როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები? - ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
„კოვიდ-19 ძალიან დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზებით მიმდინარე სხვა ინფექციებს, ვერც ერთ ექიმს ვერ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ სიმპტომებით შეუძლია გაარჩიოს. სურდო ფაქტობრივად არ იყო სიმპტომი და ახლა პირველ ადგილზე გადმოინაცვლა დელტა შტამის შემთხვევაში. ამიტომ მარტივი გამოსავალია მხოლოდ ტესტირება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რასაც არაერთხელ ვამბობთ: ტესტირება არ ნიშნავს 100%-ში დიაგნოზის დასმას, შეიძლება ტესტი იყოს უარყოფითი და მაინც გვქონდეს კორონავირუსი. ყველა შემთხვევაში, როცა სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. უარყოფითი პასუხის დროსაც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ ხალხს. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს კოვიდი და ტესტი არ აჩვენებდეს და მე-2 - რა მნიშვნელობა აქვს კოვიდია თუ სხვა ინფექცია, ჩვენ მაინც უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებს და არ უნდა გადავდოთ.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არ არსებობს გაციება, ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებია, გადამდებია ადამიანი და ამიტომ როცა გვაქვს სიმპტოები, ჩვენ სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
„რეალურად, უსაფრთხო ვაქცინით ფართო მასების მომარაგება 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხდება, საქართველომდე როდის მოაღწევს, ეს კიდევ ცალკე საკითხია“
ამერიკაში მოღვაწე (ჰოპკინსის უნივერსიტეტში) ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
„კოვიდის პანდემიის და მოსალოდნელი სეზონური გრიპის გავრცელების შესახებ:
აჭარის მაგალითმა გვაჩვენა რამდენად მოუმზადებელი დახვდა კოვიდ ინფექციის გავრცელებას პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი; ძალიან კარგია რომ პროტოკოლები იცვლება და ხალხს ბინაზე მკურნალობის საშუალებას აძლევს, მაგრამ როდესაც ამხელა მასა სახლში გადაინაცვლებს, მარტივი ენით სამედიცინო ინფორმაციის მიტანა და ამ კამპანიაში ოჯახის ექიმების აქტიური ჩართვა, განსაკუთრებით სეზონური გრიპის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
ყველა კოვიდ-საწინააღმდეგო ზომა (მათ შორის ნიღბის ტარება და დისტანცირება) ასევე შეამცირებს სეზონური გრიპის ვირუსების გადაცემის სიხშირეს, ამიტომ გრიპის სეზონი წელს შესაძლებელია პარადოქსულად უკეთ წავიდეს ვიდრე წინა წლებში (ჩემი აზრით ასეც მოხდება). ამისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი რესურსი დაიხარჯოს საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ამ ზომების შესახებ.
აქტუალური გახდება კომბინირებული ტესტირება (ანუ ერთი ნაცხით კოვიდის, გრიპის და/ან სხვა სეზონური ვირუსებისთვის ტესტირება), ამიტომ ამ ტესტების მომარაგება ერთერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს
რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას - დებატები გრძელდება იმასთან დაკავშირებით, რამდენაც ბევრი შტამი უნდა მოიცვას და რამდენად ადრე უნდა დაიწყოს ვაქცინაცია (ადრე აცრით იმუნიტეტის დასუსტების რისკი არსებობს სეზონის დასრულებამდე) - თუ საქართველოში მხოლოდ 130 ათასი ვაქცინის შემოტანაა დაგეგმილი - რისკ ჯგუფების მიხედვით მოხდება პრიორიტიზება, მაგრამ ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს
რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი შეიძლება გამოვიდეს და „იზეიმოს“ ვაქცინა ნოემბერ-დეკემბერში, თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება იქნება და სხვა არაფერი - რეალურად, უსაფრთხო ვაქცინით ფართო მასების მომარაგება 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხდება, საქართველომდე როდის მოაღწევს ეს კიდევ ცალკე საკითხია, ასე რომ კოვიდის ვაქცინაზე საუბარი და დავა ჯერ აზრს მოკლებულია,'' - აღნიშნავს ექიმი.