Baby Bag

გავასინჯოთ თუ არა პატარას პასტა - იტალიელების რჩეული კერძი ჩვილებისათვის

გავასინჯოთ თუ არა პატარას პასტა - იტალიელების რჩეული კერძი ჩვილებისათვის

გავასინჯოთ თუ არა პატარას, იტალიელების რჩეული კერძი პასტა? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

„რა კერძი გაგონდებათ, როცა გესმით სიტყვა იტალია?

დარწმუნებული ვარ, თქვენს მეხსიერებაში პიცა და პასტა ამოტივტივდება.

პასტა მაკარონია?

არა! პასტა გამშრალი ცომისაგან მომზადებული სხვადასხვა სიგრძისა და ფორმის მქონე მასალაა, რომლის ერთ-ერთი სახეობა მაკარონია, ის მსხვილი, ლულოვანი პასტაა.

ბევრი მკვლევარი პასტის ევროპაში შეტანას მე-13 საუკუნეში მარკო პოლოს ჩინეთში მოგზაურობას უკავშირებს. როგორც ამბობენ, სწორედ მან ჩამოიტანა აზიური მოგზაურობიდან ეს პროდუქტი და იტალიელებს გააცნო.

თუმცა ცნობილ მოგზაურს ამ შრომას ბევრი მეცნიერი სულაც არ უფასებს, რადგან მათი მონაცემებით, პირველი ცნობები მაკარონის შესახებ ჩვ.წ აღ-თ პირველ საუკუნეში მოიპოვება.

ვარაუდობენ, პასტას რომაელები ბევრად უფრო ადრეც ამზადებდნენ.

ციცერონი იხსენიებს საყვარელ კერძს ლაგანუმს, რომელიც წვრილად დაჭრილი ცომისაგან მზადდებოდა.

ბერძნების მიერ ნეაპოლის დაარსების შემდეგ ადგილობრივ სამზარეულოში მათ აღმოაჩნიეს ფქვილოვანი ნაწარმი, რომელსა „მაკარია“ დაარქვეს. ვარაუდობენ, რომ მაკარონის ნათლიებიც სწორედ ისინი გახდნენ.

ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ევროპაში პომიდორი გამოჩნდა და იტალიელებმა საყვარელი კერძი ნამდვილ დელიკატესად აქციეს. ამავე პერიოდში მათ ცომის საჭრელი დანადგარებიც გამოიგონეს და პასტა გაცილებით ადვილადსაწარმოებელი და ხელმისაწვდომი პროდუქტი გახადეს.

იტალიელების დიდი ნაწილი დღესაც შინ ამზადებს გემრიელ, სასარგებლო პასტას.

ასე, რომ პასტა ყოველი იტალიელის საყვარელი კერძი და ეროვნული სამზარეულოს მთავარი შემდგენელი ნაწილია. იმდენად საყვარელი, მუზეუმიც რომ გაუხსნეს რომში.

მისი წარმოებისათვის სპეციალური, ე.წ. მყარი ჯიშის ხორბლის მაღალი ხარისხის ფქვილი გამოიყენება და ფლობს ყველა იმ თვისებას, რასაც ხორბალი - შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების ნაკრებს, თუთიას, სპილენძს, მაგნიუმს, კალციუმს, ფოსფორს, უჯრედისს და რაც მთავარია, 100 გრამზე მხოლოდ 350 კკალ ენერგიას.

პასტას მხოლოდ სტანდარტული მყარი ხორბლის ფქვილისაგან არ ამზადებენ. იყენებენ წიწიბურას, სემოლინას (მანანის ბურღულს), ბრინჯს, რაც გლუტენის აუტანლობის დროს საუკეთესო პროდუქტია.

შეიძლება თუ არა მივცეთ პასტა ჩვილს?

რატომაც არა! მაგრამ თუ პატარას გლუტენის აუტანლობა აქვს, მისთვის ხორბლის ფქვილისაგან მომზადებული ნაწარმის მიცემა არ შეიძლება.

საბავშვო პასტა შეგიძლიათ ისევე მოამზადოთ, როგორც იტალიელებს უყვართ - პომიდვრის სოუსით, ავოკადოთი, ისპანახით, სხვადასხვა ბოსტნეულით, ყველით, ხორცით. ის საუკეთესო დამატებითი საკვებია.

ასე, რომ არჩევანი თქვენზეა,“ - აღნიშნავს პედიატრი.

იხილეთ ასევე:

შესთავაზეთ თქვენს პატარას პასტა ბოსტნეულის სოუსითა და ყველით (10 თვიდან)

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად