Baby Bag

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანაშვილმა ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც გულმა ტკივილი არ იცის პრობლემის დროს:

„გულმა ტკივილი იცის სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მას აქვს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, გადადის ხელზე, ამოდის ყბის დონეზე ან გადაეცემა კუჭს“.

მისი თქმით, აუცილებელია კუჭის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, გულის პრობლემების გამოსარიცხად:

,,ყოფილან პაციენტები, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ ერთი წელი სვამდნენ ბორჯომს, წყალში ურევდნენ სოდას და ეს უმშვიდებდა კუჭის ტკივილს, რეალურად კი ჰქონდათ სისხლძარღვის შევიწროვება.

რაც შეეხება, სხვა პათოლოგიებს, იქიდან გამომდინარე, რომ გული კუნთოვანი ორგანოა, მას აქვს ადაპტაციის, შეგუების უნარი. ჩემს პაციენტებს უკვირდათ ხოლმე, არასდროს არ მაწუხებდა და რატომ მაქვს აორტის სარქვლის შევიწროებაო“.

კარდიოქირურგმა აღნიშნა, რომ ხშირად, გულის აჩქარების მიზეზი შეიძლება სითხის ნაკლებობა იყოს. ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა უნდა იყოს შევსებული. გააჩნია ადამიანის წონას, მაგრამ 1,5 - დან 2 ლიტრამდე წყალი ეს ის აუცილებლობაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, რათა სწორად იფუნქციონიროს.

წყარო: „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი წყალი უნდა დალიოს ბავშვმა: ონკანის თუ ბოთლის?

რომელი წყალი უნდა დალიოს ბავშვმა: ონკანის თუ ბოთლის?

ბოთლის წყალი მშობლებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ისინი თვლიან, რომ ონკანის წყალთან შედარებით ბოთლის წყალი ბავშვებისთვის ბევრად სასარგებლო და უსაფრთხოა. აქვს თუ არა მას რაიმე უპირატესობა სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ დასალევად მოსახერხებელია?!

ბოთლის წყალს ონკანის წყალთან შედარებით არანაირი უპირატესობა არ აქვს, ის არც მეტად უსაფრთხოა და არც მეტად სასარგებლო. როგორც წესი, ბოთლში ჩამოსხმული წყალი უმეტესად ონკანისაა, რომელსაც ფილტრავენ. იმ შემთხვევაში, თუ ონკანის წყლის გემო არ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ შედარებით ხელმისაწვდომი ფილტრი შეიძინოთ და წყალი გაფილტროთ, ან მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები შეიძინოთ, რომელსაც შიგნით ფილტრი აქვს ჩამაგრებული.

საბედნიეროდ, წყლის გამწმენდი და გამფილტრავი მარტივი მოწყობილობები წყლიდან ფტორს არ გამოდევნის, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი ფტორსაც ანადგურებს, რის გამოც ფილტრის შეძენამდე პედიატრთან გასაუბრებას გირჩევთ.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ჩვილ ბავშვებს ექვსი თვის ასაკიდან ფტორის დანამატები ესაჭიროებათ. თუ წყალში ფტორის კონცენტრაცია ნორმალურია, მაშინ ბავშვმა ფტორი სწორედ წყლის დახმარებით უნდა მიიღოს. თუ ბავშვს ფტორის დანამატს აძლევთ, პარალელურად ფტორის შემცველი წყლის მიცემა ფლუოროზის (კბილის მყარი ქსოვილის განვითარების დარღვევა) განვითარებას გამოიწვევს. ონკანის წყალთან ერთად ბავშვს შეგიძლიათ სპეციალური საბავშვო წყლებიც მისცეთ.

ბოთლისა და ონკანის წყლის გარდა ბავშვებს შეგიძლიათ ჭის წყალიც შესთავაზოთ. თუმცა, აუცილებელია, რომ ჭის წყალი შემოწმებული იყოს. ჭის წყალი, შესაძლოა, ნიტრატებს, პესტიციდებსა და ბაქტერიებს შეიცავდეს. ჭის წყალში ფტორის შემცველობა ხშირად დადგენილ ნორმებთან შეუსაბამოა. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ვიდრე ბავშვს ჭის წყალს მისცემთ, მისი გაფილტვრა აუცილებელია.

ბავშვებს ჰიდრატაცია და ფტორის მარაგის შევსება ესაჭიროებათ, სწორედ ამიტომ, ონკანის წყალი მათთვის ძალიან სასარგებლოა. წყალი კალორიებს საერთოდ არ შეიცავს, რის გამოც ის ტკბილი გაზიანი სასმელებისა და ხილის წვენების შესანიშნავი ალტერნატივაა. გარდა ამისა, ონკანის წყალი ძალიან იაფი და უსაფრთხოა. ონკანის წყალი ბავშვს შეგიძლიათ, მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებით მიაწოდოთ, რომლებიც გაცილებით უსაფრთხო და ჯანსაღია, ვიდრე პლასტმასის ბოთლები.

მომზადებულია ​verywellfamily.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად