ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
„ტემპერატურის დროს რეკომენდაციას ვაძლევთ ბავშვის შხაპის ქვეშ ნელ-ნელა გაგრილებას,“ - პედიატრი ანა მაღრაძე
პედიატრმა ანა მაღრაძემ მოავადე ბავშვის მოვლის წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტემპერატურის დროს ძმრიანი წინდების გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს:
„არ ვაღიარებთ ძმრიან წინდებს, თუმცა ვაღიარებთ დაზელვას, ფიზიკური მეთოდებით გაგრილებას. უნდა გამოვიყენოთ წყალში დასველებული პირსახოცი. შეგვიძლია დავადოთ შუბლზე ან მთლიანად დავზილოთ ბავშვი. ტემპერატურის დროს რეკომენდაციას ვაძლევთ შხაპის ქვეშ ნელ-ნელა გაგრილებას. ვიწყებთ თბილი წყლით და ნელ-ნელა ვაგრილებთ სხეულის ტემპერატურამდე, 36,6 გრადუსამდე მაქსიმუმ.“
ანა მაღრაძის თქმით, სეზონური კვება ბავშვის ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს:
„ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ ხილის წვენი, მაგრამ, რა თქმა უნდა, წყალთან განზავებული. შესთავაზეთ სეზონური ხილი. ხილის წვენი უნდა იყოს აუცილებლად ნორმირებული და დოზირებული. ერთი ფორთოხლისგან რა წვენიც გამოვა, საკმარისია.“
„ბავშვმა რომ შეჭამოს ორი-სამი ლუკმა ყველაფერი, რაც მის რაციონს ეკუთვნის, დამატებით ვიტამინების მიცემა მას აღარ დასჭირდება. ბავშვები რაღაცით მაინც ინაზღაურებენ ხოლმე ამ დანაკლისს. თუ ბავშვს დიდი რაოდენობით ტკბილეულს არ მივცემთ, მას მეტი მოთხოვნილება ექნება კვებაზე. ნახშირწყლებით ნაკლებად დავტვირთოთ ბავშვი და შევთავაზოთ სწორი რაციონი,“ - აღნიშნულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.