Baby Bag

კოვიდის შემდგომი გართულება ბავშვებში - რა სიმპტომები და გართულებები შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსულ ინფექციას დასრულების შემდეგ და რა ანალიზებია საჭირო?

კოვიდის შემდგომი გართულება ბავშვებში - რა სიმპტომები და გართულებები შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსულ ინფექციას დასრულების შემდეგ და რა ანალიზებია საჭირო?

კოვიდის შემდგომი გართულება ბავშვებში - რა სიმპტომები და გართულებები შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსულ ინფექციას დასრულების შემდეგ და რა ანალიზებია საჭირო? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ოჯახის ექიმი, პედიატრი, ანა მაღრაძე.

- ქალბატონო ანა, რა სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს კორონა ვირუსის გადატანის შემდეგ ბავშვებში?

- კორონავირუსული ინფექცია ბავშვებში, როგორც ვიცით, უმეტეს შემთხვევაში საშუალო, მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს, ბოლო დელტა შტამის შემთხვევაშიც კი. გამონაკლისს წარმოადგენენ ახალშობილები, სადაც განსაკუთრებით დელტა შტამი მწვავე გართულებებით მიმდინარეობს, პაციენტების მდგომარეობა უფრო სწრაფად მძიმდება, ვიდრე ეს იყო წინა შტამების შემთხვევაში. კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ პერიოდში ბავშვებში გვხვდება ზოგადი საერთო სისუსტე, უმადობა, თუმცა უმეტეს მათგანთან ჩივილები ნაკლებად არის. 

რაც შეეხება კორონავირუსის შემდგომ გართულებას, ვიცით, რომ მცირე პროცენტში (0.002%) შეიძლება განვითარდეს ​მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ხასიათდება მაღალი ცხელებით (გრძელდება 2 დღე), თან ერთვის მინიმუმ ორგანოთა ორი სისტემის ჩართულობა. ეს შეიძლება იყოს გასტროინტესტინალური სიმპტომები (გულის რევა, დიარეა, მუცლის ტკივილი), რესპირატორული სიმპტომები (ხველა, სუნთქვის გაძნელება, პნევმონია), ნევროლოგიური სიმპტომები (თავის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე), შეიძლება იყოს კანი ჩართული, გამონაყარის სახით, პერიორბიტალური შეშუპება, სახსრების ტკივილი და შეშუპება, ასევე მოძრაობის შეზღუდვა. მულტისისტემური სინდრომის დიაგნოზი ისმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზში კოვიდ ინფექცია ბავშვს გადატანილი აქვს მინიმუმ 4-8 კვირის შუალედში, ანტისხეულების ტიტრი მომატებულია და გამოხატულია ცხელება, ორი ორგანოთა სისტემის დაზიანება კლინიკურად. 
- რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რა ანალიზებია საჭირო იმისთვის, რომ რამე არ გამოგვრჩეს? საჭიროა თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია?
- ეს არის ძალიან ინდივიდუალური. თუ რაიმე ჩივილი აქვს პაციენტს, კოვიდ ინფექციის შემდეგ მიზანმიმართულად ინიშნება კვლევები. გადატანიდან 3-4 კვირაში ვაკონტროლებთ სისხლის საერთო ანალიზს, რკინას, ვამოწმებთ D ვიტამინს. ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად, ვინც გადაიტანს ეს კვლევებია საჭირო, ასეთი მოწოდება არ არის. ისე გადააქვთ ხოლმე ბავშვებს, მშობლებმა არც კი იციან. ბავშვებთან, ვისაც უსიმპტომოდ ჰქონდათ, უბრალოდ სისხლის საერთო ანალიზიც საკმარისია.
კომპიუტერული ტომოგრაფია კოვიდ ინფექციის მწვავე ფაზაშიც არ არის მოწოდებული, ვინაიდან მისი დასხივება ძალიან დიდია, რადიაციული თვალსაზრისით. დანიშვნას წინ უნდა უძღვოდეს კონკრეტული ჩვენება. არც მწვავე ფაზაში ვიყენებთ ბავშვებში, თუ რა თქმა უნდა, მკურნალმა ექიმმა არ დაუნიშნა და საჭიროებამ არ მოითხოვა. 
- კორონავირუსის შემდეგ მნიშვნელოვანია თუ არა კვების რაციონი და კონკრეტულად, რაზე გავამახვილოთ ყურადღება?
- კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ, ისევე როგორც სხვა ვირუსული ინფექციების და ნებისმიერი ავადობის შემდეგ, ყველა მშობელთან რა რეკომენდაციებიც გვაქვს, ზოგადი, იგივე რჩება. ეს არის ბალანსირებული კვება, ჯანსაღი საკვებით. მესმის მშობლების გადატვირთული რეჟიმის გამო ეს რთულია, თუმცა ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თუ თავიდანვე მიაჩვევთ რეჟიმში ბალანსირებულ კვებას (ზომიერად ყველა საკვები ინგრედიენტის მიწოდება, როგორებიცაა: რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ხორცეული, ხილი), შემდგომ პერიოდში აღარ არის რთული. ავადობისას ბავშვები კვებას ამცირებენ, თუმცა ამის შემდეგ ჯანსაღი და დაბალანსებული კვება გააუმჯობესებს ბავშვის იმუნურ მდგომარეობას, შესაბამისად, დამატებითი ვიტამინების მიცემა აღარ გახდება საჭირო, ამიტომ არ გავცემ რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, სითხე აუცილებელია ასეთ სიტუაციაში, თუ ვერანაირად ვერ ვაწვდით ბავშვს სითხეს და უარს ამბობს, გამოსავალი არის გადასხმა. ხშირად მეუბნებიან ხოლმე მშობლები, სითხეს არ სვამს, მხოლოდ წყალს იღებსო, რატომღაც სითხედ წარმოუდგენიათ მარტო ჩაი, წვენები და კომპოტები. უნიკალური სითხე, რაც სამყაროშია, არის წყალი, შესაბამისად, ბავშვი თუ წყალს იღებს ლიტრზე მეტს, მაშინ ჩათვალეთ ადეკვატურია დღის ნორმა, თუმცა გააჩნია რამდენია დანაკარგი.
ასევე, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური
​​

