Baby Bag

„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები, სამწუხაროდ, მაღალი იქნება,“ - ივანე ჩხაიძე

„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები, სამწუხაროდ, მაღალი იქნება,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ იმ მოლოდინების შესახებ ისაუბრა, რომელიც ექიმებს პანდემიის მიმდინარეობასთან და ახალი ტალღის დაწყებასთან დაკავშირებით აქვთ:

​მეხუთე ტალღის სიმძიმის განმსაზღვრელი იქნება, თუ რა გამოიწვევს შემთხვევების მატებას. ყველაზე დიდი რისკი არის, როდესაც შემთხვევების მატება უკავშირდება ახალ ვარიანტს. კორონავირუსის ახალი ისეთი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია სერიოზული ცვლილებების გამოწვევა და შემთხვევების მკვეთრი მატება, დღეისთვის არ არის. ალფა და დელტა ვარიანტი არის კოვიდ-19-ის ყველაზე სერიოზული და სახიფათო ვარიანტები. ჩვენ მათი შედეგები უკვე ვიწვნიეთ. თუ ახალი მუტაცია გამოჩნდება, რომელსაც ისეთივე თვისებები ექნება გადაცემისა და ლეტალობის, როგორიც დელტა ვარიანტს, შესაძლებელია, ამან გამოიწვიოს შემთხვევების მატების ახალი ტალღა.“

ივანე ჩხაიძის თქმით, „მიუ“ მუტაცია არ მიეკუთვნება იმ მუტაციებს, რომელთაც ეპიდაფეთქებების გამოწვევა შეუძლიათ:

„ის მუტაცია, რომლის შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად საუბრობენ, ე.წ. „მიუ“ მუტაცია, რომელიც ჩვენს მეზობელ თურქეთშიც არის, არ მიეკუთვნება იმ მუტაციებს, რომელსაც შეუძლია შემთხვევების მატების, ეპიდაფეთქებების გამოწვევა. ​ჯანმო მას განიხილავს, როგორც ინტერესის ვარიანტს. დღეისთვის ის 50 ქვეყანაშია აღნიშნული. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში მისი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.“

„თუ ჩვენ ველოდებით მეხუთე ტალღას, ეს უკავშირდება სეზონურ მატებას შემთხვევების, რომელიც უკავშირდება საქართველოში პერიოდს ოქტომბრიდან მარტამდე. ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს სეზონური ვირუსების მატება. მათ შორის, შესაძლებელია იყოს ​კორონავირუსებით გამოწვეული შემთხვევების მატება. მეოთხე ტალღის პიკი ქვეყანაში იყო აგვისტოს 17-დან 24 რიცხვამდე. გარდაცვალების პიკი ინფიცირების პიკიდან 4-6 კვირის შემდეგ აღინიშნება. ახლანდელი კვირა და მომდევნო კვირა იქნება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები, სამწუხაროდ, მაღალი იქნება. ოქტომბრიდან დაწყებული იქნება გარდაცვალების მინიმალური რაოდენობა. ამავე პერიოდში ველოდებით ინფიცირების შემთხვევების კლებასაც,” - აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ Euronews Georgia - ს ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ Euronews Georgia 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

„დელტა შტამის დროს უცებ ხდება დამძიმება და სიმპტომების მკვეთრი გაშლა,“ - თერაპევტი ხათუნა...
​თერაპევტმა ხათუნა ნუცუბიძემ დელტა შტამის თავისებურებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა შტამებისგან განსხვავებით მას მოულოდნელი და სწრაფი დამძიმება ახასიათებს:„​ადრე დაავადება იწყებოდა მარტივი...

შეიძლება დაინტერესდეთ

არა ქალ კლა - როგორ აღმოვფხვრათ ფემიციდი საქართველოში?

არა ქალ კლა - როგორ აღმოვფხვრათ ფემიციდი საქართველოში?

ქალებზე ძალადობის უწყვეტი ქრონიკები ბოლო პერიოდში ერთგვარ შემზარავ ტენდენციად იქცა. თითქმის დღე არ გავა, ძალადობის რომელიმე ფორმის შესახებ, არ გვაუწყოს მედიამ. ქალზე ძალადობის უკიდურესი გამოვლენის (ფემიციდის) ყველაზე შემზარავი ერთ-ერთი ბოლო ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხდა. 5 შვილს მამამ დედა მოუკლა. საქართველოში, ძალადობაგამოვლილ ბავშვთა რაოდენობას კიდევ 5 ახალი ბავშვი დაემატა, რომელებიც უმშობლებოდ ყოფისთვის გაწირა საკუთარმა მამამ.

ამ ამბავშიც, ისევე როგორც მის წინამორბედების ძალადობის ქრონიკებში, პატრიარქატის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები დედის, ქალის მისამართით რისხვას  არასდროს იშურებენ. ისინი პასუხს ყოველთვის ქალს, დედას სთხოვენ, ყველანაირ ვალდებულებას აკისრებენ მას და მეტიც, ამართლებს ქალთა მიმართ ძალადობას, რაც უთანასწორო, დისკრიმინაციულ, დანაშაულებრივ აზრს კვებავს და საგანგაშოდ აბრკოლებს ინდივიდების განვითარებას.

სად არის პრობლემა და რაშია გამოსავალი, სოციალურ ქსელში მცირე მოკვლევა ჩავატარე. გთავაზობთ როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე ექსპერტების მოსაზრებებს.

მოქალაქეები:

„ფემიციდს, ჩემი აზრით, იწვევს  საზოგადოების გაუნათლებლობა, მწირი მსოფლმხედველობა. სწორედ ამიტომ, მასთან გასამკლავებლად მუშაობას სკოლებიდან და ბაღებიდან დავიწყებდი. კერძოდ, ბავშვებისთვის იმის ახსნას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, სქესის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური სტატუსის განურჩევად და რომ ყველა პატივისცემას, ადამიანურ მოპყრობას იმსახურებს. ჩვენ, ინდივიდებს არ გვაქვს სხვისი ცხოვრების მართვის და მათზე ბატონობის უფლება. უფროსი თაობისთვის, ვფიქრობ, ეფექტიანი საინფორმაციო კამპანიებს მოწყობა იქნებოდა (რეგიონებში კარდაკარ ფლაერების დარიგება მობილური ჯგუფის მიერ, რომელიც მცირე შემეცნებით/საგანმანათლებლო ფუნქციითაც იქნებოდა დატვირთული), სოციალური რეკლამები გაჩერებებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, რომ ყოველ ნაბიჯზე ყველას თვალში ხვდებოდეს, თუ რა საშინელებას აკეთებს და რა აზროვნებითაც ცხოვრობს უმრავლესობა, რომლის წინააღმდეგ გაერთიანება ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი აზროვნება და მსოფლმხედველობა რომ შეიცვალოს,“ - თამარი, 31 წლის, მედიცინის მუშაკი

„XXI საუკუნის მსოფლიოში, სამწუხაროდ, ისევ აქტიურად გვიწევს ფემიციდის შემთხვევებზე საუბარი. საქართველოში ყოველი მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია და მათ შორის, უხვადაა ფემიციდის შემთხვევებიც. ახლანდელობაში გადმოტანილი დამახინჯებული ვითომ ქართული ტრადიციები  ხაზს უსვამს მამაკაცის ვითომ უპირატესობას, რაც საკმაოდ ეწინააღმდეგება ნამდვილ ქართულ ტრადიციას. ქართული კულტურა კი შოთას აზროვნებაზე დგას:- „ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია“. საქართველო ღვინის და ტრადიციების ქვეყანაა, მაგრამ დამახინჯებული ტრადიცია ადამიანებს (ამ შემთხვევაში, კაცებს) გონებას უწამლავს და ღვინო   საბოლოოდ ,,არაადამიანური" ქმედებისკენ უბიძგებს. ამასთან, იმ რგოლშიც, სადაც სახელმწიფო დონეზე ევალებათ გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავად ისინია მოკლებული გენდერულ სენსიტიურობას... მეტიც, ბევრი თანამდებობის პირია პატრიარქალური ღირებულებების მატარებელი, რაც იწვევს ქალთა გარკვეული სახის დისკრიმინაციას. მაგალითად, რადგან ქალია  ფიქრობენ, რომ მას არ შეუძლია ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოებზე მუშაობა, რაშიც ნამდვილად ცდებიან. გაახილონ თვალები, მიმოიხედონ ირგვლივ, თუ ისტორიას არ წაიკითხავენ,“ - ნიკა, 18 წლის, ახალგაზრდული საკრებულოს წევრი.

„ქალთა მიმართ ძალადობის სათავეს ცუდ, არასწორ აღზრდაში ვხედავ, რაც ტრავმებს შობს და კომპლექსებს. ჩემი აზრით, სწორედ ეს ხდის კაცს/ადამიანს მოძალადედ. შესაბამისად, ვფიქრობ, გამოსავალი მათ რეაბილიტაციაშია, მათი არასწორი ქცევების გააზრებაში,“ - თეონა, 38 წლის, მხატვარი, ტანსაცმლის დიზაინერი

ექსპერტები:

"ვიდრე არ შევცვლით გენდერულად სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს ქალისა და მამაკაცების მიმართ და არ მოვშლით კაცის დომინანტურ და ქალის დაქვემდებარებულ როლებს; ვიდრე არ მივხვდებით, რომ არ უნდა მივმართოთ გოგონების აღზრდის ისეთ მოდელს, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი სიძლიერე და თანასწორობა ბიჭებთან; ვიდრე საზოგადოება არ დაგმობს და მძლავრად არ დაუპირისპირდება ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და ფემიციდს; ვიდრე გააგრძელებს გულრილობას და შემწყნარებლობის გამოჩენას მოძალადეების მიმართ და განაგრძობს ძალადობის მიზეზების ქალში ძიებას ... ვიდრე სისტემა არ გამოფხიზლდება და არ დანერგავს ეფექტიან პრევენციულ ზომებს და არ აარიდებს ქალს ძალადობის საფრთხეს... ვიდრე არ დაიწყებს მოძალადეებთან ადრეულ ეტაპზე მუშაობას , სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა;. ვიდრე ქალს არ გავაძლერებთ ისე, რომ შვილების და საკუთარი მომავლის არ შეეშინდება; ვიდრე და კიდევ ბევრი ვიდრე - ჩვენ მუდამ ამ დანაღმულ ველზე ვივლით, ახალი მსხვერპლის მოლოდინში..." - ეკატერინე გამახარია, ქალთა ფონდი "სოხუმის" თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

