Baby Bag

„დღესასწაულების შემდეგ განტვირთვის დღეებისკენ არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ, ეს არის ორგანიზმის დასჯა,“ - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციუოლოგი ნაია ლატარია

„დღესასწაულების შემდეგ განტვირთვის დღეებისკენ არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ, ეს არის ორგანიზმის დასჯა,“ - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციუოლოგი ნაია ლატარია

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ დღესასწაულების შემდეგ დეტოქსის მიზანშეუწონლობის შესახებ ისაუბრა:

„დღესასწაულების შემდეგ დეტოქსისკენ არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ. პირველ რიგში, ეს არის ორგანიზმის თავის დასჯა, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ეს არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ განტვირთვის დღეები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დღესასწაულების შემდგომ, იმიტომ, რომ ეს ორგანიზმის მიერ აღიქმება, როგორც დასჯა. 2-3 დღე, თუნდაც ერთი კვირა, ჩვენ ორგანიზმს ვაძლევთ ძალიან ბევრს და მერე ერთბაშად ყველაფერს ვუწყვეტთ. ეს არ არის სასურველი.

ძალიან მნიშვნელოვანია კვებაში ძალიან ბევრი ცოცხალი ბოსტნეული ჩავრთოთ ყველა კვებაზე: დილით ომლეტთან ერთად ბოსტნეული, შუადღეს სალათის სახით, საღამოს ბოსტნეულის რაგუს სახით. ძალიან მოდაშია: იკვებე ცისარტყელა. რაც უფრო ფერადი და ხასხასა იქნება თეფში, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ორგანიზმი ბოჭკოთი დაიტვირთოს, ნაწლავების მუშაობაზე ახდენს დადებით გავლენას და დაგვეხმარება იმ სტრესული პერიოდის გამოვლაში, რაც დღესასწაულების პერიოდში გვქონდა,“ - მოცემულ საკითხზე ნაია ლატარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

გოგონას აღზრდის 8 პრინციპი, რომელიც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარება

გოგონას აღზრდის 8 პრინციპი, რომელიც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარება

მშობლის უმთავრეს მიზანს ბედნიერი შვილის აღზრდა წარმოადგენს. თანამედროვე სამყაროში გოგონებთან მიმართებაში აღმზრდელობითი მეთოდები მნიშვნელოვნად შეიცვალა. იმისთვის, რომ მომავალში ქალმა დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს, მშობლებმა გოგონას სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნონ. გთავაზობთ გოგონას აღზრდის 8 მთავარ პრინციპს, რომელიც მას წარმატების იღწევაში დაეხმარება.

1. გოგონა სწორად უნდა შეაქოთ

ადამიანის შინაგანი სამყარო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გარეგნობა. მიუხედავად ამისა, გოგონებს უპირველესად გარეგნული სილამაზის გამო აქებენ. ​გირჩევთ, ყურადღება თქვენი ქალიშვილის იდეებზე, წარმოსახვაზე, კრეატიულ უნარებსა და ქცევაზე გაამახვილოთ. ეს იმას არ გულისხმობს, რომ გოგონას გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლიმენტები არ უნდა ვუთხრათ. თქვენი ქალიშვილის სილამაზეს ხაზი დღეში რამდენჯერმე უნდა გაუსვათ, თუმცა აუცილებლად აღნიშნეთ მისი უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები. ბავშვი უპირველესად იმ მონდომებისა და შრომის გამო უნდა შეაქოთ, რომელსაც მიზნის მისაღწევად იჩენს. ეს მას მეტ მოტივაციას შესძენს.

2. გოგონას თქვენთან კამათის უფლება უნდა მისცეთ

დედა ყოველთვის მართალი არ არის. თუ ის შეცდომას უშვებს, რატომ არ უნდა ჰქონდეს შვილს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება?! გოგონამ კამათი და საკუთარი აზრის გამოხატვა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლოს, რათა მომავალში საკუთარ მეგობრებთან, თანამშრომლებთან ან ცხოვრების თანამგზავრთანაც ასე მოიქცეს. როდესაც ბავშვს თქვენთან შეკამათების უფლებას აძლევთ,​ ის უარის თქმას და საკუთარი აზრის გამოხატვას სწავლობს. ამ პროცესში თქვენც ძალიან ბევრ რამეს ისწავლით.

