კოვიდის შემდგომი გართულება ბავშვებში - რა სიმპტომები და გართულებები შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსულ ინფექციას დასრულების შემდეგ და რა ანალიზებია საჭირო?
კოვიდის შემდგომი გართულება ბავშვებში - რა სიმპტომები და გართულებები შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსულ ინფექციას დასრულების შემდეგ და რა ანალიზებია საჭირო? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ოჯახის ექიმი, პედიატრი, ანა მაღრაძე. - ქალბატონო ანა, რა სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს კორონა ვირუსის გადატანის შემდეგ ბავშვებში?
- კორონავირუსული ინფექცია ბავშვებში, როგორც ვიცით, უმეტეს შემთხვევაში საშუალო, მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს, ბოლო დელტა შტამის შემთხვევაშიც კი. გამონაკლისს წარმოადგენენ ახალშობილები, სადაც განსაკუთრებით დელტა შტამი მწვავე გართულებებით მიმდინარეობს, პაციენტების მდგომარეობა უფრო სწრაფად მძიმდება, ვიდრე ეს იყო წინა შტამების შემთხვევაში. კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ პერიოდში ბავშვებში გვხვდება ზოგადი საერთო სისუსტე, უმადობა, თუმცა უმეტეს მათგანთან ჩივილები ნაკლებად არის. რაც შეეხება კორონავირუსის შემდგომ გართულებას, ვიცით, რომ მცირე პროცენტში (0.002%) შეიძლება განვითარდეს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ხასიათდება მაღალი ცხელებით (გრძელდება 2 დღე), თან ერთვის მინიმუმ ორგანოთა ორი სისტემის ჩართულობა. ეს შეიძლება იყოს გასტროინტესტინალური სიმპტომები (გულის რევა, დიარეა, მუცლის ტკივილი), რესპირატორული სიმპტომები (ხველა, სუნთქვის გაძნელება, პნევმონია), ნევროლოგიური სიმპტომები (თავის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე), შეიძლება იყოს კანი ჩართული, გამონაყარის სახით, პერიორბიტალური შეშუპება, სახსრების ტკივილი და შეშუპება, ასევე მოძრაობის შეზღუდვა. მულტისისტემური სინდრომის დიაგნოზი ისმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზში კოვიდ ინფექცია ბავშვს გადატანილი აქვს მინიმუმ 4-8 კვირის შუალედში, ანტისხეულების ტიტრი მომატებულია და გამოხატულია ცხელება, ორი ორგანოთა სისტემის დაზიანება კლინიკურად.
- რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რა ანალიზებია საჭირო იმისთვის, რომ რამე არ გამოგვრჩეს? საჭიროა თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია?
- ეს არის ძალიან ინდივიდუალური. თუ რაიმე ჩივილი აქვს პაციენტს, კოვიდ ინფექციის შემდეგ მიზანმიმართულად ინიშნება კვლევები. გადატანიდან 3-4 კვირაში ვაკონტროლებთ სისხლის საერთო ანალიზს, რკინას, ვამოწმებთ D ვიტამინს. ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად, ვინც გადაიტანს ეს კვლევებია საჭირო, ასეთი მოწოდება არ არის. ისე გადააქვთ ხოლმე ბავშვებს, მშობლებმა არც კი იციან. ბავშვებთან, ვისაც უსიმპტომოდ ჰქონდათ, უბრალოდ სისხლის საერთო ანალიზიც საკმარისია.
კომპიუტერული ტომოგრაფია კოვიდ ინფექციის მწვავე ფაზაშიც არ არის მოწოდებული, ვინაიდან მისი დასხივება ძალიან დიდია, რადიაციული თვალსაზრისით. დანიშვნას წინ უნდა უძღვოდეს კონკრეტული ჩვენება. არც მწვავე ფაზაში ვიყენებთ ბავშვებში, თუ რა თქმა უნდა, მკურნალმა ექიმმა არ დაუნიშნა და საჭიროებამ არ მოითხოვა.
- კორონავირუსის შემდეგ მნიშვნელოვანია თუ არა კვების რაციონი და კონკრეტულად, რაზე გავამახვილოთ ყურადღება?
- კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ, ისევე როგორც სხვა ვირუსული ინფექციების და ნებისმიერი ავადობის შემდეგ, ყველა მშობელთან რა რეკომენდაციებიც გვაქვს, ზოგადი, იგივე რჩება. ეს არის ბალანსირებული კვება, ჯანსაღი საკვებით. მესმის მშობლების გადატვირთული რეჟიმის გამო ეს რთულია, თუმცა ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თუ თავიდანვე მიაჩვევთ რეჟიმში ბალანსირებულ კვებას (ზომიერად ყველა საკვები ინგრედიენტის მიწოდება, როგორებიცაა: რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ხორცეული, ხილი), შემდგომ პერიოდში აღარ არის რთული. ავადობისას ბავშვები კვებას ამცირებენ, თუმცა ამის შემდეგ ჯანსაღი და დაბალანსებული კვება გააუმჯობესებს ბავშვის იმუნურ მდგომარეობას, შესაბამისად, დამატებითი ვიტამინების მიცემა აღარ გახდება საჭირო, ამიტომ არ გავცემ რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, სითხე აუცილებელია ასეთ სიტუაციაში, თუ ვერანაირად ვერ ვაწვდით ბავშვს სითხეს და უარს ამბობს, გამოსავალი არის გადასხმა. ხშირად მეუბნებიან ხოლმე მშობლები, სითხეს არ სვამს, მხოლოდ წყალს იღებსო, რატომღაც სითხედ წარმოუდგენიათ მარტო ჩაი, წვენები და კომპოტები. უნიკალური სითხე, რაც სამყაროშია, არის წყალი, შესაბამისად, ბავშვი თუ წყალს იღებს ლიტრზე მეტს, მაშინ ჩათვალეთ ადეკვატურია დღის ნორმა, თუმცა გააჩნია რამდენია დანაკარგი.
ასევე, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
გაეროს მოსახლეობის ფონდი ორსულებსა და მეძუძურ დედებს კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციებს აძლევს
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, დღემდე ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ, თუმცა ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირაციული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს.
რეკომენდაცები ორსულებისთვის
„სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე. ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. მათ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან ხელები სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ, ასევე, ხორცი და კვერცხი კარგად დაამუშაონ. ყველა რეკომენდებული ღონისძიება ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე,“ - წერია განცხადებაში.
„მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირაციული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული: ● სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც), მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ. ● თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს - და ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ინფიცირებული პირებისთვის, ოჯახებისთვის, საზოგადოებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, რეაგირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ვირუსით დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ქალებისა და გოგონების გვერდით დგას, რომელთა დაცვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს ცენტრალური მნიშვნელობის ადგილი უნდა ეჭიროს რეაგირებაზე მიმართული ძალისხმევების განხორციელებისას. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ ჩვენს პერსონალთან ერთად, რათა გადავხედოთ შიდა მზადყოფნის მდგომარეობას, ასევე ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, მთავრობებსა და საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ვემსახურებით ეპიდემიის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით,“ - ვკითხულობთ გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.