Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„რეგულირების წესის“ მიხედვით, მასწავლებელმა წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია მინიმუმ 7 კრედიტზე უნდა დაადასტუროს

„რეგულირების წესის“ მიხედვით, მასწავლებელმა წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია მინიმუმ 7 კრედიტზე უნდა დაადასტუროს

„მასწავლებლის რეგულირების წესის“ მიხედვით, 1 და 4 კრედიტზე გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს წინსვლის უფლება პირდაპირ არ ენიჭებათ. წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად უფროსმა მასწავლებელმა საგნობრივი კომპეტენცია მინიმუმ 7 კრედიტზე უნდა დაადასტუროს (50%-იანი საგნობრივი კომპეტენცია არის წინაპირობა იმისა, რომ მასწავლებელმა დაიწყოს წინსვლაზე ზრუნვა),“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ Moms.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პედაგოგს გამოცდა 1 ან 4 კრედიტზე ჰქონდა ჩაბარებული, გადაბარება მოუწევს:

საგნობრივი კომპეტენციის მინიმუმ 7 კრედიტზე დადასტურება არის წინაპირობა, რომ მასწავლებელს წინსვლის უფლება ჰქონდეს. ამის შემდეგ მან კომპლექსური შეფასება უნდა გაიაროს, რაც გულისხმობს როგორც წამყვანი მასწავლებლისთვის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. სკოლაში მივლენ პირები, რომლებიც დააკვირდებიან მასწავლებლის საგაკვეთილო პროცესს, შეაფასებენ პედაგოგის განხორციელებულ პროექტებს, მის ურთიერთობას კოლეგებთან, მოსწავლეებთან... კმაყოფილების დონე ინტერვიუებისა და გაკვეთილზე დაკვირვების გზით განისაზღვერება. სწორედ ამ გზით გახდება უფროსი მასწავლებელი წამყვანი, “ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.

იხილეთ ინტერვიუ ვრცლად ბმულზე - „კრედიტქულების დაგროვება ჯერჯერობით არ უქმდება“ - ბერიკა შუკაკიძე „მასწავლებლის რეგულირების წესსა“ და დაგეგმილ სიახლეებზე

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად