ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
„ომიკრონით ინფიცირებისას, როგორც წესი, ბავშვები სამ დღეში უკვე კარგად ხდებიან,“ - პედიატრი მაია ჩხაიძე
პედიატრმა მაია ჩხაიძემ ბავშვებში ომიკრონის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებს პანიკის საფუძველი არ აქვთ:
„ომიკრონი ბავშვებში ნამდვილად მსუბუქად მიმდინარეობს, აქვს მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობა. არ მინდა, რომ მშობლები იყვნენ პანიკაში. როგორც კი დაუდასტურდებათ ბავშვებს, არის შიშები. ომიკრონი კი არის კორონავირუსის შტამი, მაგრამ მისი მართვა სახლის პირობებში შესაძლებელია. როგორც წესი, სამ დღეში ბავშვები უკვე კარგად ხდებიან.“
„ომიკრონის დროს არ ხდება ფილტვების დაზიანება. უფრო ზედა სასუნთქ გზებზეა ლაპარაკი. ყველა დედამ იცის კრუპი და კრუპის მართვა. ყველას უდევს დექსამეტაზონი მაცივარში. პირველი დახმარება, როდესაც ბავშვს აქვს მყეფავი ხველა, ხმაურიანი ჩასუნთქვა, არის დექსამეტაზონი. მშობლისთვის ძალიან ცუდი მოსასმენი და საყურებელია ხმაურიანი სუნთქვა. დედისთვის მთავარი თვისებაა, რომ არ დაიბნეს. დექსამეტაზონს აქვს ძალიან მწარე გემო. ყველა მშობელს ვთხოვ ხოლმე, რომ რაღაც ტკბილ სითხესთან ერთად მისცენ ბავშვს. კრუპის დროს ბავშვი ზედმეტად არ უნდა შევაწუხოთ. ინექცია, ჩხვტელა ძალიან ცუდია. რომ ნერვიულობს ბავშვი და ტირის, უფრო შუპდება ზედა სასუნთქი გზები. განმეორებაც იცის კრუპმა. შესაძლოა, რამოდენიმე საათში ისევ განმეორდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.