Baby Bag

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12 - დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა“ - ანა მაღრაძე

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12 - დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა“ - ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ რისკ ჯგუფის მქონე ბავშვების(12-15 წლის) ვაქცინაციაზე ისაუბრა, რომელთა აცრის დაწყებასაც ამ ეტაპზე განიხილავენ.

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12-15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა. მაღალი რისკ ჯგუფის მქონე პაციენტები არიან მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ თავშესაფრებში, აქვთ დაავადებები, რომლებიც აქვეითებს მათ იმუნურ სტატუსს, ეს არის სხვადასხვა გულ-ფილტვის დაავადებები, თანდაყოლილი ანომალიები, მანკები, ღვიძლის და თირკმლის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც მოითხოვს მკურნალობას, ჰორმონებით ან ქიმიოპრეპარატებით. ასევე, ვისაც აქვს ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, რომელთა დროს რისკი მეტია“.

პედიატრის თქმით, ვაქცინაცია არის პრევენცია, ის არ არის 100%-იანი დაცვა:

„ვაქცინაციის მეშვეობით ვიცავთ ბავშვს, რომ ვირუსის მატარებელ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში ან საერთოდ არ, ან მსუბუქი სიმპტომატიკით გამოეხატოს ინფექცია.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ზოგადად, ნებისმიერ ვაქცინას ახასიათებს, ძირითადი და დროებითი უკუჩვენება. ადგილობრივი რეაქცია, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურული რეაქცია, რაც შესაძლებელია, როგორც მოზრდილს, ასევე ბავშვს განუვითარდეს".

წყარო: "დილა მშვიდობისა საქართველო"

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად