Baby Bag

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი, აკადემიის ტანმოვარჯიშეებთან ერთად, გვაჩვენებს ზურგის კუნთის ვარჯიშებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

„პანდემიამდეც მოდიოდნენ აკადემიაში ბავშვები, რომლებსაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, ვატყობთ ხოლმე, რომ ზოგს პატარა გამრუდება აქვს,ზოგს ლორდოზი, კიფოზი. თუმცა პანდემიამ უფრო წინ წამოწია ეს პრობლემა და ბევრი ბავშვი მოდის, რომლებიც  მხრებში არიან მოხრილები, ან ზურგის კუნთები იმდენად სუსტი აქვთ, რომ ხერხემალს ვერ იჭერენ. ამისთვის აუცილებელია, ხერხემლის დამჭერი ზურგის კუნთების გამაგრება, ასევე ჩვევის გამომუშავება, რომ მხრებში გაიმართოს და რაც უფრო ხშირად გავუმეორებთ უკეთესია.“

ტანმოვარჯიშის რეკომენდაციით, თითოეული ვარჯიში, დილა-საღამოს, 10-10-ჯერ უნდა გავიმეოროთ.

„სპეციალურად ისეთი ვარჯიშები შეგირჩიეთ, რომლებიც სახლის პირობებში ყველას შეუძლია გააკეთოს, უბრალოდ მყარი ზედაპირი ან ხალიჩა საკმარისია.“

წყარო: ,,​პოსტ ალიონი"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში“ - ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

„ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში“ - ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ზაფხულში გასათვალისწინებელ რჩევებს აძლევს. გთავაზობთ მის რეკომენდაციებს:

„​ძვირფასო მშობლებო! დადგა ზაფხული და თქვენც გაემგზავრეთ სოფლებში, აგარაკებზე! ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ ბავშვები გალაღდნენ, ეს ბუნებრივია და ძალიან საჭიროც! მეცნიერები საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ინფექციების ყველაზე ეფექტური პრევენცია ჰიგიენური ნორმების დაცვაა! ამიტომ:

  • ხშირად დაბანეთ ბავშვებს ხელები, უფრო ხშირად, ვიდრე ადრე აკეთებდით ამას
  • მიაქციეთ ყურადღება, არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში
  • კარგად გარეცხილი ხილი, ბოსტნეული და განსაკუთრებით მწვანილი, 30 წუთით მაინც ამყოფეთ გამდინარე წყალში
  • ასვით ბევრი წყალი, მაგრამ რეგიონებში ცენტრალური წყალგაყვანილობის და ზოგადად წყლის პრობლემის გამო, ჯობია, შესთავაზოთ ნაყიდი წყალი ან გადადუღებული და გაგრილებული
  • ძალიან მომრავლდა მწერები, ამიტომ ძილის წინ მაინც ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული, რომ არ გამოგეპაროთ კანზე მიმჯდარი ტკიპა
  • გუბეებთან საღამო ხანს ბევრია მოსკიტი, რომლებიც სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან, ამიტომ გუბეებთან ნუ ითამაშებენ
  • ზოგადად ჯობია, ჩააცვათ თხელი გრძელმკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი
  • ნუ გაიყვანთ თაკარა მზის პერიოდში, თუმცა მზის პირდაპირი სხივი სასურველია, მოხვდეთ დილით 9 საათიდან 11-მდე და საღამოს 17 საათიდან 19-მდე, თუ გიწევთ აუცილებლობის გამო მზეზე გასვლა, ჩააცვით ღია ფერის ტანსაცმელი, დაუტენიანეთ ხილული კანი მზისგან დამცავი კრემით SPF 30-50 და თავზე დაახურთ კეპი
  • მარკეტებში პერიოდულად მაცივრებს რთავენ, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით (ზუსტად ვიცი) ამიტომ ფრთხილად შეიძინეთ მალფუჭებადი პროდუქტები, ყურადღება მიაქციეთ მითითებულ ვადებს, პურზეც აუცილებლად, კოლოფების მთლიანობას, ნუ იყიდით კრემიან ნამცხვრებს
  • ზაფხულში ხშირია დიარეა, ღებინება, რაც შეიძლება კვებითმა ინტოქსიკაციამ გამოიწვიოს, შეიძლება მოხდეს ტემპერატურული რეაქციების თანხვედრაც ამ სიმპტომებთან, რისი მიზეზიც ნაწლავური ვირუსები ან ბაქტერიები შეიძლება იყოს, ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ კლინიკას. ბავშვს შეიძლება, ალერგიული რეაქციები განუვითარდეს. ამ სეზონზე განსაკუთრებით ხშირია ცემინება, ხველა, კანზე გამონაყარი, შეშუპება, შეწითლება (მწერის ნაკბენზე) აუცილებელია, დიფერენცირება ექიმმა მოახდინოს. ამიტომ იქონიეთ კონტაქტი თქვენს პედიატრთან! 


​ეს ყველაფერი თქვენთვის კარგად ცნობილია, მაგრამ შეხსენება, მერწმუნეთ, არ გვაწყენს! ჯანმრთელი, ბედნიერი და მშვიდობიანი ზაფხული თქვენ და თქვენს პატარებს,“ - წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

წაიკითხეთ სრულად