ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი, აკადემიის ტანმოვარჯიშეებთან ერთად, გვაჩვენებს ზურგის კუნთის ვარჯიშებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
„პანდემიამდეც მოდიოდნენ აკადემიაში ბავშვები, რომლებსაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, ვატყობთ ხოლმე, რომ ზოგს პატარა გამრუდება აქვს,ზოგს ლორდოზი, კიფოზი. თუმცა პანდემიამ უფრო წინ წამოწია ეს პრობლემა და ბევრი ბავშვი მოდის, რომლებიც მხრებში არიან მოხრილები, ან ზურგის კუნთები იმდენად სუსტი აქვთ, რომ ხერხემალს ვერ იჭერენ. ამისთვის აუცილებელია, ხერხემლის დამჭერი ზურგის კუნთების გამაგრება, ასევე ჩვევის გამომუშავება, რომ მხრებში გაიმართოს და რაც უფრო ხშირად გავუმეორებთ უკეთესია.“
ტანმოვარჯიშის რეკომენდაციით, თითოეული ვარჯიში, დილა-საღამოს, 10-10-ჯერ უნდა გავიმეოროთ.
„სპეციალურად ისეთი ვარჯიშები შეგირჩიეთ, რომლებიც სახლის პირობებში ყველას შეუძლია გააკეთოს, უბრალოდ მყარი ზედაპირი ან ხალიჩა საკმარისია.“
გაციების დროს რა უნდა გააკეთოთ და რა - არა! - თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, გაციება ამ ბოლო დროს პრობლემად იქცა, რადგან ზოგიერთს ჰგონია, რომ კორონა ვირუსი აქვს. ვიდეოში ექიმი რეზიდენტი საუბრობს კონკრეტულად გაციების დროს რა უნდა გააკეთოს ადამიანმა და რა არ უნდა გააკეთოს:
,,გაციება ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება ცხვირის და ხახის ლორწოვანი გარსების ანთება, მას ვირუსული ნაზოფარინგიტი ჰქვია და მას იწვევს 200-ზე მეტი ვირუსი. თუმცა ყველაზე ხშირია რინოვირუსი. თუ ამ ვირუსით დაავადებულს შეხვდებით, ხელს ჩამოართმევთ, დაეკონტაქტებით, ორ დღეში დაიწყება სიმტომები. მისი სიმპტომებია - სურდო, ვერ სუნთქავთ ცხვირით და იცვლება ხმაც, ყელის ტკივილი, შეიძლება იყოს ხველა და ასევე ცემინება. ეს არის კლასიკური გაციება,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
ექიმი ასევე გასწავლით, თუ როგორ ებრძოლოთ გაციებას:
,,თუ ვინმეს შეხვდებით, ვინც გაციებულია, ეგრევე ხელები დაიბანეთ. ხელების დაბანით თავს დაიცავთ - ეს არის პირველი რჩევა. თუ მაინც დაინფიცირდით და შემაწუხებელი სიცხე გაქვთ, არსებობს ორი მედიკამენტი: იბუპროფენი და აცეტამინოფენი, იგივე პარაცეტამოლი. გაციების დროს ყველაზე კარგად იბუპროფენი მუშაობს. პარაცეტამოლის ეფექტი გაციების დროს არ ვიცით როგორია, ამიტომ სჯობს იბუპროფენი მიიღოთ. მეორე რჩევაა, არ გამოიყენოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, ეს ფულის ტყუილად ხარჯვაა. ამას განსაკუთრებით ვეუბნები მშობლებს, მით უმეტეს 6 წლამდე ბავშვებს ნუ დაალევინებთ ხველის საწინააღმდეგო წამლებს, რადგან გაციების დროს მათი სარგებელი და რისკები არ არის ერთმანეთთან ბალანსში. ზოგიერთი იყენებს ასევე ცხვირის საშუალებებს, რაც სურდოს ხსნის, მაგრამ მათი ეფექტურობაც გაციების შემთხვევაში ძალიან დაბალია. ყველაზე ეფექტურია გაციების დროს თუთია. გაციების ნიშნების დაწყებიდან პირველ 24 საათში თუ მიიღებთ თუთიას, პირველი - შემცირდება დაავადების სიმძიმე, მეორე შემცირდება დაავადების ხანგრძლივობა, მესამე - შეიძლება აღარც დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტები, რადგან მდგომარეობიდან უფრო სწრაფად გამოხვალთ. არ დალიოთ კატეგორიულად ანტიბიოტიკები. თუთიის ეფექტურობა თუ გინდათ დაინახოთ, მაშინ დოზა სწორად უნდა შეარჩიოთ. გაციების დროს თუთია უნდა იყოს გამოყენებული 50-იდან 75 მილიგრამამდე,'' - დასძენს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება C ვიტამინს, იგი გაციების ხანგრძლივობას ცოტათი ამცირებს, თუმცა სიმძიმეს არ ცვლის. ამიტომ C ვიტამინზე ეფექტური თუთიაა. D ვიტამინის როლი კი არ არის ცნობილი.