Baby Bag

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან, - ინფორმაციას ​აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ტრაგიკული შემთხვევა 2019 წლის 5 აპრილს მოხდა. პედაგოგს 11 ბავშვი ეზოში ჰყავდა გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა, სწრაფი რეაგირება მოახერხა და ისინი საფრთხეს განარიდა.

დაგორებული მანქანა ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მარინა კონცელიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული თავდადების გამო ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

შეიძლება დაინტერესდეთ

სქესობრივი აღზრდის შესახებ გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები - სოფო კილაძე

სქესობრივი აღზრდის შესახებ გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები - სოფო კილაძე

სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია „ბავშვთა კოდექსში”, რომლის პროექტსაც კომიტეტი დღეს, 26 მარტს, განიხილავს:

„გადავწყვიტეთ, კანონპროექტში ჩაგვეწერა მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. რომელიმე მშობელს თუ უნდა თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს და ასე შემდეგ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას ან სხვა კონფესიებს, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხთან დაკავშირებით.

„უბრალოდ, მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? რა თქმა უნდა, არ შეიძლება“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

წაიკითხეთ სრულად