ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
რა სიმპტომებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში და როგორ ავაცილოთ თავიდან?
რა სიმპტომებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში და როგორ ავაცილოთ თავიდან? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.
- რა არის მზის დაკვრა და როგორ ვითარდება?
- ადამიანის ორგანიზმზე მზის სხივების და გარემოს მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ვითარდება - სხეულის ტემპერატურის მომატება, გადახურება ანუ მზის დაკვრა. როდესაც გარემოს ტემპერატურა მაღალია და ორგანიზმი ვერ გამოყოფს სითბოს საკმარის რაოდენობას ხდება გადახურება. არაადეკვატური თერმორეგულაცია იწვევს შინაგანი ორგანოების და თავის ტვინის ფუნქციის მოშლას, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს.
- მზის დაკვრის მხრივ ბავშვები მაღალი რისკის ჯგუფში ხომ არ შედიან?
- მზის დაკვრა შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, ხოლო მაღალი რისკის ჯგუფში შედიან: ბავშვები და მოხუცები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ჭარბი წონის მქონე ადამიანები.
- რა სიმპტმებით ვლინდება მზის დარტყმა ბავშვებში?
სხეულის ტემპერატურის მომატება, 40*C- მდეც კი;
გულისრევა, პირღებინება;
ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კანი მშრალი, წითელი და ცხელია;
სუნთქვა გახშირებულია და პულსი ტაქიკარდიული;
მძიმე შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, გულყრა და უგონო მდგომარეობაც კი;
- როგორ დავეხმაროთ პატარას?
პირველ რიგში, ბავშვი გადაიყვანეთ გრილ ადგილას - ჩრდილში ან გრილ ოთახში;
გახადეთ ტანსაცმელი;
გადაავლეთ გრილი წყალი ან დაადეთ ცივი საფენები (თავზე, კისერზე, საზარდულის არეში);
მიეცით სითხე ან ელექტროლიტები დიდი რაოდენობით;
სიცხის დამწევი მედიკამენტი - მაღალი ცხელების შემთხვევაში;
აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასაწრაფო სამედიცინო დახმარება (112).
- როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დაკვრა?
- ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს მზის დაკვრის საშიშროება. თავდაპირველად, მოარიდეთ ბავშვები მზეზე ხანგრძლივად ყოფნას და ჩააცვით გარემოს ტემპერატურის შესაბამისი ტანსაცმელი. განსაკუთრებით მოერიდეთ მზეზე ყოფნას მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების პერიოდში - 11:00-17:00-მდე. წაუსვით თქვენს პატარებს კანზე მზის დამცავი საშუალებები 50-SPF დაცვით, თავზე დააფარეთ ღია ფერის ქუდი და დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე.