Baby Bag

„ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“ - Naec-ის დირექტორი

„ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“ - Naec-ის დირექტორი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, ყველა ცვლილება, რომელიც საგამოცდო სისტემას შეეხება, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება და გადაწყვეტილების მიღებისთანავე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
„ჩვენი სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, მათ შორის არის, არსებული სისტემის კვლევა და ანალიზი. პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლები - ყველა დაინტერესებული მხარე. არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა და სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კონკრეტული სიახლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება ოფიციალური საშუალებებით. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძირეული ცვლილებები არ იქნება. ცვლილება მხოლოდ ოთხი გამოცდის (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) ტესტის ფორმატს ​შეეხო. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებული ვიდეოკონკურსი გრძელდება

მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებული ვიდეოკონკურსი გრძელდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი სახელწოდებით „არა კიბერბულინგს!“ გრძელდება!

კიბერბულინგის დეფინიცია:

კიბერბულინგი, იგივე ონლაინბულინგი ან კიბერდევნა ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, ადევნებას და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული რეგულარობით ხორციელდება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. კიბერბულინგის მსხვერპლი გახლავთ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც ამცირებენ, აშანტაჟებენ ან აშინებენ ძალადობრივი სახის ციფრული შეტყობინებების, კომენტარების და/ან პირადი სახის არასათანადო, დამამცირებელი და/ან პირადული შინაარსის ვიდეოების, ფოტოების ან კომენტარების გავრცელებით სოციალურ ქსელში.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს და გრძელდებოდეს არანაკლებ 3 წუთისა. ვიდეოს გადაღება უნდა მოხდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებლის, ან მასწავლებელთა ჯგუფის ჩართულობით. საკონკურსო ვიდეოები უნდა აიტვირთოს ვებპორტალზე https://www.youtube.com/ და ბმული გაზიარდეს ელექტრონულ მისამართზე [email protected] *. ბმულების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით (დასაშვებია ანიმაციური ხასიათის ვიდეობიც).

ვიდეოს შინაარსი:

ვიდეო უნდა მოიცავდეს კიბერბულინგის და მასთან დაკავშირებული საფრთხეების თემატიკას, მოზარდების ურთიერთობას ციფრულ სივრცეში და ამ ურთიერთობების ეთიკას.

ვიდეოს შეფასების კრიტერიუმები:

1️⃣ თემასთან კავშირი
2️⃣ საკითხის სიმწვავე
3️⃣ მოსწავლეთა ჩართულობა
4️⃣ მასწავლებელთა ჩართულობა
5️⃣ ვიდეოგადაღების ხარისხი
6️⃣ ხმის ხარისხი/სმენადობა
7️⃣ მხატვრული მხარე/გამომსახველობითობა
8️⃣ ხანგრძლივობის პირობასთან შესაბამისობა.

*შენიშვნა: სხვა სახით გაზიარებული ვიდეოების განხილვა არ მოხდება

დაჯილდოება და პრიზი:

გამარჯვებული ვიდეორგოლი გამოვლინდება მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეექვსე კონფერენციაზე.

ვიდეორგოლის ავტორთა ჯგუფს პრიზად გადაეცემა ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი.

წაიკითხეთ სრულად