გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„არასწორია კონტექსტი, რომ ენტეროვირუსი ასოცირებულია დიარეით და ფაღარათით მიმდინარე დაავადებებთან,“ - ინფექციონისტი მეგი კობახიძე
ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ ენრეტოვირუსებისა და მოწამვლის განმასხვავებელი და საერთო ნიშნების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არასწორია ენტეროვირუსის ასოცირება დიარეით და ფაღარათით მიმდინარე დაავადებებთან:
„არასწორია კონტექსტი, რომ ენტეროვირუსი ასოცირებულია დიარეით და ფაღარათით მიმდინარე დაავადებებთან. ენტეროვირუსები იწვევენ დაავადებას, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებას. ზაფხულის პერიოდში არის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით ან ფაღარათით. მათი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, პარაზიტული, ასევე ვირუსული აგენტები. განსაკუთრებით საყურადღებო ტემპერატურული რეაქცია, შეუპოვარი ღებინება, დიარეა შეიძლება იყოს ბავშვებში, ხანდაზმულებსა და იმუნოკომპრომეტირებულ პირებში.“
მეგი კობახიძის თქმით, ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან გაუწყლოვნების მიმართ, რის გამოც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მათთვის დიდი რაოდენობით სითხის მიღება აუცილებელია:
„ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან გაუწყლოვნების მიმართ. შეუპოვარი ღებინება და დიარეა იწვევს დიდი რაოდენობით სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგს. ბავშვებში ეს განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. როგორც კი მშობელი შენიშნავს, რომ ბავშვს აქვს დიარეა, ღებინება, ტემპერატურული რეაქცია, აუცილებლად უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით სითხის მიღება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერ სვამს წყალს, საჭიროა გადასხმები.“
„ბავშვი, შესაძლოა, იყოს მივარდნილი, ძილიანი, იყოს მაღალი ჰექტიური ცხელება. ენა იყოს გამომშრალი და ბავშვს უძნელდებოდეს კონტაქტში შემოსვლა. ეს უკვე არის ის საგანგაშო სიმპტომები, როდესაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საავადმყოფოში ბავშვის გადაყვანა. ბაქტერიული გამომწვევები უფრო საკვებით ვრცელდებიან. ესეც იწვევს მუცლის ტკივილს, დიარეას, პირღებინებას, ინტოქსიკაციას. დიფერენცირებისთვის, რათა გავიგოთ ეს არის ვირუსული, პარაზიტული თუ ბაქტერიული წარმოშობის, საჭიროა ბაქტერიული კვლევები,“ - აღნიშნულ საკითხებზე მეგი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.