3. გოგონას არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა მისცეთ

თანამედროვე სამყაროში სწრაფი არჩევანის გაკეთება უნდა შეგვეძლოს, რაც ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, რადგან ბავშვობაში მათთვის მსგავსი არაფერი უსწავლებიათ. ბავშვს შესაძლებლობა მიეცით აირჩიოს, თუ რა ფერის კაბის შეძენა სურს, რომელი სათამაშო მოსწონს თავად და რის მირთმევას ისურვებდა საუზმეზე. მომავალში თქვენი შვილი საკუთარი ჰობის ან პროფესიის აღმოჩენას მარტივად შეძლებს და გადაწყვეტილებებს თამამად მიიღებს.

4. თქვენი ქალიშვილის ჰობი და ინტერესები წაახალისეთ

ბავშვს საკუთარი ინტერესების დაცვა ასწავლეთ და მისი ჰობი წაახალისეთ. ადამიანი, რომელსაც თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები უელავს, გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყოველთვის მოწყენილი და იმედგაცრუებული ადამიანი. ​მისთვის სასურველ აქტივობებში ჩართვა ბავშვს თავდაჯერებას მატებს და ბედნიერს ხდის. ყოველთვის ეცადეთ, რომ ბავშვს ხელი შეუწყოთ დაკავდეს იმ აქტივობებით, რომელიც მისთვის მოსაწონი და სასურველია.

5. გაამხნევეთ თქვენი შვილი, რათა საკუთარი პრობლემების მოგვარება დამოუკიდებლად შეძლოს

ბავშვს პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება ასწავლეთ. ეს მას მოვლენების ანალიზს და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას ასწავლის. თანამედროვე მშობლები მეტისმეტად ზრუნავენ შვილებზე. ისინი ხელს უშლიან ბავშვებს დამოუკიდებლობის განვითარებაში. ბევრმა მოზარდმა არ იცის, როგორ გადაჭრას ელემენტარული პრობლემა. მშობლები ხშირად სტუდენტ შვილებსაც სერიოზულ მეთვალყურეობას უწევენ, რასაც „ბავშვზე“ ზრუნვით ამართლებენ. „ბავშვებიც“ ეგუებიან მსგავს დამოკიდებულებას და ყოველთვის მშობლების იმედად არიან.

6. თქვენს გოგონას რისკზე წასვლა ასწავლეთ

მშობლისთვის ძალიან რთულია, რომ შვილს რისკზე წასვლის უფლება მისცეს. გოგონები, ​რომლებსაც რისკზე წასვლა არ აშინებთ, ძალიან თავდაჯერებულები არიან. თქვენს შვილს კომფორტის ზონის დატოვებისთვის გამბედაობა უნდა შემატოთ. ბავშვს მცირე სიმაღლის ფერდობზე ველოსიპედით დაშვება თუ აშინებს, გაამხნევეთ და წაახალისეთ. მთავარია, რომ გარემო ბავშვისთვის უსაფრთხო იყოს. ბავშვს ექსტრემალური ქმედებებისკენ არ უბიძგოთ, თუმცა მისი გამბედავი ქმედებები აუცილებლად წაახალისეთ.

7. გოგონას წიგნები სწორად წაუკითხეთ

ბავშვი წიგნით რომ დააინტერესოთ, კითხვის პროცესი აქტიური უნდა იყოს. პასიური მკითხველის როლს ნუ მოირგებთ. ბავშვს გარკვეული პასაჟების დამოუკიდებლად წაკითხვა სთხოვეთ ან ჰკითხეთ, მისი წარმოდგენით, როგორ განვითარდება სიუჟეტი. გოგონას სთხოვეთ თავი მთავარი პერსონაჟის ადგილას წარმოიდგინოს. ეს მას ძალიან მოეწონება. თუ თქვენი გოგონა ძალიან პატარაა, მას გვერდების გადაფურცვლა სთხოვეთ.

8. თქვენს ქალიშვილს ზღაპრები ხშირად მოუყევით

თანამედროვე სამყაროში ზღაპრებს მწვავედ აკრიტიკებენ, რადგან ითვლება, რომ ზოგიერთი მათგანი სექსიზმს ან ძალადობას ახალისებს. მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ, რომ ზღაპარი ძალიან საინტერესო ფენომენია. მასში უამრავი სხვადასხვა მნიშვნელობა დევს და ის ბავშვის ფანტაზიას ძალიან ავითარებს. ბავშვს „კონკიას“ თუ წაუკითხავთ, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ​მთავარმა გმირმა წარმატების მიღწევა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც უსიტყვო მორჩილებაზე უარი თქვა და საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა დაიწყო.

მომზადებულია ​Brightside.me -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად