ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
შეიძლება თუ არა ვადაგასული მედიკამენტების გამოყენება?
შეიძლება თუ არა ვადაგასული მედიკამენტების გამოყენება? რას ნიშნავს სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა? - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის პოსტს:
„1979 წლიდან აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მწარმოებელი კომპანიები დაავალდებულა რეცეპტით გასაცემ და ურეცეპტო მედიკამენტების შეფუთვაზე დაეტანათ სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა. ეს არის რიცხვი, როდემდეც მედიკამენტის სრული პოტენცია (სიძლიერე) და უსაფრთოხება გარანტირებულია. როგორც წესი, ეს დრო მერყეობს 12-დან 60 თვემდე მედიკამენტის წარმოებიდან.
დაინტერესება ამ საკითხის მიმართ გაჩნდა მას შემდეგ, რაც გაკეთდა ანალიზი იმის თაობაზე, რომ აშშ-ის სამხედრო ნაწილები მარაგის სახით ინახავდნენ დიდი რაოდენობით მედიკამენტებს როგორც საჯარო დანაყოფების, ასევე მოსახლეობისათვის სასწრაფო შემთხვევების დროს გამოსაყენებლად. გაწეული უდიდესი ფინანსური ხარჯების მაჩვენებელი აშკარა იყო. მარაგში არსებული ამ პრეპარატების დიდი რაოდენობით გადაყრა/განადგურებით, იმის გამო, რომ მათ ვადა ჰქონდათ გასული უდიდესი ფინანსური რესურსი იხარჯებოდა. ხოლო სამეცნიერო მტკიცებულებით თუ დადგინდებოდა, რომ წამლის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ამ მედიკამენტების გამოყენება ეფექტური და უსაფრთხო იქნებოდა, ამით მოხდებოდა ფინანსური ზარალის პოტენციურად მნიშვნელოვანი შემცირება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისათვის ამ ინფორმაციის წარმოსადგენად FDA-მ ჩაატარა 122 სხვადასხვა გავრცელებული ფორმის მედიკამენტის ანალიზი - The Shelf-Life Extension Program (SLEP), რომელიც იკვლევდა მათ მარაგში არსებული პრეპარატების გრძელვადიან სტაბილურობას. 3000 სხვადასხვა ლოტის/პარტიის მედიკამენტების აქტიური ტესტირებით დადგინდა, რომ 10-დან 9 წამლის ლოტს/პარტიას ჰქონდა 90%-ზე მეტი პოტენცია (სიძლიერე) ვადის გასვლიდან 1 წელიწადში. ამ დონის გაფართოებული პოტენციის საშუალო მაჩვენებელი იყო 5 წელი ვადის გასვლიდან.
კიდევ უფრო ახალი, შთამბეჭდავი კვლევა სწავლობდა მედიკამენტებში შემავალი აქტიური ნივთიერებების სტაბილურობას წამლის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 8 მედიკამენტი, რომელიც შეიცავდა 15 სხვადასხვა ნივთიერებას - ყველა მათგანი შესწავლილ იქნა 28-დან 40 წლის შემდეგ ვადის გასვლიდან ქიმიური ანალიზის გამოყენებით. დადგინდა, რომ უმრავლესობა (86%) იყო სულ მცირე 90%-იანი პოტენციის; 14-დან 12-მა შეინარჩუნა სრული 100%-იანი პოტენცია 336 თვის განმავლობაში და 8-მ სრული პოტენცია სულ მცირე 480 თვე. ორი აღსანიშნავი გამონაკლისი გახლდათ აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) - 38% აქტიური ნივთიერებისა იქნა ნანახი ტესტირებულ ტაბლეტში და ასპირინი - 4%-დან 10%-მდე აქტიური ინგრედიენტი იქნა ნანახი.
კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ჩატარდა British Antarctic Survey Medical Unit-ის მიერ - შესწავლილ იქნა წამლები, რომლებიც ტრანსპორტირებული იყო გემის საშუალებით მსოფლიოს შორეულ ნაწილში და სადაც არ ხდებოდა ჰაერის ტემპერატურის კონტროლი. გემმა გადაკვეთა და იმოგზაურა სხვადასხვა ტროპიკის გავლით (ჰაერის ტემპარატურა 25°C-30°C 3 კვირის განმავლობაში) და ამ ტემპერატურულ პირობებში ყოფნის შემდეგ მოხდა წამლების ტრანსპორტირება ბაზაზე არსებითად გაყინვის ტემპერატურის დაბალ მაჩვენებელზე (ანუ მკვეთრი ტემპერატურული ცვლილება 30°C-დან < 0°C). ამ კვლევით შესწავლილ იქნა 5 მედიკამენტი - 1. ატროპინი (ანტიქოლინერგული); 2. ნიფედიპინი (კალციუმის არხის ბლოკერი - ანტიჰიპერტენზიული); 3. ფლუკლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი); 4. ნაპროქსენი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდი); 5. ბენდროფლუმეთიაზიდი (შარდმდენი - ანტიჰიპერტენზიული). ყველა მათგანი იყო სტაბილური ვადის გასვლის მიუხედავად.
შეზღუდული სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს თვალის წვეთებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე ვადაგასული თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
რაც შეეხება ეპინეფრინს/ადრენალინს - ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რომელიც სწავლობდა ჰოსპიტალების საწყობიდან ამოღებული ამ პრეპარატების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას 30 თვის შემდეგ ვადის გასვლიდან. ქიმიური და მიკრობული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი იყვნენ სტერილური და სუფთა. რაც შეეხება პოტენციას - ისინი შეიცავდნენ 80%-ს არსებული ნივთიერების კონცენტრაციისა 25 თვის შემდეგ ვადის გასვლიდან.
მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ეპინეფრინის/ადრენალინის მზა შპრიცები, ამპულები იყო სტაბილური, სტერილური და უსაფრთხო ვადის გასვლიდან 90 დღის შემდეგაც.
ერთადერთი ვადაგასული მედიკამენტი, რომელზეც მოიპოვება ინფორმაცია, რომ მან გამოიწვია ინტოქსიკაცია, არის ტეტრაციკლინის კონკრეტული ფორმულა, რომელიც დღეისათვის ამოღეულია ხმარებიდან. ამ ერთი შემთხვევის გარდა არ არსებობს არცერთი გამოქვეყნებული ადამიანის მოწამვლის შემთხვევა ვადაგასული პრეპარატის მიღების გამო.
პრეპარატები ხსნარების და სუსპენზიების სახით ნაკლებად სტაბილურებია და მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული ვადის გასვლის შემდეგ.
აქედან გამომდინარე, პაციენტებს, ვისთვისაც მედიკამენტების ფასი მნიშვნელოვანია და მათი შეძენა პრობლემას წარმოადგენს, სრულიად უსაფრთხოდ და ეფექტურად შეუძლიათ გამოიყენონ ვადაგასული პრეპარატები, ზემოთ აღნიშნული რამდენიმე გამონაკლისის გარდა,“ - წერს ექიმი ზაზა თელია.