Baby Bag

როგორ დაეხმარება განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში

როგორ დაეხმარება განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა emis წარმომადგენლები პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში.

პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებს უკვე გაეგზავნათ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ხელსაწყოების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო ვიდეო და ტექსტური სახით.
ასევე, 19 მარტიდან ამოქმედდება მხარდამჭერი სისტემა.

მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე.


▶ საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს, დახმარება გაეწიოს დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, უნდა დაიხმაროს ის თანამშრომლები ან/და მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას. ასევე, საჭიროა, რომ იდენტიფიცირებული პირების (თანამშრომლების/მაღალი კლასის მოსწავლეების) შესახებ ინფორმაცია ეცნობოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში გაეწიოთ შესაბამისი ტექნიკური დახმარება.

▶ იმ შემთხვევაში თუ სკოლაში იდენტიფიცირებული პირი (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) ვერ ახერხებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით სრულყოფილი კონსულტაციის გაცემას, რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იქნებიან მოხალისეები (ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის ,,ახალი სკოლის მოდელის" ტექნოლოგიების ექსპერტები), რომლებიც პროგრამა TEAMS-ის საშუალებით უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს და გასცემენ კონსულტაციებს Microsoft Office 365-ის პროდუქტებთან დაკავშირებით.

▶ აღნიშნული მოხალისეები თავად შექმნიან TEAMS-ში ვირტუალურ საკონსულტაციო სივრცეს, რომლის ბმულიც რესურსცენტრების საშუალებით გაზიარდება სკოლებში დღის ბოლომდე. აღნიშნული ბმულის საშუალებით სკოლაში იდენტიფიცირებული პირები (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) შეძლებენ საკონსულტაციო სერვისის მიღებას.

▶ 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით - Microsoft office 365-ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა.
▶ ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნაზე.
აღნიშნული საკლასო ოთახების ასახვა სისტემაში მოხდება ეტაპობრივად, მას შემდეგ, რაც მონაცემები სინქრონიზდება Microsoft-ის ღრუბლოვან სისტემაში.

▶ შედეგად, პროექტში მონაწილე სკოლები წარმატებულად გამოიყენებენ შეთავაზებული დისტანციური სწავლა-სწავლების ინსტრუმენტებს და დაეუფლებიან ამ ციფრული ინსტრუმენტების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენების უნარებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობას დისტანციური სწავლების სხვადასხვა ალტერნატიულ ფორმაზე, მათ შორის - პროექტი ტელე-სკოლა, დისტანციური ტრენინგები მასწავლებლებისთვის, ელექტრონული რესურსების გამრავალფეროვნება და სხვა.


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი ჯგუფი - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და შემოგვიერთდით - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს დაავადება განუკურნებელი არ არის“ - პაატა იმნაძე კორონავირუსზე

„ეს დაავადება განუკურნებელი არ არის“ - პაატა იმნაძე კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება და თეორია გავრცელდა, თუმცა ჯერ არ არის მეცნიერულად გამყარებული.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი არასპეციფიკურად დაიცვას აღნიშნული დაავადებისგან. ასეთი მოსაზრება იმიტომ არის, რომ ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, პატარებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის, ასევე ახალგაზრდებში. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ, ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ვითარება საყურადღებოა, თუმცა საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად. საპანიკო და თავზენაცარდასაყრელი არაფერი გვჭირს. დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 200 ადამიანზე ცოტა მეტი გარდაიცვალა და 200-მდე გამოჯანმრთლდა. ანუ დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება განუკურნებელი არ არის. ჯერ მონაცემები ცოტაა, ვირუსი არის სულ რაღაც ერთი თვის. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ამ დროისათვის ლეტალობა არის 2%-ის ფარგლებში. გაცილებით ნაკლები, ვიდრე ეს იყო წინა კორონავირუსების დროს. SARS-CoV-ის დროს ლეტალობა იყო თითქმის 10%, MERS-CoV-ის დროს - 30%-ზე მეტი. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ახალი კორონავირუსი ძალიან საყურადღებოა,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად 213 ადამიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 9 692-ს მიაღწია, აქედან 90 შემთხვევა ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

წაიკითხეთ სრულად