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

​პოსტ-კოვიდი ბავშვებში, როგორც წესი, არ არსებობს
„პოსტ-კოვიდი ბავშვებში, როგორც წესი, არ არსებობს. თუ არ არის უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვი - 15 წლის ზემოთ და არ აქვს რაიმე ქრონიკული პათოლოგია,“ - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქარ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი,“ - ევგენი კომაროვსკი

„სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი,“ - ევგენი კომაროვსკი

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი დისტანციური სწავლების საკითხს ეხმიანება ერთ-ერთ აზერბაიჯანულ გამოცემასთან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ბავშვების სახლში გამოკეტვა პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებულია, თუმცა სამედიცინო კუთხით - არა:

„ვფიქრობ, რომ მსგავსი ზომების მიღება პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებულია, თუმცა, თუ მედიცინის პერსპექტივიდან შევხედავთ, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება.“

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის პრობლემატური ბავშვებისთვის დისტანციური სწავლება სამედიცინო თვალსაზრისით, ევგენი კომაროვსკი პასუხობს:

„წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებს სკოლაში სიარულის უფლება მისცეს. რომელიმე ბავშვი თუ დაავადდა, ღმერთმა ნუ ქნას და შედეგი რომ ლეტალური აღმოჩნდეს, ეს ყველაფერი მთავრობის პასუხისმგებლობაა. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ლოგიკურია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა დაიხუროს. ამასთან, აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ როდესაც ბავშვი სახლშია გამოკეტილი, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნება. სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტას აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი. ის სოციალური უნარების განვითარებას ვეღარ ახერხებს, ნაკლებად მოძრაობს, ბავშვი პასიურია, შესაძლოა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლადაც იქცეს, მატულობს უბედური შემთხვევების რიცხვიც, ძალიან გახშირდა ბავშვების ფანჯრიდან გადმოვარდნის სამწუხარო ფაქტები. ბავშვები თამაშის დროსაც ბევრ რამეს აზიანებენ, შესაძლოა, ხანძარიც გააჩინონ. ჩაკეტილ რეჟიმში ყოფნა მათ მრავალმხრივ ზიანს აყენებს.“

ევგენი კომაროვსკის თქმით, სახლში ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებაზე პასუხისმგებელი მშობელია:

„აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ სახლში ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება და არა - სკოლას. ჩემი აზრით, შერეულ სწავლებაზე საუბრის დროს აქცენტი უფრო უმნიშვნელო საკითხებზე კეთდება, ვიდრე მნიშვნელოვანზე. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვღელავდეთ, რამდენ დღეს გაატარებს ბავშვი სკოლაში და რამდენი გაკვეთილი ჩაუტარდება მას დისტანციურად, არამედ უნდა გვაინტერესებდეს, როგორი იქნება ჰაერის ტემპერატურა საკლასო ოთახში, ვინ იზრუნებს ვენტილაციის ხარისხზე, როგორ უნდა გაკონტროლდეს ეს ყველაფერი, უნდა აიკრძალოს თუ არა სპორტის გაკვეთილების დარბაზში ჩატარება. ხომ არ აჯობებს, რომ სპორტის გაკვეთილმა ღია სივრცეში გადაინაცვლოს?! მშობლები პასუხისმგებელ პირებს სწორედ ამ კითხვებით უნდა მიმართავდნენ, ხოლო დისტანციური სწავლებისა და სკოლაში სიარულისთვის გამოყოფილი დღეების რაოდენობა მეორეხარისხოვანია.“

ევგენი კომაროვსკის თქმით, ოქტომბერ-ნოემბერში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის მატებაა მოსალოდნელი:

„მალე აცივდება, ადამიანები ფანჯრებს დახურავენ და დროის უდიდეს ნაწილს დახურულ შენობებში გაატარებენ. რა თქმა უნდა, დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება. ეს არამხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა რესპირატორული ინფექციების ხარჯზე მოხდება. აკადემიკოსობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ მივხვდეთ, როგორ ვრცელდება ვირუსი. დიახ, ოქტომბრიდან ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელდება. ამაში ეჭვი არ მეპარება.“

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ვეთანხმები იმაში, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე ვირუსი არსად გაქრება. იმისთვის, რომ ვაქცინა შეიქმნას და გამოვიყენოთ, ორი წელი მაინც არის საჭირო. ვირუსის შესუსტებასაც დაახლოებით ამდენი დრო სჭირდება. ამის შემდეგ ადამიანები დამშვიდდებიან, რა თქმა უნდა, თუ რაიმე ახალი ვირუსი არ გაჩნდება,“ - განაცხადა ევგენი კომაროვსკიმ.

მომზადებულია ​media.az - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად