ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ანალგინს ნახევარი საქართველო თვალდახუჭული იღებს. ექიმი მოსახლეობას ანალგინის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდის:
,,აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ანალგინს ნახევარი საქართველო თვალდახუჭული იღებს.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის თვალსაჩინოების სახით მინდა, გაგაცნოთ ანალგინის გვერდითი მოვლენები:
,,ანალგინმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდებიან მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალია ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არახშირი (≥1/1000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000 და <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევიან შეფასების გაკეთების საშუალებას).
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
კანის გამონაყარი, სისხლის წნევის დაწევა, გულის რიტმის დარღვევა (პალპიტაცია, ტაქიკარდია).
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების საშიშროებას); მაკულოპაპულოზური გამონაყარი (კანის კვანძებისა და ბალთების განვითარება); ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები) - ქავილი, წვა, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, შეშუპება (გენერალიზებული ან ადგილობრივი), გართულებული სუნთქვა და იშვიათად ჩივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ლარინგული), გულის რიტმის დარღვევა, სისხლის წნევის დაქვეითება, დარღვევები თირკმელების მხრიდან, როგორიც არის ცილა შარდში, შარდის რაოდენობის შემცირება ან გაზრდა, თირკმელების ანთება.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების შესაძლებლობას). აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნებია კანისა და პირის ღრუს, ყელის, სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ანთებითი ცვლილებები; ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა. საერთო მდგომარეობის უეცარი გაუარესების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და კანის მხრიდან მტკივნეული ცვლილებების გამოვლენისას ან როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს დაბლა ან მეორდება, შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენისა და სილურჯეების განვითარების საშიშროებას), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე და სიყვითლე, სისუსტე ან მოხრჩობა); აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სილურჯეების განვითარებას ან ინფექციების განვითარების მომატებულ შესაძლებლობას); ასთმური შეტევა (ანალგეზური ასთმის მქონე პაციენტები); სტივენს-ჯონსონის ან ლაილის სინდრომი (მძიმე რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ბუშტების განვითარება კანზე, პირის ღრუში, თვალებსა ან სასქესო ორგანოებზე); ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული მდგომარეობა).
უცნობი სიხშირით: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის არეში, იშვიათ შემთხვევაში დაწყლულება ან სისხლდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან"
p.s. ეს არ ნიშავს, რომ ეს წამალი არ უნდა გამოვიყენოთ და არც იმას აცრაზე მასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების გამო (რაც ანალგინზე გაცილებით ნაკლებია) უარი უნდა ვთქვათ!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
„ასეთ პაციენტებს ნაკლები სიმძიმის კოვიდი ემართებათ,“ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თიმ გურჩი
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თიმ გურჩი პაციენტებში კოვიდ 19-ის მძიმე და მსუბუქი მიმდინარეობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ჯანმრთელ ადამიანებში ვირუსი მარტივად მიმდინარეობს:
„კვლევები ჯერჯერობით არ ჩატარებულა, მაგრამ ემპირიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ბევრი სპეციალისტი მივიდა დასკვნამდე, რომ თუ მოსახლეობა არის მომზადებული, არის ჯანმრთელად, თუ მათ თანმხლები დაავადებები აქვთ კომპენსირებადი, არ აქვთ გართულებები, დიაბეტი არის კარგად მართული, კარგად აქვთ ნამკურნალები ჰიპერტონიული, იშემიური დაავადებები, არიან ოჯახის ექიმის ან პირველადი ჯაჭვის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, აქვთ ხშირი და სწორი ვიზიტები, დანიშნულებისადმი დამყოლები არიან, ასეთ პაციენტებს ნაკლები სიმძიმის კოვიდი ემართებათ.“
თიმ გურჩი აღნიშნავს, რომ კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი მაღალია ეკონომიკურად შეჭირვებულ და არაკომპენსირებული თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში:
„კოვიდის დაავადებით უფრო ხშირად კვდებიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მრავალი თანმხლები დაავადება, რომლებიც არ არის კომპენსირებული. მათ აქვთ ნუტრიციული პრობლემები, ეკონომიკურად არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ არ აქვთ საშუალება მიმართონ ჯანმრთელობის ქსელს. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი მოსახლეობა მოვამზადოთ მძიმე დაავადებისთვის, ის უნდა იყოს რაც შეიძლება მეტად ჯანმრთელი, რომ რაც შეიძლება ჯანმრთელად შეხვდეს ნებისმიერ გამოწვევას, იქნება ეს ინფექციური თუ არაინფექციური დაავადება. თუ პაციენტი იყო მძიმე მდგომარეობაში, ხელოვნურ ვენტილაციაზე, მრავალი თანმხლები მძიმე დაავადებით, ასეთ პაციენტში მოსალოდნელია გახანგრძლივებული გამოჯანმრთელება. არ არის გამორიცხული, რომ ამ პაციენტებს განუვითარდეთ პერმანენტული ცვლილებები ფილტვებში, ნერვულ სისტემაში. ნებისმიერი პაციენტი, რომელიც იყო მძიმე ან საშუალოდ მძიმე მდგომარეობაში, უნდა იყოს ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ.“
„ერთი ჯგუფი მინდა გამოვყო. ეს დაახლოებით 10 %-ია ამ პაციენტების, რომლებსაც მრავალსისტემური არასპეციფიკური სიმპტომები უჭიანურდება მრავალი კვირისა და თვეების განმავლობაში. ეს პაციენტები ხშირად უჩივიან დაღლილობას, მთელი სხეულის ტკივილს, კოგნიტური დისფუნქციები და უძილობები აქვთ. მათ ობიექტურად არ უვლინდებათ ორგანოების დაზიანება. ცნობილია ასევე პოსტვირუსული სისუსტის სინდრომი და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ამ პაცინეტთა მკურნალობა არის ძალიან ძნელი. უბრალოდ შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება, მოხდება თუ არა მათი მთლიანად განკურნება. უმეტესად ეს არის სინდრომული და სიმპტომური თერაპია. 80 %-ს არავითარი კვალი არ რჩება კოვიდის გადატანის შემდეგ. ის 20 % მოითხოვს ძალიან ყურადღებიან სიმპტომების მართვას,“ - აღნიშნულ საკითხზე თიმ გურჩი საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ საუბრობს.