Baby Bag

გავასინჯოთ თუ არა პატარას პასტა - იტალიელების რჩეული კერძი ჩვილებისათვის

გავასინჯოთ თუ არა პატარას პასტა - იტალიელების რჩეული კერძი ჩვილებისათვის

გავასინჯოთ თუ არა პატარას, იტალიელების რჩეული კერძი პასტა? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

„რა კერძი გაგონდებათ, როცა გესმით სიტყვა იტალია?

დარწმუნებული ვარ, თქვენს მეხსიერებაში პიცა და პასტა ამოტივტივდება.

პასტა მაკარონია?

არა! პასტა გამშრალი ცომისაგან მომზადებული სხვადასხვა სიგრძისა და ფორმის მქონე მასალაა, რომლის ერთ-ერთი სახეობა მაკარონია, ის მსხვილი, ლულოვანი პასტაა.

ბევრი მკვლევარი პასტის ევროპაში შეტანას მე-13 საუკუნეში მარკო პოლოს ჩინეთში მოგზაურობას უკავშირებს. როგორც ამბობენ, სწორედ მან ჩამოიტანა აზიური მოგზაურობიდან ეს პროდუქტი და იტალიელებს გააცნო.

თუმცა ცნობილ მოგზაურს ამ შრომას ბევრი მეცნიერი სულაც არ უფასებს, რადგან მათი მონაცემებით, პირველი ცნობები მაკარონის შესახებ ჩვ.წ აღ-თ პირველ საუკუნეში მოიპოვება.

ვარაუდობენ, პასტას რომაელები ბევრად უფრო ადრეც ამზადებდნენ.

ციცერონი იხსენიებს საყვარელ კერძს ლაგანუმს, რომელიც წვრილად დაჭრილი ცომისაგან მზადდებოდა.

ბერძნების მიერ ნეაპოლის დაარსების შემდეგ ადგილობრივ სამზარეულოში მათ აღმოაჩნიეს ფქვილოვანი ნაწარმი, რომელსა „მაკარია“ დაარქვეს. ვარაუდობენ, რომ მაკარონის ნათლიებიც სწორედ ისინი გახდნენ.

ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ევროპაში პომიდორი გამოჩნდა და იტალიელებმა საყვარელი კერძი ნამდვილ დელიკატესად აქციეს. ამავე პერიოდში მათ ცომის საჭრელი დანადგარებიც გამოიგონეს და პასტა გაცილებით ადვილადსაწარმოებელი და ხელმისაწვდომი პროდუქტი გახადეს.

იტალიელების დიდი ნაწილი დღესაც შინ ამზადებს გემრიელ, სასარგებლო პასტას.

ასე, რომ პასტა ყოველი იტალიელის საყვარელი კერძი და ეროვნული სამზარეულოს მთავარი შემდგენელი ნაწილია. იმდენად საყვარელი, მუზეუმიც რომ გაუხსნეს რომში.

მისი წარმოებისათვის სპეციალური, ე.წ. მყარი ჯიშის ხორბლის მაღალი ხარისხის ფქვილი გამოიყენება და ფლობს ყველა იმ თვისებას, რასაც ხორბალი - შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების ნაკრებს, თუთიას, სპილენძს, მაგნიუმს, კალციუმს, ფოსფორს, უჯრედისს და რაც მთავარია, 100 გრამზე მხოლოდ 350 კკალ ენერგიას.

პასტას მხოლოდ სტანდარტული მყარი ხორბლის ფქვილისაგან არ ამზადებენ. იყენებენ წიწიბურას, სემოლინას (მანანის ბურღულს), ბრინჯს, რაც გლუტენის აუტანლობის დროს საუკეთესო პროდუქტია.

შეიძლება თუ არა მივცეთ პასტა ჩვილს?

რატომაც არა! მაგრამ თუ პატარას გლუტენის აუტანლობა აქვს, მისთვის ხორბლის ფქვილისაგან მომზადებული ნაწარმის მიცემა არ შეიძლება.

საბავშვო პასტა შეგიძლიათ ისევე მოამზადოთ, როგორც იტალიელებს უყვართ - პომიდვრის სოუსით, ავოკადოთი, ისპანახით, სხვადასხვა ბოსტნეულით, ყველით, ხორცით. ის საუკეთესო დამატებითი საკვებია.

ასე, რომ არჩევანი თქვენზეა,“ - აღნიშნავს პედიატრი.

იხილეთ ასევე:

შესთავაზეთ თქვენს პატარას პასტა ბოსტნეულის სოუსითა და ყველით (10 თვიდან)

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს ნუშურები, ე.წ. გლანდები აქვს ამოსაჭრელი? - MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ნანა საპანაძე

​რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს ნუშურები, ე.წ. გლანდები აქვს ამოსაჭრელი? - MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ნანა საპანაძე

რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს ნუშურები, ე.წ. გლანდები აქვს ამოსაჭრელი, როგორ უნდა მოვუაროთ ოპერაციის შემდეგ და როგორი უნდა იყოს ბავშვის კვება? - ამ თემებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ნანა საპანაძე.

„თავდაპირველად განვიხილოთ რა არის გლანდები. სამედიცინო ტერმინოლოგიით ეს ნუშურებია. ნუშურები, იგივე ტონზილები, ხახის ცხვირის ნაწილის ლორწოვანის სისქეში, მის უკანა კედელზე და ლულის ხვრელის ირგვლივ არსებული კარგად განვითარებული ლიმფოიდური ქსოვილია. რაც შეეხება მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული ტერმინს - „გლანდები“, იგი ნუშურების ლათინური სახელწოდებიდან - „გლანდულადან“ მომდინარეობს. „გლანდულა“ ჯირკვალს ნიშნავს, თუმცა ნუშურების მიმართ ეს სახელწოდება რამდენადმე არასწორია, რადგანაც ტონზილები არც სტრუქტურულად და არც ფუნქციურად ჯირკვლები არ არის (ისინი არც ენდოკრინული, ანუ შინაგანი სეკრეციის და არც ეგზოკრინული - სპეციალური მილის - სადინარის დახმარებით გარეთ გამომყოფი ჯირკვლები არაა)“ - ნანა საპანაძე.
- ზოგადად რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნუშურების, ე.წ. გლანდებისა და ადენოიდების არსებობა ადამიანისთვის?
- ნუშურები იმუნური სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ლიმფოიდური ქსოვილია. მათ დამცველობითი და გარკვეულწილად სისხლმბადი ფუნქციაც აქვთ (მათში ლიმფოციტები წარმოიქმნება).
ტონზილების იმუნოლოგიური როლი სრულად ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული, თუმცა დადგენილია, რომ ისინი ინფექციის გზაზე პირველი დამცავი რგოლი და მთავარი დარაჯია.
რაც შეეხება ადენოიდებს, ადენოიდები ცხვირის ძგიდესა და ხახის კედელს შორის არსებული ლიმფური ქსოვილია. სტრუქტურით ნუშურა ჯირკვლებს ჰგავს, თუმცა მათი დაავადებები განსხვავებულ პრობლემებს იწვევს. ადენოიდების ძირითადი დანიშნულება, ისევე როგორც ნუშურა ჯირკვლებისა, იმუნოგლობულინების წარმოქმნა და ადგილობრივი იმუნიტეტის ფორმირებაა. ისინი უცხო ანტიგენებისგან ორგანიზმის დაცვის პირველად რგოლს წარმოადგენენ, მარტივად რომ ვთქვათ, ინფექციას ზედა სასუნთქ გზებში აკავებენ და ქვედაში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.
ერთობლიობაში რომ განვიხილოთ, ნუშურები და ადენოიდები წარმოადგენს ადამიანის იმუნურ დაცვაში მონაწილე და ინფექციისაგან დამცავ ერთიან რგოლს, თუმცა, ზოგჯერ, ტონზილებიც და ადენოიდებიც, თავად ხდებიან ინფექციის წყარო და იმდენად იმატებენ ზომაში, რომ აფერხებენ სუნთქვის პროცესსაც.
- რა ჩივილები ახლავს თან და რატომ შეიძლება გახდეს საჭირო მისი ამოჭრა?
- გადიდებული ადენოიდები უმეტესად ახშობს ჰაერგამტარ გზებს, რასაც მივყავართ სუნთქვის ძილისმიერ დარღვევამდე: ძილის ობსტრუქციულ აპნოემდე, ძილის ობსტრუქციულ ჰიპოპნოემდე და ზედა სასუნთქი გზების რეზისტენტობის სინდრომამდე. ამ მდგომარეობებს ძილის დროს სუნთქვის გაძნელება და/ან რამდენიმე წამით სუნთქვის შეწყვეტა ახასიათებს. აგრეთვე იწვევს შუა ყურის მორეციდივე ინფექციას, დამსკდარი ტუჩებისა და მშრალი პირის სინდრომს. შუა ყურის მორეციდივე ინფექცია, თავის მხრივ, სმენის დაქვეითებისა და დაკარგვის წინაპირობაა. მუდმივად პირით სუნთქვის გამო ფორმას იცვლის პირის ღრუ და სასა, წინ წამოიწევს და მიმართულებას იცვლის ზედა წინა კბილები. მედიცინაში ეს ადენოიდური სახის სახელით არის ცნობილი.
- რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს გლანდები აქვს ამოსაჭრელი?
- მწვავე ტონზილიტს ხალხში უფრო ანგინად იცნობენ. მწვავე ტონზილიტს უმეტესად ვირუსები იწვევს (დაახლოებით 80%), შედარებით იშვიათად - ბაქტერია, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და სხვა სტრეპტოკოკები, ძალზე იშვიათად - მიკოპლაზმა და ქლამიდია. მწვავე ტონზილიტის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 2-4 დღემდე გრძელდება. იწყება მწვავედ, ტემპერატურის 37,5-39 °C-მდე მომატებით, შემცივნებით, ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, ყელის და კუნთების ტკივილიც ერთვის. ბავშვი შესაძლოა, შეაწუხოს გულისრევამ, მუცლის ტკივილმა, ღებინებამ. გაურთულებელი მიმდინარეობისას დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები, როგორებიცაა: ცხელება, ინტოქსიკაცია, ანთებითი ცვლილებები ტონზილებში სწრაფად ქრება, ნორმალიზდება სისხლის სურათიც. ლიმფური კვანძების გადიდება შეიძლება 10-12 დღე გაგრძელდეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საშიშია არა თავად ანგინა, არამედ მისი შესაძლო გართულებები: გულის მუშაობის დარღვევა, ტკივილი გულის არეში და გულის რიტმთან დაკავშირებული პრობლემები, თირკმელების, ღვიძლის, სისხლძარღვთა სისტემის, კანის, ფარისებრი ჯირკვლის, სახსრების ფუნქციის მოშლა. ამ გართულებების თავიდან არიდება რომ მოხდეს, საჭიროა, დროულად მივმართოთ ექიმს და დავიწყოთ მკურნალობა, სანამ ანგინა საშიშ გართულებაში გადაიზრდება. რიგი ფაქტორების გამო, როგორებიცაა: ორგანიზმის სისუსტე, ძლიერი გამომწვევი, არასწორი მკურნალობა, დაავადების ნებაზე მიშვება, თანმხლები ქრონიკული დაავადებები მწვავე ტონზილიტი შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს.

