Baby Bag

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი, აკადემიის ტანმოვარჯიშეებთან ერთად, გვაჩვენებს ზურგის კუნთის ვარჯიშებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

„პანდემიამდეც მოდიოდნენ აკადემიაში ბავშვები, რომლებსაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, ვატყობთ ხოლმე, რომ ზოგს პატარა გამრუდება აქვს,ზოგს ლორდოზი, კიფოზი. თუმცა პანდემიამ უფრო წინ წამოწია ეს პრობლემა და ბევრი ბავშვი მოდის, რომლებიც  მხრებში არიან მოხრილები, ან ზურგის კუნთები იმდენად სუსტი აქვთ, რომ ხერხემალს ვერ იჭერენ. ამისთვის აუცილებელია, ხერხემლის დამჭერი ზურგის კუნთების გამაგრება, ასევე ჩვევის გამომუშავება, რომ მხრებში გაიმართოს და რაც უფრო ხშირად გავუმეორებთ უკეთესია.“

ტანმოვარჯიშის რეკომენდაციით, თითოეული ვარჯიში, დილა-საღამოს, 10-10-ჯერ უნდა გავიმეოროთ.

„სპეციალურად ისეთი ვარჯიშები შეგირჩიეთ, რომლებიც სახლის პირობებში ყველას შეუძლია გააკეთოს, უბრალოდ მყარი ზედაპირი ან ხალიჩა საკმარისია.“

წყარო: ,,​პოსტ ალიონი"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქცევითი დარღვევები, რაც ეკრანდამოკიდებულებას ახლავს თან, შესაძლოა, აუტიზმთან იყოს საერთო,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე

ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ვირტუალური აუტიზმის შესახებ საუბრობს, რომელიც სამედიცინო ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული დაავადება არ არის. სოფო ბახტაძის თქმით, ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში აუტიზმის მსგავს ქცევით დარღვევებს იწვევს:

„ვირტუალური აუტიზმი, დავაკონკრეტებ, რომ ჯერ არ არის სამედიცინო ტერმინოლოგიაში როგორც დაავადება იდენტიფიცირებული. თუმცა ეს ტერმინი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ის ქცევითი დარღვევები, რაც ეკრანდამოკიდებულებას ახლავს თან იყოს საერთო აუტიზმთან, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ აუტიზმი ნეიროფსიქიატრიული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრობლემა, სოციალური ინტერაქციის სიღარიბე და თვალის თვალთან კონტაქტი. აუტიზმის დიაგნოსტირების ქვაკუთხედი სწორედ ეს სამი ძირითადი ფაქტორია.“

სოფო ბახტაძე ეკრანდამოკიდებულების უმთავრეს უარყოფით ეფექტად სოციალურ იზოლაციას მიიჩნევს:

„ეკრანდამოკიდებული ბავშვი მეტ-ნაკლებად იზოლირებულია გარესამყაროსგან. ვისაც ეს პრობლემა აქვს ოჯახში, ყველა დამეთანხმება, რომ მათ ძალიან აწუხებთ, რომ ბავშვი იზოლირებულია სოციუმისგან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იზოლაცია არის ის, რაც მას საერთო შეიძლება ჰქონდეს აუტიზმთან. სოციალური დისტანცირება აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ სოციალური იზოლაციისგან. ეკრანდამოკიდებულ ბავშვს, რომელიც მიჯაჭვულია ეკრანთან თავისი გასართობი თუ სოციალური აქტივობის დროს, დაემატა აკადემიური საქმიანობაც. ეკრანმა მიიღო აკადემიური ატრიბუტის, აკადემიური ხელსაწყოს ფუნქცია. აქ უკვე მივიღეთ ეკრანდამოკიდებულების დაჯამებული, სუმირებული ეფექტი. ამიტომ მშობელი უნდა იყოს ფრთხილად და ძალიან ყურადღებით, რომ მისი შვილის ეკრანდამოკიდებულება არ გადაიზარდოს ქრონიკულ სოციალურ იზოლაციაში.“

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად