Baby Bag

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანაშვილმა ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც გულმა ტკივილი არ იცის პრობლემის დროს:

„გულმა ტკივილი იცის სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მას აქვს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, გადადის ხელზე, ამოდის ყბის დონეზე ან გადაეცემა კუჭს“.

მისი თქმით, აუცილებელია კუჭის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, გულის პრობლემების გამოსარიცხად:

,,ყოფილან პაციენტები, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ ერთი წელი სვამდნენ ბორჯომს, წყალში ურევდნენ სოდას და ეს უმშვიდებდა კუჭის ტკივილს, რეალურად კი ჰქონდათ სისხლძარღვის შევიწროვება.

რაც შეეხება, სხვა პათოლოგიებს, იქიდან გამომდინარე, რომ გული კუნთოვანი ორგანოა, მას აქვს ადაპტაციის, შეგუების უნარი. ჩემს პაციენტებს უკვირდათ ხოლმე, არასდროს არ მაწუხებდა და რატომ მაქვს აორტის სარქვლის შევიწროებაო“.

კარდიოქირურგმა აღნიშნა, რომ ხშირად, გულის აჩქარების მიზეზი შეიძლება სითხის ნაკლებობა იყოს. ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა უნდა იყოს შევსებული. გააჩნია ადამიანის წონას, მაგრამ 1,5 - დან 2 ლიტრამდე წყალი ეს ის აუცილებლობაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, რათა სწორად იფუნქციონიროს.

წყარო: „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დელტა შტამის შემთხვევაში უფრო მეტია ფილტვების ანთების განვითარების ალბათობა,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„დელტა შტამის შემთხვევაში უფრო მეტია ფილტვების ანთების განვითარების ალბათობა,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობის თავისებურებებსა და მახასიათებლებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვებში ვირუსი, შესაძლოა, საწყის ეტაპზე ჩვეულებრივი გაციების მსგავსად მიმდინარეობდეს:

„ბავშვებში ეს ვირუსი შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც ჩვეულებრივი გაციება. პირველ ეტაპზე კორონივირუსის მიმდინარეობისას იყო მაღალი ტემპერატურა, ჰგავდა გრიპის გამოვლინებებს. იყო თავის ტკივილი, ყელის ტკივილი. უფრო აგრესიული და მძიმე მიმდინარეობა ჰქონდა თავიდან კორონავირუსს. ახლა დაავადება შესაძლებელია დაიწყოს როგორც გაციება. ​ამ ფორმას არ ახლავს ისეთი გამოვლინება, როგორიც არის ყნოსვისა და გემოს დაკარგვა.“

ივანე ჩხაიძის თქმით, დელტა შტამის შემთხვევაში ფილტვების ანთების განვითარების რისკი უფრო მაღალია:

​დელტა შტამის შემთხვევაში უფრო მეტია ფილტვების ანთების განვითარების ალბათობა. უფრო მეტად ზიანდება ქვემო სასუნთქი გზები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებთან, რომლებიც წვანან ჩვენს კლინიკებში, არის დაფიქსირებული ფილტვების ანთება. წამყვანი არის ფილტვების დაზიანება, რაც გამოარჩევს დელტა ვარიანტს. ფილტვების ანთების მკურნალობას აუცილებლად საავადმყოფო სჭირდება. თუ კორონავირუსის დროს ფილტვების ანთება განვითარდა, ბავშვის ასაკის მიუხედავად, მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია.“

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა ბავშვი, რომელსაც ​ცხვირიდან გამონადენი ან დაბალი ტემპერატურა აქვს, მაშინვე საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ, მაგრამ აუცილებელია ბავშვის სამედიცინო მეთვალყურეობა. შესაძლებელია მდგომარეობა დღეების განმავლობაში შეიცვალოს. მშობელს, შესაძლოა, გამორჩეს ისეთი ნიშანი, როგორიც არის სუნთქვის გახშირება. შეიძლება არ იყოს მაღალი ტემპერატურა, მაგრამ სუნთქვა გახშირდეს, რაც ექიმისთვის ნიშნავს, რომ საეჭვოა ფილტვების ანთება. ტესტირება უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც იქნება უფრო მეტი მიმანიშნებელი ამ დაავადებაზე და არა პირველივე საათებიდან,“ - აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად