როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები? - ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
„კოვიდ-19 ძალიან დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზებით მიმდინარე სხვა ინფექციებს, ვერც ერთ ექიმს ვერ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ სიმპტომებით შეუძლია გაარჩიოს. სურდო ფაქტობრივად არ იყო სიმპტომი და ახლა პირველ ადგილზე გადმოინაცვლა დელტა შტამის შემთხვევაში. ამიტომ მარტივი გამოსავალია მხოლოდ ტესტირება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რასაც არაერთხელ ვამბობთ: ტესტირება არ ნიშნავს 100%-ში დიაგნოზის დასმას, შეიძლება ტესტი იყოს უარყოფითი და მაინც გვქონდეს კორონავირუსი. ყველა შემთხვევაში, როცა სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. უარყოფითი პასუხის დროსაც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ ხალხს. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს კოვიდი და ტესტი არ აჩვენებდეს და მე-2 - რა მნიშვნელობა აქვს კოვიდია თუ სხვა ინფექცია, ჩვენ მაინც უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებს და არ უნდა გადავდოთ.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არ არსებობს გაციება, ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებია, გადამდებია ადამიანი და ამიტომ როცა გვაქვს სიმპტოები, ჩვენ სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, მასწავლებლები ყოველ ორ კვირაში დაიტესტებიან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, მასწავლებლები ყოველ ორ კვირაში დაიტესტებიან.
„სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული. ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, პროფესიულ სასწავლებლებშიც და უნივერსიტეტებშიც სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს საკითხი იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული“, - ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლები პირველი თებერვლიდან გაიხსნება, ხოლო თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში - პირველი მარტიდან.