Baby Bag

„დღესასწაულების შემდეგ განტვირთვის დღეებისკენ არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ, ეს არის ორგანიზმის დასჯა,“ - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციუოლოგი ნაია ლატარია

„დღესასწაულების შემდეგ განტვირთვის დღეებისკენ არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ, ეს არის ორგანიზმის დასჯა,“ - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციუოლოგი ნაია ლატარია

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ დღესასწაულების შემდეგ დეტოქსის მიზანშეუწონლობის შესახებ ისაუბრა:

„დღესასწაულების შემდეგ დეტოქსისკენ არავითარ შემთხვევაში არ მოვუწოდებ. პირველ რიგში, ეს არის ორგანიზმის თავის დასჯა, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ეს არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ განტვირთვის დღეები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დღესასწაულების შემდგომ, იმიტომ, რომ ეს ორგანიზმის მიერ აღიქმება, როგორც დასჯა. 2-3 დღე, თუნდაც ერთი კვირა, ჩვენ ორგანიზმს ვაძლევთ ძალიან ბევრს და მერე ერთბაშად ყველაფერს ვუწყვეტთ. ეს არ არის სასურველი.

ძალიან მნიშვნელოვანია კვებაში ძალიან ბევრი ცოცხალი ბოსტნეული ჩავრთოთ ყველა კვებაზე: დილით ომლეტთან ერთად ბოსტნეული, შუადღეს სალათის სახით, საღამოს ბოსტნეულის რაგუს სახით. ძალიან მოდაშია: იკვებე ცისარტყელა. რაც უფრო ფერადი და ხასხასა იქნება თეფში, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ორგანიზმი ბოჭკოთი დაიტვირთოს, ნაწლავების მუშაობაზე ახდენს დადებით გავლენას და დაგვეხმარება იმ სტრესული პერიოდის გამოვლაში, რაც დღესასწაულების პერიოდში გვქონდა,“ - მოცემულ საკითხზე ნაია ლატარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია,“ - მზიკო დალაქიშვილის რჩევები მშობლებს

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს ურჩია, შვილების შესაძლებლობებში გაერკვნენ და მათ იმაზე მეტი არ მოთხოვონ, ვიდრე შეუძლიათ:

„პირველ რიგში, ჩვენი შვილების შესაძლებლობები გავარკვიოთ. ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია. მასწავლებელი მყავდა მათემატიკის, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგ ნიშანს მიწერდა ხოლმე. ჩემზე ძლიერებიც არსებობდნენ მათემატიკაში. მე რაღაცებს მპატიობდა და სხვებს არ პატიობდა. კი მიხაროდა ეს, მაგრამ თან მიკვირდა. ძალიან ბეჯითი რომ ვიყავი, ხვდებოდა, რომ აღარ შეიძლებოდა იმაზე მეტს რომ ვცდილობდი, ამას ხედავდა. ამას აფასებდა. მან იცოდა, რომ ამის იქით არ შემეძლო. მე რომ გული არ დამწყვეტოდა, ამით მამხნევებდა, რომ მათემატიკაზე უარი არ მეთქვა.

ბავშვმა პასუხისმგებლობა რომ გამოიმუშაოს, მან პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რას აკეთებს, რისთვის აკეთებს, რას ემსახურება ეს ქმედება და არა ის, რომ ეს უნდა ქნა და ის უნდა ქნა! მშობლების მოვალეობაა, რომ ვალდებულებები, „უნდა“ გადავაქციოთ „მე მინდად.“ ეს შესაძლებელია, ნელ-ნელა, მაგრამ შესაძლებელია. მაგალითად, ყოველ დილით მამა ადრე დგება და მიდის სავარჯიშოდ. ბავშვს აინტერესებს, სად მიდის დილით მამა. ის ინტერესდება და ხვდება, რომ ეს კარგია. მამა უხსნის, ელაპარაკება, რატომ არის კარგი დილას ვარჯიში. მერე ბავშვი ფიქრობს, რომ თვითონაც უნდა სცადოს.

არსებობს მამა, რომელიც ბავშვს ეუბნება: „დილას 8 საათზე უნდა ადგე.“ ბავშვი ფიქრობს, რატომ უნდა ადგეს, ეძინება. ბავშვი ვერ იაზრებს, რატომ უნდა ადგეს,“- მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად