Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა

სკოლების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა.

შესაბამისი ​ბრძანება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანების თანახმად,  მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა წინადადებების წარდგენის ვადად განისაზღვროს 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა წინადადების წარდგენა უნდა განახორციელონ მხოლოდ შემდეგ მასწავლებლობის მაძიებლებზე:

ა) მასწავლებლობის მაძიებლები, რომელთა ელექტრონული საქაღალდეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უკვე შეფასებულია დადებითად და ამის შესახებ წერილობით ეცნობა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 3 ივნისიდან 2020 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში და რომლებმაც 2020 წელს ჩააბარეს საგნის გამოცდა. 

ბ) მასწავლებლობის მაძიებლები, რომელთა ელექტრონული საქაღალდეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უკვე შეფასებულია დადებითად და ამის შესახებ წერილობით ეცნობა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 3 ივნისიდან 2020 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში და აღნიშნული პირების წინადადების წარდგენ ვერ მოხერხდა ტექნიკური ხარვეზის გამო.

წაიკითხეთ სრულად