ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
„ზურგზე წოლა არ იწვევს თავის გაბრტყელებას, ეს არის მითი,“ - პედიატრი ია გოგებაშვილი
პედიატრმა ია გოგებაშვილმა ბავშვის წოლისა და ძილის სწორი პოზიციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუცელზე წოლა აღარ მიიჩნევა ჩვილისთვის უსაფრთხო პოზად:
„როგორია წოლის და ძილის სწორი პოზიცირება? იყო დრო, როდესაც ამერიკის გავლენით სწორი იყო ცალკე ოთახში მუცელზე წოლა. ეს ჩვენ ავიტაცეთ, მოგვეწონა. დადგა დრო, როდესაც ამ მიდგომაზე თქვეს უარი. არსებობს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი. სამწუხაროდ, საქართველოში სტატისტიკა არ არის, შესაძლოა, საბედნიეროდაც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შემთხვევები არ გვაქვს.“
ია გოგებაშვილმა ის მიზეზები ჩამოთვალა, რომლებიც ჩვილთა უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი გამომწვევია:
„ამერიკაში, როდესაც მრავალი კვლევის შედეგად გამოიძიეს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის მიზეზები, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო მუცელზე წოლა. მიზეზებს შორის იყო ცალკე ოთახში წოლა. მესამე მიზეზი კი იყო გადახურება ძილის დროს, როდესაც ბავშვები ძალიან იყვნენ ჩათბუნებულები. მიზეზთა შორის იყო დასახელებული მწეველი მშობლებიც.“
„მუცელზე წოლა ასოცირებულია ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომთან. შევთანხმდით, რომ ზურგზე წოლა არის ძილის საუკეთესო პოზიცია, აუცილებლად დედ-მამის ახლოს. ბავშვი, შესაძლოა, იწვეს საკუთარ საწოლში, მაგრამ არა საკუთარ ოთახში და განცალკევებით. თავის ფორმაც რაც შეეხება, ზურგზე წოლა არ იწვევს თავის გაბრტყელებას. ეს არის მითი. თავის ფორმის შეცვლას აქვს მიზეზი. ეს არის მინერალური ცვლის დარღვევა, კალცის ცვლის მოშლა. პირველი ნიშანი არის ჭარბი ოფლიანობა. ბავშვი იძულებულია მოიქავოს თავის მოძრაობით. ვიდრე თავის ფორმა შეიცვლება, სწორედ ამიტომ არის სიმელოტე,“ - აღნიშნულ საკითხებზე ია გოგებაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS“ ისაუბრა.