Baby Bag

„ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“ - Naec-ის დირექტორი

„ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“ - Naec-ის დირექტორი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, ყველა ცვლილება, რომელიც საგამოცდო სისტემას შეეხება, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება და გადაწყვეტილების მიღებისთანავე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
„ჩვენი სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება, მათ შორის არის, არსებული სისტემის კვლევა და ანალიზი. პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლები - ყველა დაინტერესებული მხარე. არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა და სამწუხაროა, რომ ამ ფონზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კონკრეტული სიახლის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება ოფიციალური საშუალებებით. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ტიპის ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდება“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძირეული ცვლილებები არ იქნება. ცვლილება მხოლოდ ოთხი გამოცდის (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) ტესტის ფორმატს ​შეეხო. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მე-7 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა - გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა

მე-7 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა - გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა.

მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მინისტრის 2018 წლის ბრძანების საფუძველზე მნიშვნელოვანი სიახლეებით წარიმართა.

მიმდინარე მასშტაბური რეფორმის ფარგლებში ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე (და არა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრებაზე), ასევე საგანთშორისი კავშირების გაძლიერებაზე, ცოდნათა ორგანიზებასა და ურთიერთდაკავშირებაზე. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად და ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად გამოცხადდა სახელმძღვანელოების კონკურსი VII კლასისთვის (ასევე დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისთვის, სადაც შარშან ვერ შეირჩა სახელმძღვანელოები), ამდენად, აქცენტები გაკეთდა სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფაზე.

პირველ რიგში, უფრო მეტი დრო მიეცათ გამომცემლებს სახელმძღვანელოების წერისთვის - მხოლოდ VII კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი; გარდა ამისა, მეტი დრო დაიხარჯა თავად ავტორების მომზადებაზეც: სახელმძღვანელოების ავტორებისთვის ჩატარდა საგნობრივი კონსულტაციები, რომლებიც უკავშირდება თავად საგნის სტანდარტის გააზრებას, ასევე შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებას; ასევე ჩატარდა თემატური სემინარები/სამუშაო შეხვედრები - რაშიც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები.

სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ გამოხატული მაღალი ნდობისა და სანდო რეპუტაციის საფუძველზე, სამინისტრომ თხოვნით მიმართა სახალხო დამცველის აპარატს, ჩართულიყვნენ გრიფირების პროცესში სპეციალისტები, რომლებიც სახელმძღვანელოებს შეფასებდნენ სხვადასხვა მიმართულებით:

  1. რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში;
  2. რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან;
  3. რამდენად გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების პრინციპები და სხვ.

გრიფირების პროცესში 14 საგანზე 75 განაცხადი გაკეთდა:

  • პირველი ეტაპი გადალახა 73-მა განაცხადმა; ხარვეზი ორ განაცხადს დაუდგინდა, რაც არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში და, შესაბამისად, გრიფირების შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა.
  • რეცენზირების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ანონიმურობის დარღვევის გამო, შემდეგ ეტაპზე კიდევ ორი განაცხადი ვერ გადავიდა,
  • ხოლო შინაარსობრივი და/ან ტექნიკური ხარვეზების განუხორციელებლობისა და კომისიისათვის მიუმართაობის გამო, გრიფირების პროცესს დამატებით კიდევ ექვსი განაცხადი გამოეთიშა.

ჯამში, გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა.

ახალი სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება.

სამინისტრომ უკვე დაიწყო დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისა და სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით და მზადაა გამომცემლების, ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2018-2019 წლების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლინდა სახელმძღვანელოები, რომლებიც მიუახლოვდნენ ან გადალახეს მინიმალური ზღვარი, მაგრამ ტექნიკური თუ სხვა ხარვეზების არსებობის გამო გრიფი ვერ მიიღეს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინტელექტუალური რესურსი არ დაიკარგოს საგანმანათლებლო სისტემისთვის და ხელმისაწვდომი იყოს პედაგოგებისთვის, რაც სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამ მიზნითაც უახლოეს პერიოდში სამინისტრო დაიწყებს კონსულტაციებს გამომცემლებთან და საავტორო ჯგუფებთან. 

წაიკითხეთ სრულად