ქრონიკული ტონზილიტის დროს ჩივილები, წესისამებრ, მკვეთრად გამოხატული არ არის. ყველაზე ხშირად აღინიშნება ხშირი ანგინა ანამნეზში. ავადმყოფი უჩივის არასასიამოვნო სუნს პირიდან, ყლაპვისას ყელში უსიამოვნო ან უცხო სხეულის შეგრძნებას, სიმშრალეს, ჩხვლეტას, თუმცა ეს არა მარტო ქრონიკული ტონზილიტის, არამედ სხვადასხვა ფორმის ფარინგიტის სიმპტომებიც არის. ხშირად უჩივიან ადვილად დაღლას, მოთენთილობას, თავის ტკივილს, შრომის უნარის დაქვეითებას, სუბფებრილურ ტემპერატურას, სახსრების ტკივილს, გულისცემის გახშირებას, ტკივილს გულის არეში. ასეთ შემთხვევებში საჭიროა რადიკალური ჩარევა.
ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ტონზილიტებისა და ადენოიდების არსებობას ახლავს, არის გადაწყვეტილების მიღება, როდის უნდა ჩატარდეს ტონზილექტომია, იგივე, გლანდების ამოკვეთა ან ადენექტომია (ტონზილების და ადენოიდების ოპერაციული გზით მოშორება). ამ საკითხს წყვეტენ პედიატრი და ლარინგოლოგი, ურთიერთშეთანხმებით.
ადენოტონზილექტომის (ტონზილების და ადენოიდების ამოკვეთა) უნდა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
მიმდინარე წელს, ბავშვს ჰქონდა ექიმის მიერ დადსტურებული, მწვავე ტონზილიტის 7 ეპიზოდი, წინა წელს 5 და მის წინა წელს 3 ეპიზოდი. ან ტონზილები და ადენოიდები იმ ზომისაა, რომ კეტავს სასულის შესასვლელს და ხელს უშლის სუნთქვას. ასეთ დროს, ხშირად ვითარდება ე.წ. ძილის აპნოე.
- ოპერაციის შემდეგ როგორ უნდა მოვუაროთ? სისხლდენის შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ?
- რაც შეეხება პოსტოპერაციულ მოვლას. ამ საკითხზე დაწვრილებით გესაუბრებათ ექიმი ოპერაციის შემდეგ, თუმცა ახლა შეიძლება რამდენიმე ზოგად საკითხზე შევჩერდეთ.
ტკივილი - პოსტოპერაციული ტკივილი ასაკის მიხედვით ინდივიდუალურია. ბავშვს ექიმის დანიშნულების შესაბამისად აძლევთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს. აუცილებელია მკაცრად მიჰყვეთ დანიშნულებას, არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზასა და მედიკამენტის მიცემის შუალედებს.
- როგორი უნდა იყოს ბავშვის კვება?
- კვება მნიშვნელოვანი საკითხია. აუცილებელია ზედმიწევნით მისდიოთ ექიმის რეკომენდაციებს. აქაც ზოგადი რჩევების სახით შემიძლია გითხრათ:

  • აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება;
  • საკვები არ უნდა ცხელი, თბილი, მჟავე, ცხარე და მყარი;
  • პირველ დღეებში რძის პროდუქტები, მაგალითად, ვანილის ნაყინი (შოკოლადის, ხილისა და ვაფლის გარეშე), იოგურტი, მაწონი, ცივი რძე. შემდეგ დღეებში ფაფა, პიურე და ა.შ.
თქვენ მკითხეთ სისხლდენის შესახებ. პოსტოპერაციული სისხლდენა იშვიათი, თუმცა მაინც შესაძლებელი გართულებაა, ამიტომ აუცილებელია მშობელმა ზუსტად დაიცვას მოვლის და კვების წესები. სისხლდენა უმეტესად გამოწვეულია პაციენტის უჭმელობით, დასუსტებით ან რეჟიმის დარღვევით. როცა ბავშვი ტკივილისა და უმადობის გამო დიეტის შესაბამისად არ იკვებება, სასის ტონზილარულ ნიშაში ჩნდება ნადები, რომელიც თანდათან სქელდება (ნორმალური კვების შემთხვევაში მას ლუკმები ჩამორეცხავს) და ხველების ან ჭამის დროს ერთბაშად სცილდება. ჭრილობა შიშვლდება და იწყება სისხლდენა. თუ ის უმნიშვნელოა, მცირედი ჩარევითაც შეჩერდება, მაგრამ თუ ძლიერია, ღებინება და საერთო სისუსტეც ერთვის, აუცილებელია სპეციალისტის დროული ჩარევა სტაციონარის პირობებში.
მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს პირველი დახმარების წესები:
უპირველეს ყოვლისა, უნდა წამოსვას ბავშვი და ნიკაპის ქვეშ ყინული მიადოს; აჭამოს ნაყინი; ყელში გამოავლოს მაცივარის წყალი, მერე კი აუცილებლად წაიყვანოს იმ კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა; თუ პაციენტი მეტისმეტად სუსტადაა, ფეხზე დგომა უჭირს, თავბრუ ეხვევა და თვალთ უბნელდება, გვერდზე (აუცილებლად გვერდზე) უნდა დავაწვინოთ და მხოლოდ ღებინების შემთხვევაში წამოვაყენოთ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინერე, აუცილებელია თქვენს ბავშვზე პედიატრისა და საჭიროების შემთხვევაში ლარინგოლოგის მეთვალყურეობა, რათა დროულად აღმოიფხვრას ადენოიდებთან და ნუშურებთან დაკავშირებული პრობლემები.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად