Baby Bag

ძროხის რძე მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდის - უახლესი კვლევების შედეგები

ძროხის რძე მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდის - უახლესი კვლევების შედეგები

მკერდის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დიაგნოზირებადი სიმსივნეა. ბევრ ქვეყანაში ის სიმსივნეასთან დაკავშირებული ქალთა გარდაცვალების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.

მართალია მკერდის კიბოს ჩამოყალიბების რისკს გენეტიკური ფაქტორები ყველაზე მეტად ზრდის, თუმცა ქალის ცხოვრების წესი, ალკოჰოლის მოხმარება და ჭარბწონიანობა მის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 2020 წელს ორმა განსხვავებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძროხის რძე მკერდის სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორია.

პირველმა კვლევამ, რომელიც 33 780 შვედ ქალს 1997 წლიდან აკვირდებოდა, აღმოაჩინა, რომ დღის განმავლობაში 300 მილილიტრი ძროხის რძის მიღება სამჯერ ზრდიდა ძუძუს კიბოს განვითარების რისკებს იმ ქალბატონებთან შედარებით, რომლებიც ძროხის რძეს საერთოდ არ სვამდნენ.

მეორე კვლევამ, რომელიც აშშ-ში ჩატარდა და რომელშიც 52 795 ქალი რვა წლის მანძილზე დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, დაადგინა, რომ ქალებს, რომლებიც დღეში 300 მილილიტრ ძროხის რძეს იღებდნენ, მკერდის სიმსივნის განვითარების 50%-ით მაღალი რისკი ჰქონდათ იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ძალიან ცოტა ძროხის რძეს მიირთმევდნენ.

​ორივე კვლევამ აჩვენა, რომ რძის მიღება გავლენას ახდენდა მხოლოდ პოსტმენოპაუზურ პერიოდში ესტროგენით სტიმულირებული ძუძუს კიბოს ჩამოყალიბებაზე.

კვლევების დიზაინის გამო, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ რძის მიღებასა და ძუძუს კიბოს ჩამოყალიბებას შორის კავშირი არსებობს, თუმცა არ დაუდასტურებიათ, რომ ძროხის რძის მიღება მკერდის სიმსივნის გამომწვევი უშუალო მიზეზია.

ძროხის რძე ბუნებრივად შეიცავს უჯრედების ზრდისა და გაყოფის სტიმუალტორებს. აღნიშნული სტიმულატორები ორგანიზმში ზრდის ფაქტორი IGF1-ის დონის მატებას უწყობს ხელს. კვლევებით დასტურდება, რომ იმ ადამიანებში, ვისაც ზრდის ფაქტორი IGF1-ის მაღალი დონე აქვთ, მკერდის სიმსივნის განვითარების რისკი მაღალია, სწორედ ამიტომ, ძროხის რძის ჭარბი რაოდენობითი მიღება, შესაძლოა, მკერდის კიბოს განვითარების რისკს ზრდიდეს.

წყარო:​ theconversation.com

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„მიკროპლასტიკით ორგანიზმის დაბინძურება ბავშვთა ასაკში სიმსივნური დაავადებების განვითარების...
​ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ მიკროპლასტმასის ნაწილაკებით ადამიანის ორგანიზმის დაბინძურების საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ნაწილაკები გვხვდება ჰაერში, საკვებ პროდუქტებსა და წყალში:„​მიკრო...

შეიძლება დაინტერესდეთ

წითურა, წითელა, ყბაყურა, ქუნთრუშა - როგორ გადაეცემა და რა სიმპტომებით ხასიათდება თითოეული მათგანი?

წითურა, წითელა, ყბაყურა, ქუნთრუშა - როგორ გადაეცემა და რა სიმპტომებით ხასიათდება თითოეული მათგანი?
ამ პერიოდში, განსაკუთრებით - ბავშვებში მომრავლდა ვირუსული დაავადებები - წითურა, წითელა, ყბაყურა, ქუნთრუშა. როგორ გადაეცემა და რა სიმპტომებით ხასიათდება თითოეული მათგანი? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ნანა საპანაძე.
- როგორ გადაეცემა და რა სიმპტომებით ხასიათდება ეს ვირუსული დაავადებები?

- ამჯერად მინდა გესაუბროთ ბავშვთა ასაკის ინფექციურ დაავადებებზე, რომლებიც მოსახლეობაში „ბატონების“ სახელით მოიხსენიება. წითელა, წითურა, ყბაყურა, მწვავე ვირუსული დაავადებებია, რომლებსაც იბონუკლეინის მჟავასთად დაკავშირებული ვირუსები, პარამიქსოვირუსები იწვევენ, ხოლო ქუნთრუშას გამომწვევი მიკრობია A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი.
ინფექცია ჰაერწვეთოვანი მექანიზმით გადაეცემა (ავადმყოფის ლაპარაკის, ხველისა თუ დაცემინებისას უმცირეს წვეთებს გარემოში გამოყოფს, იქ არსებული ვირუსები კი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად მეორე ადამიანის ორგანიზში ხვდება).
ქუნთრუშას დროს მნიშვნელოვანია კონტაქტური გზაც (ამ შემთხვევაში, ინფექციის წყაროს ავადმყოფის ნახმარი ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები წარმოადგენს). ამ ინფექციებს განსაკუთრებით მაღალი კონტაგიოზურობა, ანუ სხვა ადამიანების დასნებოვნების უნარი ახასიათებს. განსაკუთრებით სწრაფად დახურულ შენობაში ვრცელდება. ინფიცირების რისკი მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ტრანსპორტში. ადამიანის გარეშე ვირუსი სწრაფად იღუპება, ამიტომ მესამე პირით ინფექციის გადატანა იშვიათია.
წითელა, წითურა, და ქუნთრუშა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებია, ხოლო ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებით ხასიათდება.

​დაწვრილებით მოგითხრობთ თითოეული დაავადების შესახებ. დროის შუალედს, რომელიც ვირუსთან შეხვედრიდან და დაავადების გამოვლენამდე გადის, ექიმები ინკუბაციურ პერიოდს ვუწოდებთ. ეს პერიოდი ყველა ინფექციას სხვადასხვა აქვს. წითელას დროს საშუალოდ 9-10 დღეა, იშვიათად შეიძლება 21 დღემდეც გაგრძელდეს. მაგალითად, ბავშვებს, რომლებმაც ინკუბაციურ პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით იმუნოგლობულინი (სპეციფიკური ანტისხეულები) მიიღეს ან სისხლი თუ პლაზმა გადაესხათ, ეს დრო შესაძლოა 21 დღემდეც გაუხანგრძლივდეთ. წითურას ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 15-18 დღეა, ქუნთრუშას ინკუბაციური პერიოდი 1-დან 7 დღემდე, ყბაყურას ინკუბაციური პერიოდი 14-24 დღე. დაავადების ხანგრძლივობა კავშირშია მის სიმძიმესთან. დაავადებები შესაძლებელია მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალო სიმძიმით და/ან მძიმედ. გადატანის შემდეგ ეს დაავადებები მყარ იმუნიტეტს ტოვებს (განმეორებით აღარ ემართებათ).

​წითელასა და წითურას მოწითალო ფერის მაკულურ-პაპულური (ლაქოვან-კვანძოვანი) გამონაყარი ახასიათებს, თუმცა თითოეულ ინფექციას თავისი დამახასიათებელი თავისებურებებიც აქვს. წითელას დროს უმეტესად კანიდან ოდნავ ამოწეული კვანძები გვხდება, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის ტენდენციას ავლენს. წითურას გამონაყარი უფრო ლაქოვანია. წითელას დროს გამონაყარი დაავადების მე-4-მე-5 დღეს ვლინდება. პირველი ელემენტები ყურებს უკან, ცხვირზე, ლოყებზე ჩნდება, 24 საათში ვრცელდება მთელ სახეზე, კისერზე, გულმკერდის ზემო ნაწილზე, ხელებზე. შემდეგ გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და ფეხებზე, მესამე დღეს კი - ტერფებზეც. გამონაყარი იმავე თანმიმდევრობით ფერმკრთალდება და ქრება, რომლითაც გაჩნდა.

​წითურას დროს პირველი სიმპტომი, რომელსაც დედა ამჩნევს, ხშირად სწორედ გამონაყარია. ის ამ შემთხვევაშიც ზემოდან ქვემოთ ვრცელდება, მხოლოდ - წითელაზე გაცილებით სწრაფად. წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, კონიუნქტივიტით (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით), მშრალი შემაწუხებელი ხველით, ცხვირცემინებით, სურდოთი, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით. კანზე გამონაყარის გაჩენამდე ერთი-ორი დღით ადრე რბილსა და მაგარ სასაზე უსწორმასწორო წითელი ლაქები შეიმჩნევა. ეს წითელას სადიაგნოზო ნიშანიც კი გახლავთ. გარდა ამისა, ძირითადი კბილების დონეზე ღრძილებისა და ლოყის შიგნითა ზედაპირის ლორწოვანზე მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნები ჩნდება, ქუთუთოს კიდის გასწვრივ კი შემოფარგლული კონიუქტივიტი ყალიბდება.

​წითურას დროს ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, რომელიც ცხელებით, თავის ტკივილით, უხასიათობით, უმადობით გამოიხატება, იშვიათია. კეფის, კისრის უკანა და სხვა ლიმფური კვანძები დიდდება და ორი კვირის განმავლობაში გადიდებული რჩება.

​ქუნთრუშისთვის დამახასიათებელი ძირითადი კლინიკური ნიშნებია: დაავადების დაწყება ყელის ტკივილით, რასაც ერთვის ცხელება და კანზე გამონაყარი. ობიექტურად აღინიშნება პირ-ხახის ლორწოვანის მკვეთრი ჰიპერემია, ე.წ. „ალისფერი ხახა“, რომელსაც თან ახლავს ყელის ძლიერი ტკივილი, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ჩირქოვანი ტონზილიტი, ენა დაფარულია თეთრი ფერის ნადებით, ენის წვერი კი ჰიპერემიულია, დინამიკაში თეთრი ფერის ნადები სცილდება, დვრილები შიშვლდება და ენა ხდება „ჟოლოსებრი“, რაც ასევე პათოგნომურია ამ დაავადებისთვის. გადიდებულია ყბისქვეშა და კისრისწინა ლიმფური კვანძები, პალპაციით კი მტკივნეული. რაც შეეხება გამონაყარის თავისებურებას, ვითარდება წვრილწინწკლოვანი გამონაყარი ჰიმერემიულ კანზე, მთელი სხეულის უმეტესად კი ბუნებრივი ნაკეცების არეში, იწვევს თეთრ დერმოგრაფიზმს, სახეზე ჰიპერემიულ ფონზე შესამჩნევია ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის სიფერმკრთალე. გამონაყარის ალაგების შემდეგ ხდება კანის აქერცვლა, მეტი ინტენსივობით მტევნებისა და ტერფების არეში.

​ყბაყურას შემთხვევაში დაავადება იწყება შემცივნებით, თავის ტკივილით, უმადობით, ზოგადი სისუსტით და მსუბუქი ან საშუალო ცხელებით. 12-24 საათის შემდეგ ემატება სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება, რომელიც ყველაზე მეტადაა გამოხატული მეორე დღეს და გრძელდება 5-7 დღე. ზოგიერთ ბავშვს აქვს მხოლოდ სანერწყვე ჯირკვლის შესიება სხვა სიმპტომების გარეშე. შესიება იწვევს ტკივილს ღეჭვისა და ყლაპვის დროს, ძირითადად, მჟავე სითხეების მიღებისას, როგორიცაა ციტრუსების წვენები. ჯირკვალი მგრძნობიარეა შეხებისას. ამ სტადიაზე ტემპერატურა იმატებს (დაახლოებით 39,4-40°C) და გრძელდება 1-3 დღე.

​- რა ასაკობრივ კატეგორიაში და რა შემთხვევაში მიმდინარეობს ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები მძიმედ?

​- ინფექცია შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ახალშობილებში და წლამდე ასაკის ბავშვებში, შემთხვევათა 30%-ში, ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორებიცაა: ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი, მიოკარდიტი, თუმცა ამავდროულად ყბაყურას გართულება კიდევ შეიძლება ორქიტი, მწვავე პანკრეატიტი, პროსტატიტი იყოს. ხოლო ქუნთრუშას გადატანიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, იშვიათად, თუმცა შეიძლება განვითარდეს მოგვიანებითი გართულებები - ნეფრიტის სახით.

​გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია არ სცადოთ თვითმკურნალობა, დაავადებების პირველი სიმპტომების გამოვლინებისთანავე მიმართოთ თქვენს პედიატრს, რომელიც ზუსტად შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას, შეგირჩევთ მკურნალობის სწორ გეგმას, ამით მნიშვნელოვნად შემცირდება გართულებების განვითარების რისკი.

​რაც შეეხება მკურნალობას, ქუნთრუშას, როგორც ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისთვის, აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპია. წითელა, წითურა, ყბაყურა გაურთულებელ შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს და ძირითადად სიმპტომურია, მკურნალობის სქემას და ტაქტიკას თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ, დაავადებების კლინიკური სიმპტომებისა და მიმდინარეობის შესაბამისად.

​- რომელ მათგანზე არ ტარდება აცრა? და ზოგადად, აცრებზე რომ ვისაუბროთ.

​- წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგოდ არის აცრა, და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი ითვალისიწინებს წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ორჯერად აცრებს 1 და 5 წლის ასაკში. ეს აცრები უფასოა და ხელმისაწვდომია ყველასათვის. რაც შეეხება ქუნთრუშას, სამწუხაროდ, ვაქცინა ამ დაავადებისგან დასაცავად არ არსებობს.

​ზოგადად, დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დაავადებულთან კონტაქტისთვის თავის არიდება.

ესაუბრა მარიამ ჩოქური​

წაიკითხეთ სრულად