Baby Bag

​5 საუკეთესო პროდუქტი გრიპისა და გაციების წინააღმდეგ

​5 საუკეთესო პროდუქტი გრიპისა და გაციების წინააღმდეგ
მშობლები ძალიან ღელავენ, როდესაც შვილებს გრიპის ან გაციების არასასიამოვნო სიმპტომებს ​შენიშნავენ. ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებაზე ზრუნვა მსგავსი უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. აუცილებელია პატარებს ხშირად მიაწოდოთ ისეთი საკვები პროდუქტები ან სითხეები, რომლებიც მათ გრიპისა და გაციების დამარცხებაში შეუწყობს ხელს, გარდა ამისა სწორი კვებით სეზონური ვირუსებისა და გრიპების პრევენციაც არის შესაძლებელი.

სოლიდური ძილის რეჟიმი და ჯანსაღი კვება ძლიერი იმუნური სისტემის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. გთავაზობთ იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მირთმევა ბავშვებს გრიპისა და გაციების სწრაფად დამარცხებაში დაეხმარება.

იოგურტი

ბავშვის ორგანიზმი პრობიოტიკებით რეგულარულად უნდა მოამარაგოთ. პრობიოტიკი სასარგებლო ბაქტერიაა, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს. ის მავნე მიკროორგანიზმებსა და ვირუსებს ორგანიზმიდან გამოდევნის და ნაწლავური ფლორის სიჯანსაღეს იცავს. იოგურტი და კეფირი ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება. თუ თქვენი შვილი მათ მიღებაზე კატეგორიულ უარს გიცხადებთ, დახმარებისთვის პედიატრს მიმართეთ. ის პრობიოტიკების ალტერნატიულ წყაროს შემოგთავაზებთ.

ტკბილი კარტოფილი

ტკბილი კარტოფილი გარდა იმისა, რომ საკვებად გემრიელია, დიდი რაოდენობით ვიტამინ A-საც შეიცავს, რომელიც თავის მხრივ, პირის ღრუს, სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ვიტამინია. ნახევარი ფინჯანი ტკბილი კარტოფილი ბავშვისთვის საჭირო ვიტამინ A-ს დღიურ დოზას შეიცავს. ვიტამინ A-ს მაღალი შემცველობით გამოირჩევა შემდეგი პროდუქტებიც: სტაფილო, წითელი წიწაკა, მანგო და ატმის ჩირი.

ღორის და საქონლის ხორცი

ხორცი დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს. პროტეინს იმუნური სისტემის სიჯანსაღეზე უდიდესი გავლენის მოხდენის უნარი აქვს. ღორისა და საქონლის ხორცი თუთიის საკმაოდ მაღალი შემცველობითაც გამოირჩევა. ეს უკანასკნელი კი ორგანიზმში ლიმფოციტების წარმოების პროცესს უწყობს ხელს, რომელიც თავის მხრივ იმუნური სისტემის გაჯანსაღებას უზრუნველყოფს. თუთიას დიდი რაოდენობით შეიცავს კეშიუ და თურქული ბარდაც.

ქათმის ბულიონი

ბებიები არ ცდებიან, როდესაც დაბეჯითებით ამბობენ, რომ ბულიონს დასუსტებული ორგანიზმის გაჯანსაღების საოცარი უნარი აქვს. კვლევებით დასტურდება, რომ ქათმის ბულიონის რესპირატორული ვირუსული ინფექციების დასამარცხებლად გამოყენება ძალიან ეფექტურია.

თბილი სითხეები

ადამიანთა უმრავლესობა ერთხმად აღნიშნავს, რომ გაციების ან ვირუსული ინფექციების დროს თბილი სითხეების მიღება მათი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. სითხეების დახმარებით სურდოს, ყელის ტკივილის, სისუსტისა და თავბრუსხვევის დამარცხება შეგიძლიათ. პატარებისთვის სასარგებლო თბილი სითხის მოსამზადებლად უკოფეინო ჩაი და მცირედი თაფლი გამოიყენეთ. მალევე დარწმუნდებით, რომ ბავშვს ყელის ტკივილი და ხველება შეუმცირდება.


ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ბავშვს არამხოლოდ გაციების ან გრიპის დროს, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც უნდა მისცეთ, რათა იმუნური სისტემა გაუძლიეროთ. ძლიერი იმუნიტეტის დახმარებით გრიპისა და გაციების პრევენციას მარტივად შეძლებთ.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

​სასურველია თუ არა თაფლიანი წყლის უზმოზე მიღება? - ყველაფერი, რაც თაფლზე უნდა ვიცოდეთ

​სასურველია თუ არა თაფლიანი წყლის უზმოზე მიღება? - ყველაფერი, რაც თაფლზე უნდა ვიცოდეთ

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა თაფლზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

თაფლი გამოირჩევა მრავალი სასარგებლო თვისებით. იგი აძლიერებს:

  • ნივთიერებათა ცვლას
  • ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდულ მოქმედებას
  • აჩქარებს ქსოვილების აღდგენას
  • ასტიმულირებს შინაგანი ორგანოების მუშაობას
  • აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას
  • ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
  • გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი
  • ასევე არის მძლავრი ანტიოქსიდანტი. 

აქვე უნდა გვახსოვდეს დადებითი თვისებების მიუხედავად, თაფლი მიეკუთვნება ალერგიულ პროდუქტს, ამიტომ ბავშვთა ასაკში თაფლის რაციონში შეტანა ხდება დაახლოებით ორი წლიდან. სასურველია, მცირე ულუფებით მივაწოდოთ ბავშვს და დავაკვირდეთ ალერგიული რეაქციების არსებობა/არარსებობას.

თაფლი გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულით. მდიდარია სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, ფერმენტებით და ანტიმიკრობული ნივთიერებებით.
წარმოშობის მიხედვით ორი სახეობის თაფლი შეიძლება შეგვხვდეს: მონო ან პოლიფლორული. მონოს მიეკუთვნება: აკაციის, მზესუმზირის, ცაცხვის ან სხვა რომელიმე მცენარისგან მიღებული თაფლი, ხოლო პოლიფლორულია თაფლი, რომელიც სხვადასხვა მცენარისგან ან მინდვრის სხვადასხვა ყვავილისგან არის მიღებული.
რა რაოდენობით თაფლის მიღება არის რეკომენდებული დღიურად? 

​მოზრდილთათვის სადღეღამისო ნორმაა 60-100 გრამი, სასურველია, განაწილდეს რამდენიმე მიღებაზე. ბავშვთა ასაკში კი რეკომენდებული რაოდენობა ორჯერ ნაკლებია. თაფლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში.
მოსახელობიაში პოპულარობით სარგებლობს თაფლიანი წყალი. თაფლიანი წყლის მიღების დროსაც თავისთავად თაფლს ყველა მისი სასარგებლო თვისება უნარჩუნდება, მეტიც ათვისებისთვის, შეწოვივისთვის თაფლიანი წყალი უკეთ შეიწოვება. 

​სასურველია თუ არა თაფლიანი წყლის უზმოზე მიღება? 

​შეიძლება, მაგრამ უპირატესობა უზმოზე ენიჭება ონკანის სუფთა წყალს, ხოლო თაფლიანი წყლის მოყვარულებს იგი შეგიძლიათ კვებებს შორის მიიღოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად