Baby Bag

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანაშვილმა ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც გულმა ტკივილი არ იცის პრობლემის დროს:

„გულმა ტკივილი იცის სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მას აქვს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, გადადის ხელზე, ამოდის ყბის დონეზე ან გადაეცემა კუჭს“.

მისი თქმით, აუცილებელია კუჭის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, გულის პრობლემების გამოსარიცხად:

,,ყოფილან პაციენტები, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ ერთი წელი სვამდნენ ბორჯომს, წყალში ურევდნენ სოდას და ეს უმშვიდებდა კუჭის ტკივილს, რეალურად კი ჰქონდათ სისხლძარღვის შევიწროვება.

რაც შეეხება, სხვა პათოლოგიებს, იქიდან გამომდინარე, რომ გული კუნთოვანი ორგანოა, მას აქვს ადაპტაციის, შეგუების უნარი. ჩემს პაციენტებს უკვირდათ ხოლმე, არასდროს არ მაწუხებდა და რატომ მაქვს აორტის სარქვლის შევიწროებაო“.

კარდიოქირურგმა აღნიშნა, რომ ხშირად, გულის აჩქარების მიზეზი შეიძლება სითხის ნაკლებობა იყოს. ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა უნდა იყოს შევსებული. გააჩნია ადამიანის წონას, მაგრამ 1,5 - დან 2 ლიტრამდე წყალი ეს ის აუცილებლობაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, რათა სწორად იფუნქციონიროს.

წყარო: „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი მშიერი არ დარჩება, არ დაიტოვებს მშიერს თავს, ეს წარმოუდგენელია,“ - ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„ბავშვი მშიერი არ დარჩება, არ დაიტოვებს მშიერს თავს, ეს წარმოუდგენელია,“ -  ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

​​ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს გადაჭარბებული ზრუნვისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ზედმეტი ყურადღებით ბავშვზე ზეწოლას ვახდენთ:

„მშობლებს ხშირად უჩნდებათ გადამლაშების ფენომენი. ეს ეხება ბავშვთან ურთიერთობის ისეთ განსაკუთრებულ ასპექტებს, რომელიც მერე გაყვანილია ამაგსა და ზრუნვაში. ბავშვის ძალით კვება, არასწორი ჩაცმა, არასწორი დასწავლის ფენომენი - ეს ყველაფერი ზეწოლაა თავისი შინაარსით, ჩვენ კი ზრუნვას ვეძახით.“

ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, როდესაც ბავშვს ჭამა აღარ უნდა, მისთვის საკვების დაძალება სწორი არ არის:

„აღარ უნდა ბავშვს ჭამა. ეს ხომ ძალიან მარტივია, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, რომ ულუფა ბოლომდე ვაჭამო. ჭამა ინსტინქტური ქცევაა, გადარჩენისთვის აუცილებელი თანდაყოლილი მოდალობაა, ამას არავინ არ სწავლობს. წარმოუდგენელია, რომ ბავშვმა არ ჭამოს. რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ,​ თუ არის კუჭ-ნაწლავის, ტვინის სერიოზული პრობლემები. ეს სხვა საკითხია და მაშინ სპეციალისტია საჭირო.“

„სავსებით დასაშვებია, რომ ეს ზეწოლაზე პროტესტული პასუხი იყოს. ბავშვი უფროსს ფიზიკურად ვერ მოერევა, ამიტომ ქცევას პოულობს. რა თქმა უნდა, ხასიათი შეიცვლება, იმიტომ, რომ ჩვენ საკვებიდან ვიღებთ აუცილებელ ინგრედიენტებს, მათ შორის გლუკოზას, ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს. ეს ყველაფერი ტვინისა და ნერვული სისტემის საშენი მასალაა. ქცევის განმსაზღვრელი ტვინია.​ თუ საკვები არასრულფასოვანია და ასაკის შესაბამისი არ არის, რა თქმა უნდა, იქნება ქცევის შეცვლაც. მშობელმა ზედმეტობით არ უნდა გააფუჭოს საქმე. აჩემებული სიტყვებია: „დარჩა მშიერი.“ არ დარჩება მშიერი, ბავშვი არ დაიტოვებს მშიერს თავს, ეს წარმოუდგენელია," - აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“


წაიკითხეთ სრულად