ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
„ბავშვებისთვის შაქრის მოხმარება როგორც სადღესასწაულო დღეებში, ასევე ზოგადად არ არის რეკომენდებული,“ - ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი
ენდოკრინოლოგმა თამარ ჩადუნელმა სადღესასწაულო დღეებში მშობლებს ბავშვებში ტკბილეულის მიღების შეზღუდვისკენ მოუწოდა:
„ბავშვებისთვის შაქრის მოხმარება როგორც სადღესასწაულო დღეებში, ასევე ზოგადად არ არის რეკომენდებული. საერთოდ არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვს ჩაი დავალევინოთ შაქრით და მივცეთ დიდი რაოდენობით ტკბილეული. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ პატარა ასაკიდან. მინიმალურად უნდა გამოვიყენოთ შაქრის შემცველი პროდუქტი.“
თამარ ჩადუნელის თქმით, ლაქტაციის დროს მონოდიეტების დაწყება არ შეიძლება:
„ლაქტაციის დროს მონოდიეტა და მკაცრი დიეტა თვითნებურად არაფრით არ შეიძლება. დედებს ვურჩევდი, რა თქმა უნდა, სწორ კვებას. სწორი კვება გულისხმობს დღეში 3-4-ჯერ კვებას. დღე დავიწყოთ საუზმით. საუზმეზე შეიძლება იყოს შედარებით მაღალკალორიული პროდუქტი, პური, ბურღულეული, ხილი. დღის მეორე ნახევარში წვნიანი, ხორცის პროდუქტები, სალათი, რძის პროდუქტები. ყველი უფრო დღის პირველ ნახევარში, რადგან შედარებით კალორიულია.“
„თვლიან, რომ ხილი კვება არ არის. საღამოს ორი ცალი მანდარინი, ვაშლი, თუ ადამიანს არ ჩავეკითხებით, თვლის, რომ არაფერი უჭამია. ნებისმიერი ხილი, თუნდაც ეს იყოს ტყემალი და ალუჩა, შეიცავს შაქარს. ხილი უნდა მივიღოთ დღის პირველ ნახევარში,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ჩადუნელმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.