Baby Bag

,,უშაქრო კომპოტს და ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს'' - როგორ მოვუმზადოთ კომპოტი პატარებს?

,,უშაქრო კომპოტს და ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს'' - როგორ მოვუმზადოთ კომპოტი პატარებს?

ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი ​​MomsEdu.ge​-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:

„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.

მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:

„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი. 

ქარხნული თუ სახლში დამზადებული კონსერვები? - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს
ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი კონსერვირებული პროდუქტების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქარხნული წარმოების კონსერვები პატარების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. სახლში კონსერვების მომზადებისა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებს „წუწაობის“ საშუალებაც უნდა მივცეთ და ცივი წყლითაც გავაკაჟოთ“ - ინტერვიუ ინგა მამუჩიშვილთან

„ბავშვებს „წუწაობის“ საშუალებაც უნდა მივცეთ და ცივი წყლითაც გავაკაჟოთ“ - ინტერვიუ ინგა მამუჩიშვილთან

ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია კითხვები - რამდენად მისაღებია მაცივრის წყალი ბავშვებისთვის, რეკომენდებულია თუ არა კონდიციონერი პატარებისთვის, რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვებს ნაყინი, შეიძლება თუ არა თევზი ზაფხულში? - ​M​omsedu.ge-ს კითხვებს ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა უპასუხა.

- ქალბატონო ინგა, რამდენად მისაღებია თერმოსის ან მაცივრის წყალი?

- მე მომხრე ვარ, რომ ბავშვმა მიიღოს ოთახის ტემპერატურის წყალი და ასევე შეგვიძლია, მივცეთ გაყინული და შემდეგ გამდნარი წყალიც: გავყინოთ წყალი, გამოვიღოთ მაცივრიდან, გავადნოთ ოთახის ტემპერატურაზე და მივაწადოთ. დღეს ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები მოდიან ჩივილებით: „სუსტი ყელი აქვს ჩემს შვილს“ - არავითარ შემთხვევაში. ჩვენ უნდა დავიწყოთ ყელის გაკაჟება, ნაყინის მიცემა გარკვეული ასაკიდან (2 წლიდან), ცივი წვენის მიცემა. მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი არ სვამს წყალს, კომპოტებს, არ იღებს სითხეებს. არ იღებს იმიტომ, რომ არასწორი ტემპერატურით ვაწვდით. ბავშვს გემოვნების რეცეპტორები უკვე გამომუშავებული და დახვეწილი აქვს და მას არ მოსწონს თბილი წყალი. განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა მოზრდილ ბავშვებს (3 წლიდან) უნდა მივცეთ „წუწაობის“ საშუალება, გავაკაჟოთ ცივი წყლით, ვაბანაოთ აუზში და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად, ბავშვებს 6 თვიდან გრილი წყლით სარგებლობის უფლება აქვთ.
- რეკომენდებულია თუ არა კონდიციონერი და მოქმედებს თუ არა უარყოფითად ბავშვზე?

- მე არ ვარ კონდიციონერის წინააღმდეგი, თუმცა არ მომწონს, როცა კონდიციონერის პირდაპირ ნაკადს ვუშვებთ ბავშვთან. უნდა დავარეგულიროთ კონდიციონერი ისე, რომ ჰაერის ზედა ფენებში მოხდეს ამ გრილი მასების გაშვება, პირდაპირ არ უნდა ხვდებოდეს ცივი ჰაერის ნაკადი ბავშვს. ასევე ძილის პროცესში ბავშვი შედარებით ოფლიაონობს, ამ დროს კონდიციონერი ნამდვილად არ შეიძლება. ღრმა ძილის პროცესში ბავშვი ვერ განსაზღვრავს სცივა თუ სცხელა. აქედან გამომდინარე, შევეცადოთ, რომ მივაჩვიოთ ბავშვი ტემპერატურულ ცვალებადობას. დავიწყოთ 30 გრადუსიდან და თანდათან, ყოველდღიურად თითო გრადუსით დავწიოთ ტემპერატურა. ზაფხულის პერიოდში ოთახის ტემპერატურა სასურველია, იყოს 20 გრადუსი. ამაზე დაბლა არ დავწიოთ.
- კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ მშობლები - შეიძლება თუ არა თევზი ზაფხულში?
- რა თქმა უნდა, ზაფხულშიც შეიძლება, მაგრამ, მე პირადად, ზაფხულში ბავშვისთვის თევზის მიცემას მაინც ვერიდები. თუ მაინც გვინდა, რომ მივცეთ ბავშვს თევზი, საქართველოში გვაქვს მდინარის კალმახი, რაც შეიძლება დავიწყოთ 8 თვის ასაკიდან...
- ზაფხულში ზღვა თუ მთა, რომელია მეტად სასურველი?

- ორივე ძალიან სასარგებლოა. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ვერ მოვუწოდებ საზოგადოებას, მაინცდამაინც ამა და ამ კურორტზე უნდა წაიყვანოს ბავშვი, ნამდვილად არა. უბრალოდ, სასურველია თუ თბილისის დაბინძურებულ გარემოს გავარიდებთ ბავშვს და წავიყვანთ შედარებით გამწვანებულ, რეკრეაციულ ზონებში, თუნდაც სოფელში.

- რამდენი დღე არის საჭირო, რომ ბავშვს ჰაერის გამოცვლაში ჩაეთვალოს?

- ბავშვს სჭირდება ადაპტაციური პერიოდი წაყვანის ან თუნდაც ჩამოყვანის დროს. ამისათვის საკმარისია, არანაკლებ 14 დღე. რა თქმა უნდა, სასურველია 1 თვეც. შეძლებისდაგვარად, როგორც მოახერხებთ, სადაც მოახერხებთ, მთაც და ზღვაც, ორივე სასურველია. რა თქმა უნდა, მშვიდობიან ზაფხულს ვუსურვებ ყველას, თუმცა უმჯობესია თუ ბავშვს ცენტრალურ ქალაქებთან ახლოს გაიყვანთ დასასვენელად, რადგან საჭიროების შემთხევევაში სამედიცინო დახმარება სწრაფად აღმოუჩინონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მივესალმები შერეულ ჰავას, იქ, სადაც მთაც და ზღვაც გვხდება. უბრალოდ ზღვაზე უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. ასევე, არ უნდა გვყავდეს ბავშვი მზეზე დიდხანს, არ უნდა გადავახუროთ, უნდა შევეცადოთ, რომ წყალში არ შევიყვანოთ ისეთ დონეზე, რომ წყალი ყლაპოს. გოგონებში ძალიან ხშირია სოკოვანი ინფექციები ზღვის შემდგომ, ამიტომ ყველანაირად უნდა დავიცვათ ეს ნორმები, უნდა შევეცადოთ ვიხმაროთ წყალგაუმტარი საცურაო კოსტიუმები და ა.შ.

ესაუბრა მარიამ კვეტენაძე

წაიკითხეთ სრულად