Baby Bag

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან, - ინფორმაციას ​აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ტრაგიკული შემთხვევა 2019 წლის 5 აპრილს მოხდა. პედაგოგს 11 ბავშვი ეზოში ჰყავდა გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა, სწრაფი რეაგირება მოახერხა და ისინი საფრთხეს განარიდა.

დაგორებული მანქანა ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მარინა კონცელიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული თავდადების გამო ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო წარმატება

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო წარმატება

საქართველოს უნივერსიტეტმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია INADR - საერთაშორისო მედიაციის ამერიკულ კონკურსში. სამართლის სკოლის გუნდი ფინალისტ 4 გუნდს შორის მოხვდა, ბოლო რაუნდში ირლანდიის ბელფასტის უნივერსიტეტს შეხვდა და დაამარცხა.

2019 წლის შეჯიბრი საბერძნეთში, ქ. ათენში, 14-17 მარტს ჩატარდა და მასში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის სკოლების 52 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი პირველი მონაწილე გუნდი იყო საქართველოდან.

განსაკუთრებული ისიც იყო, რომ ნახევარფინალში სამართლის სკოლის გუნდი ორივე ქვე-ჯგუფში გადავიდა: მედიატორებად და მომლაპარაკებლებად. UG-ის გუნდის გარდა მხოლოდ სამმა ამერიკული გუნდმა მიაღწია იგივე წარმატებას.

უნივერსიტეტის გუნდი სამი სამართლის სტუდენტისგან შედგებოდა: მარიამ თურმანიძე, ლაშა ლურსმანაშვილი და ანა ჯიქია. გუნდის ქოუჩები ნატა სტურუა და ანა ხურციძე იყვნენ.

ფინალში ერთადერთი არამშობლიურ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე გუნდი სწორედ საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი იყო და 4 ფინალისტიდან მეორე ადგილზე გავიდა. კონკურსში მომლაპარაკებელ გუნდებს შორის პირველი ადგილი აიღო ტორონტოს უნივერსიტეტმა, მეორე - საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, მესამე - ბელფასტის უნივერსიტეტმა და მეოთხე - ბერკლის სამართლის სკოლამ.

ეწვიეთ საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდს. 
წაიკითხეთ სრულად