როგორც წესი, ფემიციდის ჩადენამდე ქალი განიცდის სხვადასხვა სახის ძალადობას, მათ შორის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო ფემიციდი ანუ მკვლელობა არის ამ ძალადობრივი კასკადის კულმინაცია. ამიტომ, დროული ჩარევითა და რისკების შეფასებით შესაძლებელია ფემიციდის თავიდან აცილება. აქედან გამომდინარე, მინდა, მივმართო ქალებს, დედებს, ლაპარაკი ყველაზე ძლიერი იარაღია თავის დასაცავად, რა დროსაც აუცილებლად გამოჩნდება ვინმე თქვენს გვერდით, რომელიც მხარს დაგიჭერთ და დაგეხმარებათ,“ - გოგა ხატიაშვილი, ექსპერტი, დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი, ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამების მენეჯერი.

„ფემიციდის გამომწვევი მიზეზები კომპლექსური და მულტი-ფაქტორულია. ეს არის ერთდროულად სოციალური, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური გამოწვევა და არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ერთი რგოლის ამუშავება, თუნდაც ძალიან კარგად, ვერ აღმოფხვრის ფემიციდს, თუ დანარჩენი რგოლი სუსტია. უპირატესად, მნიშვნელოვანია, ბრძოლის დაწყება დრომოჭმულ, პატრიარქალურ შეხედულებებთან, რომლებიც ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენენ ჩვენი საზოგადოების ღირებულებებზე, ჩვენს პირად ურთიერთობებზე, რაც მნიშვნელოვანწილად უსაზღვრავს ქალებს, თუ როგორ იცხოვრონ. ეს გავლენას ახდენს ბიჭებისა და გოგოების აღზრდაზე და საზიანო გენდერული სტერეოტიპების ბავშვობიდანვე დასწავლაზე, რაც საბოლოოდ გამოიხატება პარტნიორი ქალების ან ოჯახის წევრი ქალების მიმართ ძალადობრივი ქმედების დემონტრირებით. ამასთან, ჩვენი საგანმანათლებლო სივრცეც ჯერ კიდევ სავსეა ისეთი პროგრამებით, რომლებიც ცალსახად აიდეალიზებენ მამრობით სქესს და ახდენენ კაცების დომინირების რომანტიზაციას, მათ ჰეროიზაციას, რაც მთლიანობაში ქმნის მენტალიტეტს. ეს კი საბოლოოდ გავლენას ახდენს მოსამართლეზე, გამომძიებელზე, პროკურორზე და ნებისმიერ ადამიანზე. ალბათ არც იმის თქმას უნდა მოვერიდოთ, რომ ქვეყანაში გამეფებულია ისეთი რელიგიური სწავლება, რომლის დროსაც მაღალი სასულიერო წოდების პირები არ ერიდებიან, ქალების დადანაშაულებას რიგ გლობალურ თუ ლოკალურ ტრაგედიებში. ამბიონიდან ხშირად ისმის ქალების მორჩიელბისკენ მოწოდებები, რაც ასაზრდოვებს მიზოგინიას მორწმუნე საზოგადოებაში. აქვე აღვნიშნავ მედიის ფაქტორსაც საქართველოში, რომელიც არ გამოირჩევა სენსიტიური მიდგომებით და კიდევ უფრო ამძიმებს სურათს თავიანთი გაშუქების ფორმით. ბოლოდროინდელ ტენდენციებით იკვეთება, ფემიციდის განმეორების ფაქტები და ის თუ რამდენად გადამდები ეფექტი აქვს მას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მოქმედმა მედიებმა თავინთი წილი პასუხისმგებლობა გაიაზრონ და ძალიან პრფესიონალურად, ეთიკურად მიუდგნენ ფემიციდის გაშუქების საკითხს. ამგვარად, ყველა რგოლს მართებს გამართული ფუნქციონირება, ფემიციდის საგანგაშოდ მაღალი სტატისტიკის აღმოსაფხვრელად," - ნინო ბაისონაშვილი, უფლებადამცველი, ქალთა ორგანიზაცია ფემინას დამფუძნებელი

საქართველოში არსებული ყველა უფასო სერვისისა და გაძლიერების პროგრამების პოვნა შეგიძლიათ ქალთა ფონდი “სოხუმის“ მიერ შექმნილ ვებგვერდზე „ძალადობის სხმვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტი. იპოვე შენთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია ერთ სივრცეში და გაავრცელე -  https://sosfsokhumi.ge/

მასალა მოამზადა: ლინდა ჩიხლაძემ

R. 

წაიკითხეთ სრულად