ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ანალგინს ნახევარი საქართველო თვალდახუჭული იღებს. ექიმი მოსახლეობას ანალგინის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდის:
,,აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ანალგინს ნახევარი საქართველო თვალდახუჭული იღებს.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის თვალსაჩინოების სახით მინდა, გაგაცნოთ ანალგინის გვერდითი მოვლენები:
,,ანალგინმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდებიან მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალია ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არახშირი (≥1/1000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000 და <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევიან შეფასების გაკეთების საშუალებას).
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
კანის გამონაყარი, სისხლის წნევის დაწევა, გულის რიტმის დარღვევა (პალპიტაცია, ტაქიკარდია).
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების საშიშროებას); მაკულოპაპულოზური გამონაყარი (კანის კვანძებისა და ბალთების განვითარება); ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები) - ქავილი, წვა, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, შეშუპება (გენერალიზებული ან ადგილობრივი), გართულებული სუნთქვა და იშვიათად ჩივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ლარინგული), გულის რიტმის დარღვევა, სისხლის წნევის დაქვეითება, დარღვევები თირკმელების მხრიდან, როგორიც არის ცილა შარდში, შარდის რაოდენობის შემცირება ან გაზრდა, თირკმელების ანთება.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების შესაძლებლობას). აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნებია კანისა და პირის ღრუს, ყელის, სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ანთებითი ცვლილებები; ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა. საერთო მდგომარეობის უეცარი გაუარესების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და კანის მხრიდან მტკივნეული ცვლილებების გამოვლენისას ან როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს დაბლა ან მეორდება, შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენისა და სილურჯეების განვითარების საშიშროებას), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე და სიყვითლე, სისუსტე ან მოხრჩობა); აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სილურჯეების განვითარებას ან ინფექციების განვითარების მომატებულ შესაძლებლობას); ასთმური შეტევა (ანალგეზური ასთმის მქონე პაციენტები); სტივენს-ჯონსონის ან ლაილის სინდრომი (მძიმე რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ბუშტების განვითარება კანზე, პირის ღრუში, თვალებსა ან სასქესო ორგანოებზე); ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული მდგომარეობა).
უცნობი სიხშირით: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის არეში, იშვიათ შემთხვევაში დაწყლულება ან სისხლდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან"
p.s. ეს არ ნიშავს, რომ ეს წამალი არ უნდა გამოვიყენოთ და არც იმას აცრაზე მასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების გამო (რაც ანალგინზე გაცილებით ნაკლებია) უარი უნდა ვთქვათ!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
„კოვიდ-19-ის სამკურნალოდ ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება ახალშობილებშიც,“ - ექიმი ნანა გეგეჭკორი
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც FDA-ის მიერ ბავშვებში მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილის გამოყენების დაშვების შესახებ საუბრობს:
„3 დეკემბერს, FDA-მ ავტორიზაცია გაუფართოვა მონოკლონალური ანტისხეულების კოქტეილს, ბამლანივიმაბის და ეტესევიმაბის (bamlanivimab and etesevimab) შემადგენლობით, უკვე 12 წელს ქვემოთ ასაკის პოპულაციაში. კოვიდ-19-ის სამკურნალოდ და კორონავირუსთან შემხებლობისას პროფილაქტიკისთვის, ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება ახალშობილებშიც კი.
ჯერ-ჯერობით არ არსებობს ცნობები მონოკლონალური ანტისხეულების ეფექტურობაზე კორონავირუსის ახლად აღმოჩენილ შტამთან მიმართებაში. ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოქვეყნდა არაერთი საიმედო კვლევა ამ პრეპარატების ეფექტურობაზე, უკვე გავრცელებულ შტამებთან მიმართებაში,“- აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი.