკომენდებული. ბავშვებს თუნდაც 1 ჩაის კოვზი დავალევინოთ 5-წუთიანი ინტერვალებით, შემდეგ კი გავზარდოთ რაოდენობა. მოზრდილებშიც არ უნდა დაველოდოთ წყურვილის გრძნობას და თითო-თითო ყლუპი გავლა-გამოვლაზე დავლიოთ.''

ორგანიზმში წყლის ნაკლებობის მიმანიშნებელია ასევე ხელის და ფეხის კუნთების შეკრთომა. 

წყარო: „პირადი ექიმი - მარი მ​ალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდ​ნე დედების ჯგუფი“)

ე.წ. „კომპოტი“ სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას „ხილის წვენებსა“ და...
წყლის დალევა ჭამის დროს ან მის შემდეგ - აქვს თუ არა მას ზეგავლენა საჭმლის მონელებაზე ან წო...
წყლის დალევა ჭამის დროს ან მის შემდეგ, აქვს თუ არა მას ზეგავლენა საჭმლის მონელებაზე ან წონაზე? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ​ზაზა თელია საუბრობს. ​ ,,არსებობს სპეკულაცია რომ ჭამის შემდე...
რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა და რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?
რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ და ეფექტურია თუ არა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია....

შეიძლება დაინტერესდეთ

„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?

„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი  - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე ​MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.  

- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?

- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი  კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.

- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?

- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.

- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?

- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?

- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.

- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?

- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს. 

თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი. 

სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი. 

ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი

წაიკითხეთ სრულად