მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მიუხვდნენ თავიანთ პატარებს მაშინ, როცა ისინი ჯერ ვერ ლაპარაკობენ. კომუნიკაცია ჩვილებთან საკმაოდ რთულია. თუმცა არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რას საჭიროებს ბავშვი კონკრეტულ მომენტში. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი მშობლებს კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე
მეთოდს, რომელიც სანამ პატარა ლაპარაკს ისწავლის, მისი საჭიროებების მიხვედრაში დაგეხმარებათ:
ტირილი
1.ტირილი ძილის გამო
ძილის ნაკლებობის გამო ყველა ადამიანი გაღიზიანებული და უხასიათოა. ასევე ხდება ბავშვებშიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურთ ძილი და ვერ ახერხებენ დაძინებას. ამ დროს მათ ახასიათებთ გრძელი, გაბმული ტირილი, რომლითაც წუწუნს და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
2. ტირილი შიმშილის გამო
თავიდან ეს „უბრალო“ ტირილია, თუმცა თუ მშობლის მხრიდან საჭირო რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა ისტერიულ ტირილშიც გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ამოძრავებს თავს, ასევე ტუჩების უჩვეულო მოძრაობით გამოსცემს ბგერებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს შია.
3. ტირილი ტკივილის გამო
ასეთ დროს ტირილი ჩვეულებრივზე მეტად ხმამაღალი და ხანგრძლივია. ტკივილის სიძლიერესთან ერთად იმატებს ისტერიულად ტირილიც. როდესაც ბავშვი იღლება, ტირილს დაბალ ხმაზე აგრძელებს.
4. ტირილი დისკომფორტის გამო
როდესაც ბავშვს ძალიან სცივა, სცხელა ან საფენის გამოცვლა სჭირდება, ტირილი უწყვეტი და ძალიან მწყრალია (ემოციური, გაბრაზებული). ასევე დისკომფორტს უკონტროლო მოძრაობებით და ხერხემალში მოხრითაც გამოხატავენ.
5. ტირილი, რომლითაც ახალშობილი თავისთან „გვიხმობს“
თუ ბავშვი 5-6-ჯერ წამოიტირებს, შემდეგ კი წყვეტს და 20 წამში ისევ აგრძელებს, სურს, ვინმემ ხელში აიყვანოს და გაართოს. თუ მასთან არავინ მივა ტირილის ციკლი ისევ გაგრძელდება.
6. ფსიქოლოგიური ხასიათის ტირილი
შებერილობის, გაზების, შარდვის ან დეფეკაციის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს დისკომფორტს, რასაც ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილით გამოხატავს.
7. ტირილი არასასურველი გარემოს გამო
ამ ტიპის ტირილი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ მოსწონს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ის ამ ჟესტით გამოხატავს უკმაყოფილებას.
მოძრაობა
1. ზურგის მოხრილობა (თაღოვანი)
ეს მოძრაობა 2 თვემდე ბავშვებში ძალიან სპეციფიკურია. შესაძლოა, იგი გამოწვეული იყოს, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ახალშობილი უკვე დანაყრებულია თუ ასე საკვების მიღების შემდეგ იქცევა. გარდა ამისა, 2 თვის შემდეგ ბავშვები ამ ჟესტით დაღლილობასაც გამოხატავენ.
2. მუშტის შეკვრა
როგორც წესი, ახალშობილები მუშტს კრავენ შიმშილის დროს. თუ თქვენი პატარას ეს ჟესტი არ გამოგეპარებათ, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ტირილი და სხვა სახის უსიამოვნება.
3. ყურზე ხელის ჩაჭიდება
ეს ჟესტი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი საკუთარ სხეულს იკვლევს და იძიებს ახალ დეტალებს. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება, უმჯობესია, საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს.
4. მხრის უცაბედი შეკუმშვა
ეს მოძრაობა ხშირია შიშის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ესმის ხმამაღალი ხმები ან ხედავს მკვეთრ შუქს.
5. თავის ბრუნვა
ბევრი ბავშვისთვის ეს მოძრაობა დამაწყნარებელია. როდესაც ძილისთვის ემზადებიან ან დამშვიდებას ცდილობენ, პატარები ამ ჟესტს მიმართავენ.
6. ფეხის აწევა
ეს მოძრაობა გამოხატავს მწვავე და ძლიერ ტკივილს. ასე ბავშვები ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამ ჟესტების ცნობა დაგეხამრებათ ზუსტად გაიგოთ, თუ რა სურს ბავშვს. მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნიკაციის სიმცირით გამოწვეულ სტრესს და ხელს შეუწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენსა და ახალშობილს შორის.
„თუ ბავშვს ეტყვი: „შენ ეს უნდა გააკეთო,“ ის არასდროს არ გაგიკეთებს ამას, უნდა დაეკითხო ჯერ ბავშვს,“ - მზიკო დალაქიშვილი
ფსიქოთერაპევტმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს უფროსსა და უმცროს შვილებს შორის ყურადღების გადანაწილების საუკეთესო მეთოდები გააცნო. მისი თქმით, ყველაზე კარგი გამოსავალია, როდესაც მშობელი უფროსს უმცროსზე ზრუნვაში თავს თანამონაწილედ აღაქმევინებს:
„ყველაზე კარგი გამოსავალია, როდესაც მშობელი თანამონაწილედ აღაქმევინებს ბავშვს თავს. ბავშვი არის მოსავლელი, გასაზრდელია, საჭმელი უნდა ვაჭამოთ, უნდა გამოვუცვალოთ, გავასეირნოთ. ყველაფერი უნდა მოხდეს ისე, რომ ერთად ვაკეთებთ ამას. იზოლირებულები კი არ ვართ, შენ ჩემთან ერთად ხარ და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. რას განიცდის ყველაზე ძალიან ადამიანი? მნიშვნელოვნების დაკარგვას. ბავშვი ფიქრობს, რომ ის ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის მშობლებისთვის. ჩვენ ვეუბნებით: „როგორ არა, შენ ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხარ. შენ უნდა მომეხმარო.“
მზიკო დალაქიშვილის თქმით, ყველა ბავშვი ბედნიერდება, როდესაც ისინი დიდების შესაფერის საქმეს აკეთებენ:
„ყველა ბავშვს მოსწონს, როდესაც დიდურ საქმეს აკეთებს. მეც ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მინდოდა უთო გამომეყენებინა, სათამაშო უთო არა, დიდის უთო. როდესაც ბავშვი გვეხმარება, ამ ყველაფერს აქვს თამაშის სახე. შენ ხომ მართლა დაუთოვებას არ მოსთხოვ პატარა ბავშვს.ამიტომ ვამბობ, რომ მიწოდების ფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.“
„თუ ბავშვს ეტყვი: „შენ ეს უნდა გააკეთო,“ ის არასდროს არ გაგიკეთებს ამას. უნდა უთხრა: „დე, შენ შეგიძლია, რომ ჩემთან ერთად იყო ახლა?“ უნდა დაეკითხო ჯერ ბავშვს. რაღაცას რომ დაავალებ, ვუთხრათ: „შენ რა კარგად გამიკეთე ეს.“ ამის შემდეგ ბავშვი კიდევ უფრო საჭიროდ თვლის საკუთარ თავს. ფიქრობს: ერთხელ თუ გამოვადექი მშობლებს, როგორი გამოსადეგი ადამიანი ვარ ზოგადად. მარტო დედას კი არა, მერე მოუნდება, რომ ბებოსაც დაეხმაროს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში შუადღე GDS-ზე ისაუბრა.