Baby Bag

განათლების სამინისტროს განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით

განათლების სამინისტროს განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

„ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება,“ - წერია უწყების მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები:

  • სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;
  • საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;
  • ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;
  • სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ;
  • მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;
  • დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);
  • ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით;
  • სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
  • ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;
  • სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;
  • სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ;
  • სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენობრივი შემეცნება,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენობრივი შემეცნება,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ადამიანის ცხოვრებაში მათემატიკის როლისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათემატიკური უნარი ყველა ადამიანს აქვს:

„ისევე როგორც ჩვენი ყველა დანარჩენი უნარი, მათემატიკური უნარიც ვიღაცას უფრო მეტი აქვს, ვიღაცას უფრო ნაკლები, მაგრამ ყველას აქვს. ძალიან ხშირად, ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ გვეშინია, თვითშეფასება გვაქვს დაბალი, არ გვინდა ვიღაცას ვაჩვენოთ, რომ ვართ სულელები, გვგონია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია. მათემატიკური უნარი ნამდვილად ყველას აქვს. ამას როგორც ფსიქოლოგი ვამბობ.“

„ვიღაცას აქვს ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიღაცას - ნაკლები. ვისაც არ აქვს ისეთი შესაძლებლობა, იმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამისგან სიამოვნება მიიღოს.​ მასწავლებელზეა ძალიან დამოკიდებული, მე აქედან სიამოვნებას მივიღებ თუ არა. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენობრივი შემეცნება. რაოდენობრივ შემეცნებას სჭირდება სიამოვნების დანახვა. ეს ჩვეულებრივი განცდა არ არის. უნდა დაინახო და გაიგო ეს სიამოვნება. ამ გაგებაში ძალიან დიდი როლი აქვს უფროს ადამიანს. ეს შეიძლება იყოს მშობელი, მასწავლებელი განსაკუთრებით, რომელიც დაგანახვებს, რომ ამ რიცხვების უკან არის მშვენიერება და შესაძლებლობა, რომ აღწერო სამყარო, რეალობა და გაუკეთო ინტერპრეტაცია. თუ ვერ დაინახე და ვერ გაიგე, ვერ ისიამოვნებ. ვისაც მოსწონს რიცხვები, იმისთვის სულ სხვა განცდებია და სხვა გზაა,” - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​M ვექტორი

წაიკითხეთ სრულად