Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა პროცესები აქვს შემუშავებული მასწავლებლის სახლს იმ პედაგოგებისთვის, ვისაც წელს სურს წამყვანის სტატუსის მოპოვება?

რა პროცესები აქვს შემუშავებული მასწავლებლის სახლს იმ პედაგოგებისთვის, ვისაც წელს სურს წამყვანის სტატუსის მოპოვება?

„წელს იმ პედაგოგებისთვის, ვისაც წამყვანის სტატუსის მოპოვება სურს, მთელი რიგი პროცესები გვაქვს შემუშავებული,“  - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ​Moms.ge-სთან საუბრისას განაცხადა. 

„გამოცდა, რომელიც განკუთვნილი იქნება წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, წელს ვერ მოესწრება, რადგან უნდა შეიცვალოს მასწავლებლის სტანდარტი. ახალი სტანდარტი შემუშავებულია და განხილვის პროცესშია. წელს იმ პედაგოგებისთვის, ვისაც წამყვანის სტატუსის მოპოვება სურს, მთელი რიგი პროცესები გვაქვს შემუშავებული. მასწავლებლებს, რომლებსაც 15 კრედიტქულა აქვთ დაგროვებული, მათ შორის, სავალდებულო აქტივობები სრულად აქვთ განხორციელებული (2 სამოდელო გაკვეთილი და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა) და ყველაფერი წარმატებით დაუდასტურათ, გამონაკლისის სახით, სექტემბერიდან დეკემბრის ჩათვლით ეძლევათ გარე დაკვირვების გავლის უფლება, რის შედეგადაც წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, ვისაც წელს მიენიჭა უფროსის სტატუსი, მათ ახალი რეგულაციებით მოუწევთ სტატუსის შეცვლა. ჩვენ ვცდილობთ, არც ერთ მასწავლებელს არ დავუკარგოთ შრომა,- აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარ​ო“.
წაიკითხეთ სრულად